ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

გია ვოლსკი – „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთიდან დაფინანსების საკითხი თუ დადასტურდა, ეს იქნება ამ პარტიის დასასრული და კატასტროფა

„პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთიდან დაფინანსების საკითხი თუ დადასტურდა, ეს იქნება ამ პარტიის დასასრული და კატასტროფა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული თემა სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს.

„პატრიოტთა ალიანსის“ ადვოკატობა ვერ წარმომიდგენია საგარეო კურსის გამო, იმ დამოკიდებულების გამო, რაზეც ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს, მაგრამ ერთი ფურცლის გამო მოხსნის საკითხი არასერიოზულია. ამ თემაზე უნდა იყოს სერიოზული მსჯელობა, მოკვლევა და აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. საერთოდ, არ მიმაჩნია, რომ ვითომ, პროდასავლური განცხადებების მქონე პარტიებს რამე აქვს საერთო პროდასავლურ პოლიტიკასთან, ყველაზე არ ვამბობ, თუმცა ძირითადი ბირთვი. ისევე როგორც „პატრიოტთა ალიანსს“, ასევე ნათელაშვილის ფანჩატურში გაერთიანებულ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას, არავითარი საერთო არ აქვს. ზოგიერთი პირდაპირ არის დამოკიდებული, ზოგმა 2008 წლის ოკუპაციას ხელი შეუწყო. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ეს საკითხი, მაგრამ საჭირო და მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური დასკვნა დაიდოს. ეს იქნება „პატრიოტთა ალიანსი“ თუ, ნებისმიერი სხვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განცხადებით, „არ შეიძლება, რომ ოპონენტმა პარტიამ ააფრიალოს და გამოაცხადოს წინა რეჟიმი დამნაშავედ, რასაც „პატრიოტთა ალიანსი“ აკეთებს ან მის მიმართ რაღაც ფურცლის გამო დაიწყოს გამოძიება“.

„ვისაც ევალება, ეს არის აუდიტის სამსახური და უნდა შეისწავლოს, რამდენად დაფინანსებულია ეს პარტია გარედან, მით უმეტეს, ოკუპანტი ძალის მიერ. ეს არის გამორიცხული, არ შეიძლება, დაუშვებელია. ბანერები ჩამოვხსენით, რადგან ანტისახელმწიფოებრივია, თუმცა რუსულ თემას პირდაპირ არ ეხება. გამოძიების თემასთან დაკავშირებით ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ, არ შეიძლება, ჟურნალისტმა გადაწყვიტოს, გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა. კომპეტენტური სტრუქტურები გვყავს და გადაწყვეტენ, რამდენად დანაშაულის შემცველია, რაც გააკეთეს. ვამბობ, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტივობები. თუ დადასტურდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა რუსეთიდან არის დაფინანსებული, ეს იქნება ამ პარტიის დასასრული და კატასტროფა. ვნახოთ, ისეთი პროცედურა გაგრძლედება, რაზეც თქვენ ინფორმაცია არ გაქვთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“  შესაძლო რუსულ დაფინანსებას და პლატფორმა „დოსიეზე“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის გამოძიების მოთხოვნითაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პროკურატურას მიმართა. მისი ინფორმაციით, ინტერნეტგამოცემა ორ სხვადასხვა დოკუმენტს აქვეყნებს და ამ დოკუმენტების საფუძველზე იუწყება, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, რომლებიც საქმიანობაზე ანგარიშს აბარებენ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს. სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ წინასაარჩევნოდ რუსული დაფინანსება მიიღო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტენოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, შეხვედრაში, რომელიც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებითა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის აქტიური ჩართულობით წარიმართა, მონაწილეობდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, პროფესორ-მასწავლებლები და კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე, ხოლო საქართველოს ბანკის მხრიდან - მასობრივი და საოპერაციო პოზიციების მიმართულებით შერჩევის სამსახურის უფროსი ეთო ქობალია და კომუნიკაციების სწავლებისა და განვითარების სამსახურის უფროსი თამარ ჭანტურიშვილი.სტუდენტებს უნივერსიტეტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი და საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ წარუდგინა და ახალგაზრდებს კარიერული განვითარებისა და სამომავლო დასაქმების შესახებ საუნივერსიტეტო ინიციატივებზე ესაუბრა; ასევე, გააცნო საქართველოს ბანკის წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანი.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კარიერული ზრდის შესაძლებლობებსა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივებზე ვრცლად ისაუბრა ნატო ქათამაძემ და ახალგაზრდებს აქტიურობისა და სამსახურთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და საქართველოს ბანკს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორულ ურთიერთობასა იმ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რაც ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაზე დადებითად აისახება.„ჩვენი მთავარი ამოცანაა სტუდენტებს მივცეთ საშუალება მარტივად მოახერხონ მათთვის სასურველი ვაკანსიების მოძიება, რაშიც ხელს ვუწყობთ სხვადასხვა კავალიფიციურ დამსაქმებელთან შეხვედრის პროცესში. გარდა ამისა, ტრენინგებისა და სემინარების საშუალებით ვცდილობთ ახალგაზრდებს განვუვითაროთ ის უნარები, რომლებიც აუცილებელია დამსაქმებელთან კომუნიკაციის პროცესში. საქართველოს ბანკი ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციაა საბანკო ინდუსტრიაში - მათთან არაერთი წელია პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს, რასაც თანამშრომლობის მემორანდუმიც ამყარებს. ერთობლივი ძალებით მრავალ აქტივობას ვახორციელებთ და ყველა მათგანი სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით იგეგმება. სწორედ ეს არის ჩვენი სამსახურის მიზანიც და მისიაც. მადლობა საქართველოს ბანკს, რომ ამჟამადაც ცდილობს ჩვენს სტუდენტებს ხელსაყრელი სამუშაო პირობებით აქტიური ვაკასიები შესთავაზოს" - განაცხადა ნატო ქათამაძემ.საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს საქართველოს ბანკში არსებული აქტიური ვაკასიები გააცნეს, ისაუბრეს სტაჟირების პროგრამებსა და იმ ბენეფიტებზე, რომელსაც ბანკი დაინტერესებულ პირებს ჰპირდება, გაუზიარეს ინფორმაცია კარიერული შესაძლებლობებისა და იმ პროფესიული განვითარების გზების შესახებ, რასაც საქართველოს ბანკი პოტენციურ თანამშრომლებს სთავაზობს.სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრა ინტერაქციურ რეჟიმში გაგრძელდა. სტუმრებმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს და მათ პროფესიული შესაძლებლობების ზრდის შესახებ პრაქტიკული რჩევებიც გაუზიარეს. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

