სწორედ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა იმ მტკიცებულებების კონცენტრირება და წარდგენა სათანადო ფორმით, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა. რუსეთი მხილებულია იმ დანაშაულებში, რაც 2008 წელს საქართველოში ჩაიდინა, – ამის შესახებ გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველის მოადგილის განცხადებით, თავის დროზე რადიკალური ოპოზიცია მათ იმასაც კი აბრალებდა, რომ ჰააგაში პროცესის გააქტიურება საომარ მოქმედებებში მონაწილე ქართველი სამხედროების დადანაშაულებას ითვალისწინებდა. ჰააგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კი ყველაფერს ნათელი მოეფინა.
„ვინ შეაგროვა ის ძირითადი მტკიცებულებები, რომელიც წარდგენილი იყო როგორც სტრასბურგის ასევე ჰააგის შესაბამისი ინსტიტუციების მიმართ? – სწორედ რომ „ქართული ოცნების“ პერიოდში შეგროვდა და ამაზე გახსოვთ, თეა წულუკიანმა ვრცლად ისაუბრა. ისკანდერის ნაწილები გადამალული იყო და საერთაშორისო პარტნიორებმა აღმოაჩინეს. იგი ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცებულება იყო, რომელიც წარედგინა როგორც სტრასბურგს, ასევე ჰააგას“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, საზოგადოებამ იხილა, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ჰააგის ტრიბუნალმა გუშინ და ამ თემას გაგრძელება ექნება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ჰააგის სასამართლოს მიერ, ოკუპირებული ცხინვალის სამ „მაღალჩინოსანზე“ დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირები ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.