ვრცელი ჩამონათვალია იმ კრიტერიუმებისა, რომლითაც შეიძლება, ბრიუსელმა უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს 61 ქვეყანას და არა მხოლოდ საქართველოს. ამ ყველაფერს კონტროლის მექანიზმები აქვს და ეს საქართველოს კარგად აქვს აწყობილი. დარჩა ერთი საკითხი, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ დამოკიდებულებას ეხება. აქ თვალთმაქცობა ისაა, რომ თავადვე აკეთებენ იმ პროცესების ორგანიზებას, რასაც კანონმა უნდა უპასუხოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს. ვოლსკის განმარტებით, ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს.
„საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია იმ კრიტერიუმებისა, რომლითაც შეიძლება, ბრიუსელმა უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს 61 ქვეყანას და არა მხოლოდ საქართველოს, თუმცა, როგორც იცით, გაადვილებულიც არის. გადაწყვიტეს, კრიტერიუმად დაასახელონ, თუ იქნება თავშესაფრისთვის მიმართვა, საზღვრის კვეთა, ან მესამე ქვეყნებიდან ევროპაში შედინება. რასაკვირველია, ამ ყველაფერს კონტროლის მექანიზმები აქვს და ეს კონტროლი საქართველოს კარგად აქვს აწყობილი, აქ სადავო ნაკლებია. დარჩა ერთი საკითხი, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ დამოკიდებულებას ეხება, მაგრამ თვალთმაქცობა და სიყალბე იმაში მდგომარეობს, რომ თავადვე აკეთებენ იმ პროცესების ორგანიზებას, რასაც კანონმა უნდა უპასუხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა დაინგრევა. ამბობენ, რომ კანონი ნუ უპასუხებს იმას, რასაც ჰქვია ქუჩაში ცეცხლის დანთება, პოლიციელებზე თავდასხმა, პარლამენტის, თუ პრეზიდენტის შენობის რევოლუციური გზით დაკავება. გვეუბნებიან, არ უპასუხოთო და რასაკვირველია, ეს ვერ შესრულდება.
ევროსაბჭოს რეზოლუციაც ვერ იქნა მიღებული, რადგან სახელმწიფოებს ერთნაირი პოზიცია არ აქვთ. აქედან გამომდინარე, მიიღეს ე.წ. თავმჯდომარის დოკუმენტი, მთელი რიგი ქვეყნები ოპოზიციაში არიან, მათ შორის საქართველოს მიმართ დამოკიდებულების გამო. უნგრეთმა გამოხატა თავისი დამოკიდებულება, რომ რეზოლუციის ბლოკირება მოეხდინა. ეს არ ნიშნავს, რომ კენჭისყრაზე რომ გამოსულიყო, მას სხვები მხარს დაუჭერდნენ. ასეთივე მდგომარეობაა უვიზო რეჟიმის შეწყვეტის თაობაზე. სამართლიანობის ხარისხი, რომელიც ბრიუსელმა შემოგვთავაზა, არ ჯდება იმ სტანდარტში, რაც ევროკავშირს აქვს. ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ევროკავშირის რეგრესზე საუბრობს.
საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინაპირობა არ არსებობს, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. ეცდებიან, მაგრამ ეს ცალსახა დამოკიდებულება არ არის, ევროპაში ასე არ ფიქრობენ. ევროპაში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ მათი გადასახადები ომისთვის და საქართველოში რევოლუციის მოწყობისთვის უნდა დაიხარჯოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

