ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025

გია ვოლსკი – ოპოზიციის მხარდამჭერებმა იხილეს, რომ იმ ადამიანებთან აქვთ საქმე, ვისაც საქართველოს დამარცხება და ნგრევა სურს, მწყერი, რომელიც ხეზე ვერ ჯდება, ვერასოდეს შედგება

ოპოზიციის მხარდამჭერებმა იხილეს, რომ იმ ადამიანებთან აქვთ საქმე, ვისაც საქართველოს დამარცხება და ნგრევა სურს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მწყერი, რომელიც ხეზე ვერ ჯდება, ვერასოდეს შედგება, ეს არის სალომეც, პაატაც და არაერთი სხვა ლიდერი.

„ისეთი პლატფორმა არსებობს, სადაც ის ადამიანები არიან დარეგისტრირებული, ვისაც „ქართული ოცნება“ არ უნდა და უნდა ზურა ჯაფარიძე ან ელენე ხოშტარია. ასეთი ადამიანების სია არის და ზუსტად ვიცით, ვინ ვის მისცა ხმა. ისეთი ადამიანების იგნორი მოახდინეს, რომლებიც პარლამენტში არ შემოვიდნენ და თქვეს, არჩევნები გაყალბდაო. თუ მათ არგუმენტები ჰქონდათ, რომ არჩევნები გაყალბდა, პროკურატურაში მივიდნენ. ვერ მივიდნენ. ახლა აქცენტი საგარეო კურსის ცვლილებაზე გააკეთეს. ვინც ამ სისულელეს მხარს უჭერს, მათი ვინაობა ცნობილია – ზოგი მათგანი რუსთაველის გამზირზე დგას და საქართველოში ცეცხლის გაჩაღებას ცდილობს, ზოგიერთი კი არჩევნებს ელოდება. საქართველოში ტერორი არ ბოგინებს წინა ხელისუფლების პერიოდისგან განსხვავებით. პლატფორმებზე საუბრობენ, რადგან დამფინანსებლებს დაანახონ, ვითომ რაღაცას აკეთებენ. პერფორმანსების რაოდენობა გაზარდეს, რათა დამატებითი დაფინანსება გაზარდოს რევოლუციურმა გეგმამ. ვერანაირი პლატფორმა იმაზე უფრო ძლიერი ვერ იქნება, რაც არჩევნების წინ იყო, პირიქით, გაცილებით უფრო სუსტი არიან, რადგან მათმა მხარდამჭერებმა იხილეს, რომ იმ ადამიანებთან აქვთ საქმე, ვისაც საქართველოს დამარცხება და ნგრევა სურს. მწყერი, რომელიც ხეზე ვერ ჯდება, ვერასოდეს შედგება. ეს არის სალომეც, პაატაც და არაერთი სხვა ლიდერიც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა სამი პროფესორი ოქროს მედლით დააჯილდოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ორ და არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ერთ პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული დამსახურებისათვის სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.მისივე ცნობით, რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომაზე ოქროს მედალი გადასცა არქიტექტორს, პროფესორ ჯუმბერ მალაღურიძეს, რომელიც დღემდე აქტიურად ეწევა საპროექტო, სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას. ჯუბმბერ მალაღურიძე არის 219 ნაშრომის, მათ შორის: 27 აშენებული, 11 განუხორციელებელი პროექტის,10 სასწავლო - მეთოდური პროგრამისა და 6 სახელმძღვანელოს, 47 სამეცნიერო სტატიის და 4 მონოგრაფიის, 10 საზოგადოებრივ - პოლიტიკური სტატიისა და 106 მხატვრული ნამუშევრის ( გრაფიკა, ფერწერა, ძერწვა ) ავტორი. ასევე, რექტორმა ოქროს მედალი გადასცა საქართველოს და საერთაშორისო აკადემიების ნამდვილ წევრს, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, "საავტომობილო ტრანსპორტის" დეპარტამენტის უფროსს, 250 -ზე მეტი ნაშრომის ავტორს ჯუმბერ იოსებიძეს და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორს, საავიაციო ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელს, მრავალი ნაშრომის ავტორს, რომლის ძალისხმევით მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ სტუ-ში შესაძლებელი გახდა ისტორიული საავიაციო-საინჟინრო პროგრამის აღდგენა, რამილ ზუკაკიშვილს.როგორც რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, ჯუმბერ მალაღურიძის, ჯუმბერ იოსებიძის და რამილ ზუკაკიშვილის მრავალი წელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობასა და მაღალი სტანდარტის სწავლება-სწავლის პროცესში დიდი წვლილი შეაქვთ, შედეგად აკადემიურმა საბჭომ მათი სტუ-ის უმაღლესი ჯილდოთი - ოქროს მედლით, დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედალი მეცნიერის მოღვაწეობის აღიარებაა, ეს არის მადლობისა და დაფასების სიმბოლო იმ ღვაწლისთვის, რომელიც არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას, არამედ თავგანწირვას, ერთგულებას და შემოქმედებით ძალას ეფუძნება. დღეს ეს ღირსეული ჯილდო, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, გადავეცით გამოჩენილ მეცნიერ-პედაგოგებს, რომლებმაც თავიანთი ნამუშევრებით, სამეცნიერო წვლილითა და მომავალი თაობების აღზრდისადმი მიძღვნილი საქმიანობით დაიმკვიდრეს საყოველთაო აღიარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება აფასებდეს ღირსეულ მეცნიერებს. მათ, ვინც ყოველდღიურად აშენებს ცოდნის ტაძარს, ქმნის ნოვაციურ იდეებს და უზიარებს ამ სიმდიდრეს სტუდენტებს. ასეთი ადამიანები არამარტო ჩვენი უნივერსიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის ინტელექტუალური საყრდენი არიან. გულითადად ვულოცავ ჩვენს მეცნიერებს ღირსეულ ჯილდოს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, შემოქმედებით ენერგიას და ახალ მიღწევებს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ აკადემიური საბჭოს წევრად მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული, ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამაზ ურთმელიძე, აკადემიური საბჭოს წევრად დაამტკიცა.

