რეჟიმის ფორმირების ბოლო ეტაპი 4 ოქტომბერი უნდა იყოს – 4 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, რითაც ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ დაასრულოს პროცესი, რომლის შემდეგაც ქვეყანაში უნდა აშენდეს კონტროლირებადი, ე.წ. სუვერენული დემოკრატია, სადაც ერთია დომინანტური პარტია და მისი სატელიტები იქნებიან,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.
გია ხუხაშვილის თქმით, ახლა ხელისუფლებას ისეთი ოპოზიცია სჭირდება, რომელიც მოთვინიერებული ეყოლება და რომელსაც პრეტენზია არაფერზე არ ექნება.
„ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია, რომ არსებული პარტიები, რომლებსაც პულსი ესინჯება, ისინი პოლიტიკურ სივრცეში 5 ან 10 პროცენტით შემოიყვანოს. მაგრამ თუ ეს არ გამოვა, უნდა შემოიყვანოს ისეთი პარტიები, რომლებიც პრობლემას არ შეუქმნიან, ასეთი პარტიები კი ჰყავს. თუმცა, არ მგონია, რომ ივანიშვილს ილუზია ჰქონდეს, რომ ჯაფარიძესა და ხაზარაძეს მოათვინიერებს, მაგრამ თამაში გრძელდება. მათ თავზე რაღაცას დაკიდებს, გახარიას თავზეც დაკიდებული აქვს ჩორჩანას საქმე. ხელისუფლების ამოცანა გასაგებია, მაგრამ ვის დაიჭერს და ვის აიძულებს ქვეყნიდან წავიდეს, ეს ცალკე თემაა.
ხელისუფლების მიზანია, რომ 5 ოქტომბერს არჩევნების შემდეგ, ცხოვრება სრულად კონტროლირებადი იყოს როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური კუთხითაც. ამ მიზნისთვის კი ყველა მეთოდს გამოიყენებს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგის შეფასებითვე, ქვეყანაში საკმარისი პროცესი არსებობს, თუმცა მიაჩნია, რომ ოპოზიცია ამ მოცემულობას ვერ იყენებს.
„ოპოზიცია არ არის აქტორი, აქტორი არის ხალხი და ოპოზიცია არის პოლიტიკური კლასი, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს ამ პროცესს. პროტესტი საკმარისია ქვეყანაში. ოპოზიციამ ვერცერთ ეტაპზე ვერ გამოიყენა და ვერ უსარდლა პროცესებს.
გასაგებია, რომ უსამართლო ველია, რომ არჩევნებს გააყალბებენ, იმამაძაღლებენ, მაგრამ ალტერნატივა რა არის? ციხის კართან შენი ფეხით მიხვიდე, დანებდე და თავი დააჭერინო? რაც გააკეთა ნიკა გვარამიამ ეს დისიდენტის საქციელია. თავის ფეხით მივიდა ციხესთან – ვაფასებ, მაგრამ შედეგი რა არის, ჩაიგრიხინა მისმა დაპატიმრებამ. როგორც პირადი გმირობა შეიძლება ეს პატივსაცემი იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, რაღაც ფასი უნდა გადავახდევინო ხელისუფალს და ამ ფასის გადასახდელად უნდა მოხდეს ბრძოლა უფლებებისთვის“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობით ხელისუფლება ლეგიტიმურობას ვერ მიიღებს და თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს ეს როგორც სახელმწიფო გადატრიალება ისე შეფასდება.
„მორალურად ბოიკოტის პოზიციაც გამართლებულია, რატომ უნდა წახვიდე უსამართლო არჩევნებში, მაგრამ ალტერნატივა არ არის, ბოიკოტი რას მოიტანს? ხელისუფლება აღიარებული ისედაც არ არის! უნდა გავარჩიოთ – მიზნები და ამოცანები, მიზანი არის ასეთი მანკიერი მიდრეკილებების ხელისუფლების ცვლილება, დელეგიტიმაცია არის ინსტრუმენტი, რომელიც შემდეგ უნდა გამოიყენო ხელისუფლების ძალაუფლებიდან ჩამოშორებისთვის. მაგრამ ხელისუფლების დელეგიტიმაცია ვინმემ, რაიმეში გამოიყენა? ქვეყანაში 200 პარტიაა და რომელიმე სატელიტობას დათანხმდება, რამდენიმე პარტიაზე 30%-ს გადაანაწილებენ და ბოიკოტში მყოფ ოპოზიციაზე იტყვიან – „შეეშინდათ, იცოდნენ, რომ წააგებდნენო და ამიტომ არ შემოვიდნენო“.
ბოიკოტში მყოფი პარტიები კი 5 ოქტომბერს რას გააკეთებენ? 200 დღეა ვიძახით, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია და შედეგი რა მივიღეთ? თუმცა ლიდერებსაც არ აქვთ საკმარისი ავტორიტეტი, არჩევნებში მონაწილეობა კარგი არჩევანი კი არ არის, არამედ ეს იძულებითი არჩევანია, თუ ხელისუფლებას 4 ოქტომბერსაც მოუწევს გაყალბება, ლეგიტიმური რანაირად გახდება? თუ გააყალბებს ეს სახელმწიფო გადატრიალებად ჩაითვლება და ხალხი როგორც ძალაუფლების წყარო უფლებამოსილია ასეთ ხელისუფლებას ძალაუფლება ჩამოართვას.
გავიჭირვოთ თბილისში, გავათენოთ 24 საათით და გაყალბების საშუალება არ მივცეთ, თბილისის მერი თუ კრიტიკულად განწყობილი იქნება, 3 თვეში მთელი ხელისუფლება ჩამოიშლება. მაშინ თუ ვერ დავიცავით ხმები, როდესაც პარტიებს ვენდეთ, რომლებმაც გვითხრეს, რომ ხმებს დაიცავდნენ და ვერაფერი ვერ ქნეს, ჩვენ თვითონ დავიცვათ თბილისის არჩევანი“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.