პიტ ჰეგსეტი – ირანი ზავს გვევედრებოდა, დამანგრეველი სამხედრო მარცხი განიცადეს, პრეზიდენტმა ტრამპმა ისტორია შექმნა, არცერთ პრეზიდენტს ასეთი სიმამაცე არ გამოუჩენია

ირანთან ცეცხლის შეწყვეტა ვაშინგტონის გადამწყვეტი სამხედრო გამარჯვების შედეგია, ცეცხლის შეწყვეტას გვევედრებოდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.მისი თქმით, ირანი ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა საფრთხეს აშშ-სა და თავისუფალი სამყაროსთვის, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა.აშშ-ის ომის მდივანმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნამდვილი მშვიდობისა და რეალური შეთანხმების შანსს იძლევა.„ირანი 47 წლის განმავლობაში საფრთხეს წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და თავისუფალი მსოფლიოსთვის. ლოზუნგები „სიკვდილი ამერიკას“, ჩვენი ხალხის მიზანში ამოღება, ამერიკელების მკვლელობა, ტყუილი და შანტაჟი ბირთვული იარაღის მისაღწევად. ეს აღარ მოხდება. ჩვენი მმართველობის დროს არა. სხვა პრეზიდენტები დროს კარგავდნენ და პრობლემას მომავალისთვის დებდნენ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისტორია შექმნა, არცერთ პრეზიდენტს არ გამოუჩენია ისეთი სიმამაცე და მტკიცე ნება, როგორიც ამ მთავარსარდალმა გამოიჩინა. პრეზიდენტმა ტრამპმა შექმნა ეს მომენტი. ირანი თავად გვევედრებოდა ამ ზავს და ეს ყველამ ვიცით. როგორც პრეზიდენტმა დღეს თქვა, ეს დიდი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის. ირანს ეს სურს. მათ უკვე საკმარისი ნახეს. ოპერაცია იყო ისტორიული და მასშტაბური გამარჯვება ბრძოლის ველზე – სამხედრო გამარჯვება. ნებისმიერი შეფასებით, ოპერაციამ გაანადგურა ირანის სამხედრო შესაძლებლობები. ჩვენი ძალის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოვიყენეთ, ხოლო ირანმა დამანგრეველი სამხედრო მარცხი განიცადა. ახალი რეჟიმი არჩევანისა და დროის გარეშე დარჩა, ამიტომ შეთანხმებაზე წავიდა. მათ იციან, ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ მათ არასოდეს, არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი. შეთანხმების პირობების მიხედვით, ნებისმიერი ბირთვული მასალა, რომელიც არ უნდა ჰქონდეთ, ამოღებული იქნება. პრეზიდენტმა თავიდანვე მკაფიოდ განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. წერტილი. სხვა პრეზიდენტები ამას ამბობდნენ. პრეზიდენტმა ტრამპმა კი გააკეთა“, – განაცხადა ჰეგსეტმა.ამასთან, ჰეგსეტის თქმით, აშშ-ის ჯარები ადგილზე დარჩებიან და დარწმუნდებიან, რომ ირანი შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.„ჯარები ადგილზე დარჩებიან, ფხიზლად იქნებიან, მზად იქნებიან ნებისმიერ მომენტში განაახლონ მოქმედება“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.აშშ-ის ომის მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჰქონდა დაგეგმილი ირანში რამდენიმე სამიზნეზე, მათ შორის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმა, თუ სამშაბათს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ იქნებოდა მიღწეული.„ჩვენ გვქონდა დასახული მიზანი, რომელიც გულისხმობდა ინფრასტრუქტურას, ხიდებსა და ელექტროსადგურებს. ზუსტად იცოდნენ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.მისივე თქმით, ტრამპის გაფრთხილება იყო ის, რამაც ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან და საბოლოოდ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მიიყვანა.

