ვენეციის კომისიას ამ შემთხვევაში არ აქვს სამართლებრივი შეფასება. იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია შექმნილი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა ადგილობრივ არჩევით სტრუქტურებში, მით უფრო მეტი იქნება გავლენა ხალხისა აღმასრულებელ სტრუქტურებზე,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასა და რეკომენდაციებს „საარჩევნო კოდექსში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებზე.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანით რევოლუციური გზის ერთ-ერთი მიმართულების პრევენცია მოხდა და მიზანი არ ყოფილა ოპონენტების პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვა.
„ქალაქებსა და სოფლებში ხალხი მოითხოვს რაც შეიძლება მეტ რესურსს, რათა თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს იმ სტრუქტურებში, რომელიც ადგილობრივი არჩევნების შემდეგ შეიქმნება. ეს რეალობა არსებობს და ამ რეალობას თვალს თუ გაუსწორებენ და მიაჩნიათ, რომ ქართველი ხალხი თურმე ის ყოფილა, ვინც ქუჩაში გამოდის, ქვეყნის დამარცხებას და ნეგატიური პროცესების შეუქცევად განვითარებას ლამობს, მაშინ აიღონ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. პირიქით, უფრო მეტი შანსი აქვთ გამარჯვებისა, თუ მათ მიაჩნიათ, რომ მათი აზრი დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით უფრო პოპულარულია. არ მიაჩნიათ, წარმატების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ და რა საკვირველია, ამ შემთხვევაშიც და ვენეციის კომისიის ეს პოლიტიკური განცხადებაც მათთვის მისაღებია. პოლიტიკური განცხადება, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს სამართლებრივ ნაწილთან მით უმეტეს იმ ნაწილში, როდესაც ვენეციის კომისია გვირჩევს, რომ 2/3-ით მიიღონ ცესკო-ში გადაწყვეტილებები; მაგალითად, ჩვენ ეს შევცვალეთ, ვინაიდან, საბოტაჟი იყო აშკარა და ვერანაირად ვერ იქნება ცესკო-ს გადაწყვეტილებები დამოკიდებული უმცირესობის მოსაზრებაზე, რომლებიც ამ საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასული. საერთოდ გაჩერდება ცესკო-ს საქმიანობა, ოქმს ვერ მიიღებენ, არჩევნებს ვერ დაამტკიცებენ. სწორედაც პრევენცია მოხდა რევოლუციური გზის ერთ-ერთი მიმართულების ამ კანონში ცვლილებებით. არანაირი ინტერესი ჩვენ იმასთან დაკავშირებით, რომ შევზღუდოთ ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური მონაწილეობა საარჩევნო პროცესში არც გვქონია და არც გვექნება. არჩევნები თავისუფალია და ვისაც მიაჩნია, რომ გამარჯვების რესურსი აქვს, გამოვიდეს, იბრძოლოს და გაიმარჯვოს, მაგრამ ის, რომ საზოგადოებას სურს, მეტი წარმომადგენელი ჰყავდეს არჩევით ორგანოებში, რათა მეტი ბერკეტი ჰქონდეს ხელთ, რათა გავლენა მოახდინოს აღმასრულებელ სტრუქტურებზე, რა საკვირველია მისაღებია, გასათვალისწინებელია და მხოლოდ და მხოლოდ უკეთესობას მოიტანს,“- განაცხადა ვოლსკიმ.