პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის გიგა ფარულავას შეფასებით, ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, აშშ-თან ურთიერთობები გადატვირთოს.
მისი თქმით, აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი არ აქვს.
„მასონებთან უკვე დაალაგეს ურთიერთობა? ნაკლებად გვაქვს იმედი, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან პოლიტიკის გადატვირთვას შეძლონ. მძიმე ნაბიჯების გადადგმის შემდეგ ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, არსებული პოლიტიკა გამოასწოროს და გადატვირთოს. ჩვენს ქვეყანას წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ არ გვაქვს დადებითი მოლოდინი, რომ ისინი, განსაკუთრებით ამ შემადგენლობით, ტრამპის ადმინისტრაციასთან სტრატეგიულ პოლიტიკურ მდგომარეობას გადატვირთავენ. მართლა გგონიათ, რომ ამ შეხვედრებით საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, კობახიძე ამ შემადგენლობას გაუშვებდა და თავად არ წავიდოდა? ჩვენ ქვეყანას გულწრფელად ვუსურვებთ წარმატებას არა მხოლოდ შტატებთან, არამედ სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის მოლოდინი არ გვაქვს. დღეს ამ პოლიტიკურ გუნდს არ შესწევს უნარი, ტრამპის ადმინისტრაციასთან დაზიანებული პოლიტიკური ვითარება გადატვირთოს. ჯერ არც აქვთ კომპეტენცია, შემდეგ ბოლო წლების განმავლობაში სტრატეგიულ პარტნიორებთან რაც იკადრეს, დღეს ნამდვილად არ აქვთ პოლიტიკური შესაძლებლობა და უნარები, ტრამპის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური ურთიერთობა გადატვირთონ. ნამდვილად გვსურს, შტატებსა და ჩვენს ქვეყანას შორის იყოს ნორმალური, ღირსეული ურთიერთობა, რომელიც სულ რაღაც ხუთი წლის წინ გვქონდა, მაგრამ დღეს ამის ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ. ალბათ, მიხეილ ყაველაშვილი დღემდე ელოდება წერილს ტრამპის ადმინისტრაციისგან. ღიმილის მომგვრელია, შეხვედრებზე ვისაუბროთ – ხან დერეფანში მისდევენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხელის ჩამოსართმევად, ხან წერილს ელოდებიან, ხან ზარს და შედეგი მაინც არაფერია“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