უქმე დღეებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის  სამმართველო (სატელეფონო კომუნიკაციის, ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობაზე ინფორმაციის მიწოდებისას/მის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევისას/საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებისას) ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.აღნიშნულ თარიღებში არ იმუშავებენ, საქართველოს მასშტაბით, გაფორმების ეკონომიკური ზონები (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონების საქონლის გაფორმების და ლოჯისტიკის   სამმართველოების, გეზი „აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ და გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“ შესაბამისი ჯგუფების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, შევსებული დეკლარაციებით გაცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების განხორციელება) და გაფორმების განყოფილებები.ზემოაღნიშნულ თარიღებში, საბაჟო ორგანოს მიერ, იმ  მომსახურების გაწევა, რომლებისთვისაც მოქმედებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული არასამუშაო დროისთვის/უქმე დღისთვის დაწესებული ტარიფი.აქვე გაცნობებთ, რომ 2026 წლის, 9 აპილიდან 13 აპრილის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები და  საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 2 299 299 გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მათ შორის ელექტრონული) სარგებლობისას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

ირაკლი ქადაგიშვილი – სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოში დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს იფარებს, საშუალება თუ მიეცემათ, ეცდებიან, ქართულ პოლიტიკაში დააბრუნონ

სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოში სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს იფარებს, მაღალ პოლიტიკურ თუ სხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე ნიშნავს, ერთგვარი რეზერვია და ცდილობენ, რომ ამა თუ იმ ფორმით შეინახონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, უკრაინას საშუალება თუ მიეცემა, ეცდება, ეს პირები ქართულ პოლიტიკაში დააბრუნოს.„ეს ერთგვარი საერთაშორისო ქსელის ქმედებების ნაწილია –  ინახავენ პოლიტიკოსებს, რომელთა უგუნურმა პოლიტიკამ საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესია და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებო გამოიწვია, ინახავენ. ერთგვარი რეზერვია და ცდილობენ, რომ ამა თუ იმ ფორმით შეინახონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე განთავსდა.ადეიშვილს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნამდე უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.ზურაბ ადეიშვილი არაერთ საქმეზეა როგორც ბრალდებული, ასევე მსჯავრდებული. მათ შორის ქართულმა სასამართლომ მას ექვსი წელი კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე მიუსაჯა. ამასთან, 2015 წლამდე ადეიშვილი ინტერპოლის მიერ ძებნილ პირთა სიაში იყო.

ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში  გარეული ცხოველის მელიის პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი.„მიმდინარე წლის 6 აპრილს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი: ქ. წალკა, თამარ მეფის ქუჩა #132-ის მიმდებარე ტერიტორია) გარეული ცხოველის (მელა) პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა.სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორის მოკვლევით დადგინდა, რომ ცოფით დაავადებული მელა ოთხმა უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა.დაავადების გავრცელების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო საკარანტინო ღონისძიებები –  ინფექციის კერის დეზინფექცია, დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობა, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება და თავშესაფარში გადაყვანა.მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლაბორატორიულად დადასტურებულია ცოფის სამი შემთხვევა.სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი, კატა) ცრის.ცოფის პრევენციისა და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ყოველწლიურად აცრან საკუთარი შინაური ბინადარი ცხოველები (ძაღლი, კატა) ცოფის საწინააღმდეგოდ; ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები ერთხმად ადასტურებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების გავრცელების შემცირებასა და სრულად აღმოფხვრაში“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები