საქართველოს აღარ ჰყავს ოპოზიცია, ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესს უპირისპირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ლიდერი იყოს. ამასთან, ვოლსკის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის ევროპელი ლიდერებისადმი წერილი ემსახურება იმას, რომ ოპოზიციის „გარდაცვალების“ შესახებ ცნობები არ იყოს რეალობასთან შესაბამისობაში.
„ეს წერილი საქმიანობის ერთ-ერთი ეტაპია, რომ თავისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები არ იყოს რეალობასთან შესაბამისობაში. გარდაიცვალა ოპოზიცია – საქართველოს აღარ ჰყავს, ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესს უპირისპირდება. ეს წერილიც ამას ემსახურება, თორემ ევროკომისიას სულ არ სჭირდება სალომე ზურაბიშვილის წერილი, ისედაც თავისი გეგმა აქვს. ისედაც ჩაბუდებულია ევრობიუროკრატიაში „დიფ სთეითი“ და თავის ამოცანას ასრულებს. ამ საქმეში ხაზარაძე ჩაერთვება თავისი განცხადებებით, თუ სალომე ზურაბიშვილი წერილებით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მათ თავისი გეგმა აქვთ, მათ შორის საქართველო დაპირისპირების პოლიგონი გახდა ომსა და მშვიდობას შორის. თავისი გეგმა და იდეები აქვთ და ეს ყველა დანარჩენი ფიგურანტი, გარკვეული პაიკი, თუ მარიონეტები არაფერს წარმოადგენდნენ არც საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკისთვის, მითუმეტეს არც ევროკომისიისთვის. მათ დროებით სჭირდებათ ცალ ფეხზე მდგომი, ყურმოჭრილი ადამიანები, რომ შეასრულონ გარკვეული ამოცანა. ამ ამოცანის შესასრულებლად არის ფუთფუთი ამ გაერთიანებაში, რომელსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჰქვია. სალომე ზურაბიშვილი არ ეშვება თავის იმ იდეას, როგორმე ზემოდან შემოახტეს ამ გაერთიანებას, რომელსაც ისედაც თავისი გეგმები აქვს და სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ სჭირდებათ. ევროკომისიას საერთოდ არ სჭირდება არც სალომე ზურაბიშვილი და არც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“. მათ მხოლოდ იმ ფიგურებად სჭირდებათ, რომ როგორმე თავიანთი ინტერესები და გეგმები გაჩარხონ იმ რეგიონში, სადაც მნიშვნელოვანი პოლიტიკის კონცენტრაცია მოხდება, რაც უკავშირდება აზიისა და ევროპის დაკავშირებას, ენერგორესურსების გადაზიდვებს, იმ პროექტებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება. ინტერესი ეს არის და ამ ინტერესის განსახორციელებლად არის პაიკები გარეთ გამოდგმული. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, დედოფალი იყოს, მაგრამ გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ ის დედოფალი აღარ არის, ტახტიდან ჩამოაგდო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს წერილით მიმართა. წერილში გამოთქმულია მოწოდება, „სათანადო ყურადღება დაეთმოს საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს“. ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ არსებული ჩიხიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ახალი არჩევნებია და ამ გამოსავლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული და, საბოლოოდ, ამერიკული მაღალი დონის მედიაციის გზით. ამავდროულად, წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ ევროპამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდაჭერა. ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს: „განგრძობითი კრიზისი მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რაც შესაძლოა, უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყოს, მიუხედავად საზოგადოების მშვიდობიანი განწყობისა“.