ივანიშვილმა შექმნა სტანდარტი, ამ სტანდარტის მიხედვით, დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება მომავალში პროკურატურას, „ქართული ოცნების“ ყველა მინისტრი იქნება დაპატიმრებული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ყველა მერი და გამგებელი დაკავებული იქნება იმ სტანდარტით, რაც მან შექმნა“.
„სააკაშვილს, ისე როგორც თითოეულ ჩვენგანს, რას ედავებიან? ნაძვის ხეებივით დახუნძლეს საქმეებით, მაგრამ არც ერთი საქმე არ არის, როდესაც სახლში რაიმეს წაღებას გვედავებიან. მაშინ, როდესაც ვხედავთ „ქართული ოცნების“ მერებს და გამგებლებს, რომლებიც არა მარტო მკვდარ სულებს და საკუთარ პარტაქტივებს ასაქმებენ, არა მარტო ფლანგავენ, არამედ პირდაპირ იპარავენ. ვსაუბრობთ ხელისუფლებაზე, რომელმაც საკუთარ ცოლს ბაკურიანის ტყე აჩუქა. ვსაუბრობთ დასანქცირებულ მოსამართლეებზე, რომელთანაც სამართალი არაფერ შუაშია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და რაც მთავარია, 11 წლის თავზე ის ხალხი, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ მოსწონდათ, დაინახეს, რომ ხალხი, რომელმაც ქვეყანა მძევლად აიყვანა, ქვეყანა გააპარტახა, თურმე იმ ე.წ პიჯაკების საქმეზე – რა აბსურდზე ასამართლებენ სააკაშვილს. „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“. ბიძინა ივანიშვილი მაგ სტანდარტით 11 წელი ჩაჯდება, როგორც კი 2013 წლის ხარჯები, რომელსაც არ ასაჯაროვებენ, გასაჯაროვდება. პრემიერი ღარიბაშვილი მაგ სტანდარტით 10 წელი ციხეში ჩაჯდება. ნებისმიერი სხვა, რადგან არაფერი არ არის იქ განსხვავებული, რასაც არ აკეთებდა პრემიერობისას ივანიშვილი, ღარიბაშვილი და დანარჩენი პატიოსანი გვამები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ემსახურებიან“,- განაცხადა გიგი უგულავამ.