ჩვენი ინფორმაციით, ეს ოფიციალური ვიზიტი და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ოფიციალური მიწვევა არ არის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო დელეგაცია შტატებში ამერიკელი კონგრესმენის მოწვევით გაემგზავრა.
„მათ შეუძლიათ წავიდნენ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ამას ჩვენი ქვეყნისთვის დადებითი ეფექტი ნამდვილად ვერ ექნება. ეს არის ამერიკელი კონგრესმენის პირადი მიწვევა. ექნებათ შესაბამისი შეხვედრები და ამას დადებითი ეფექტი ვერ ექნება.
ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეს ურთიერთობები რომ გადაიტვირთოს, ამას პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა სჭირდება, რომელსაც, ჩვენდა სამწუხაროდ, მოკლებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მმართველი გუნდი.
ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ იმის რესურსი არ აქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებული ურთიერთობა გადატვირთოს, ეს დიდი უბედურებაა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს ასეთ პოლიტიკურ გასაჭირში არ მიატოვებს“,- განაცხადა ფარულავამ.
შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.

