ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025

გიგა ჭიკაძე ქართველებზე-“როცა ჩვენ ვიბრძვით, ეს 3 მილიონი ადამიანი ერთიანდება. გილოცავთ მარიამობას!”

გიგა ჭიკაძემ UFC-ში ქართული ისტორია დაწერა. ქართველმა მებრძოლმა მთავარ ღონისძიებაზე, 5-რაუნდიან ბრძოლაში ბრაზილიელი ედსონ ბარბოზა მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ, გიგამ ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და მათ ქართულად მიმართა.

“ისინი დილით, ადრე, 5 საათზე იღვიძებენ იმისათვის, რომ ჩემს ბრძოლას უყურონ და მიგულშემატკივრონ. ყოველთვის, როცა ჩვენ [ქართველი მებრძოლები] ვიბრძვით, ეს 3 მილიონი ადამიანი ერთიანდება და გვქომაგობს. ძალიან დიდი მადლობა! გილოცავთ მარიამობას!” – თქვა ჭიკაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის 36-ე წლისთავი აღინიშნება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან (გერმანია) წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციის მონაწილეობით, გაიმართება საჯარო ლექციები, ერთობლივი სამეცნიერო სემინარები, სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები და კულტურული პროგრამები, რაც მიზნად ისახავს პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი ინიციატივების განვითარებას ინჟინერიის, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში. გარდა ამისა, გერმანელი სტუმრები ადგილზე გაეცნობიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინდუსტრიული კომპანიების საქმიანობას.ღონისძიების გახსნაში მონაწილეობდნენ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები, ასევე, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისგან შემდგარი დელეგაცია - პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერის ხელმძღვანელობით.მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გერმანულ-ქართულ აკადემიურ თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის პროცესისთვის.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანიის ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის 36 წელი შესრულდა - „ეს არის პერიოდი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ორივე უნივერსიტეტის აკადემიურ, სამეცნიერო და კულტურულ ურთიერთობებში“, - აღნიშნა რუსუდან ქუთათელაძემ.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პარტნიორობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია საერთაშორისო თანამშრომლობას აკადემიური სივრცის გამდიდრება და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. 36 წლის განმავლობაში ჩვენ ერთობლივად განვავითარეთ არაერთი წარმატებული პროექტი, აღვზარდეთ პროფესიონალ სპეციალიტთა და მკვლევართა თაობები, რომლებიც დღეს თავიანთ ქვეყნებში ამკვიდრებენ საერთაშორისო განათლების სტანდარტებს. ჩვენი პარტნიორობის მომავალი ეტაპი მიზნად ისახავს უკვე არსებული კოლაბორაციის მეტად გაღრმავებას - გამდიდრებას ახალი კვლევითი მიმართულებებით, ინოვაციური იდეებით და რა თქმა უნდა, საერთო მიზნებით, რომლებიც მიმართულია ცოდნის, პროგრესისა და საზოგადოების განვითარებისკენ“, - განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.ზარლაანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი ორი საჯარო ლექციით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოების წინაშე ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი თინა იაშვილი წარსდგა საჯარო ლექციით თემაზე: „საქართველოს ეკონომიკური ტრანფორმაცია“, ხოლო პროფესორი ანზორ აბრალავა - თემით: „ქართულ-გერმანული ურთიერთობების მოკლე ისტორიული რაკურსი“.სტუ-ის ინფორმაციით, ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის 36-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი მიმდინარე წლის 16 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამასთან ერთად, ზააარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს 13 ნოემბერს სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით დაგეგმილ XIX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „ხელისუფლება და საზოგადოება - 2025“.

მიხეილ ყაველაშვილი – სატელეფონო საუბარი გავმართე თურქეთის პრეზიდენტთან, ამ მძიმე წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ, ვიზიარებთ თქვენს ტკივილსა და მწუხარებას

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა.მიხეილ ყაველაშვილმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.„სატელეფონო საუბარი გავმართე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ჩემს თურქ კოლეგას საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე. საუბარი შეეხო მიმდინარე ძებნა-შველის ღონისძიებას. ამ მძიმე წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ, ვიზიარებთ თქვენს ტკივილსა და მწუხარებას“, – აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი.ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.„საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, რომ თურქეთის „C-130“ ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა. სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით თურქეთმა საქართველოში საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სამაშველო ჯგუფებ გამოგზავნა.ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნაპოვნია საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის შავი ყუთი.  

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი – ჩვენმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ყაველაშვილს მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის

ჩვენს პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი ავრცელებს.„მხარეებმა განიხილეს საქართველოში ჩვენი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაწყებული გამოძიება და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ჩვენმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენს პრეზიდენტს დაღუპული ჯარისკაცების გამო სამძიმარი გამოუცხადა“,- აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში.  

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით 2022 წლის 12 მაისს გადაყვანილ იქნა კლინიკა „ვივამედში“, სადაც ის ამ დრომდე იმყოფებოდა და მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან პაციენტის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.ვინაიდან მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა, ის გამოწერილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან და დაბრუნდა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც გვარაკიძემ განაცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს.„კერძოდ, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.გვარაკიძის თქმით, ბრალდება, რომელიც გიორგი გახარიას წარედგინება, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ე.წ. 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის 7 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, პარლამენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევა და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ასევე მიეცა რეკომენდაცია, შეეფასებინა ღონისძიების დაგეგმვასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებები. შესაბამისად, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტები დაზარალებულთა მონაწილეობით, დამატებით გამოიკითხა ასეულობით მოწმე, ჩატარდა ასზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული პირის – გიორგი გახარიას ბრალეულობა, რაც მდგომარეობს შემდეგში: 2019 წლის 20 ივნისს, საღამოს საათებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე, თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივ აქტივობებში გადაიზარდა. მომიტინგეთა ნაწილმა ძალადობის გზით სცადა პარლამენტის შენობაში შეღწევა. მათ დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ განთავსებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, მათი ნივთების დაზიანება და განადგურება. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითიც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. შედეგად, სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს: გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიას ინიციატივითა და მონაწილეობით ფართოდ გაშუქდა მედიაშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობას, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების, ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

ბოლო სიახლეები