ბადრი ჯაფარიძე – მხნედ ვარ, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დადგება ფეხზე, ეს მალე მოხდება

მხნედ ვარ. ქვეყნის თავისუფლებისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში განსაცდელებმა, პირიქით, უნდა მოგვმატოს თავდაჯერებულობა, სიმტკიცე და ერთიანობის სურვილი, – ამის შესახებ ნათქვამია „ლელოს“ ლიდერ, ბადრი ჯაფარიძის პოსტში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.„ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დადგება ფეხზე. ეს მალე მოხდება“, – აღნიშნავს ბადრი ჯაფარიძე.შეგახსენებთ, სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მათ ორი წლით აეკრძალათ თანამდებობის დაკავება. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 23 ივნისს დააკავეს.

თურქეთის საპარლამენტო დელეგაცია საოკუპაციო ხაზს ეწვია

საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ვეისალ თიფიოღლუ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზს ეწვია.თურქეთის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საოკუპაციო ხაზზე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ბენაშვილი იმყოფებოდა.თურქმა კანონმდებლებმა საინფორმაციო ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ საოკუპაციო მოქმედებებზე ინფორმაცია მოისმინეს.გია ბენაშვილი თურქ კოლეგებს საქართველოს მიერ არჩეულ სამშვიდობო პოლიტიკაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის მიმართ გაძლიერდეს საერთაშორისო ზეწოლა, რათა მან შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულები.საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსანდრე ტაბატაძეს შეხვდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – „ვამაყობთ ჩვენი სტუდენტების მიღწევებით, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და ადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობით“

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მიმდინარეობს საერთაშორისო სამეცნიერო და კვლევითი პროექტები, ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი, ფუძნდება თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიები და სასწავლო ცენტრები, გვყავს კურსდამთავრებული 60 ბაკალავრი, 25 მაგისტრი და 1 დოქტორანტი - ამის შესახებ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ბორის გითოლენდიამ განაცხადა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სწავლება-სწავლისა და კვლევის პროცესს აძლიერებს.„შეიქმნა „ფიქრის ლაბორატორია“, კომპანია „ავტოტექნოს“ სასწავლო ცენტრი, B2B გაყიდვების ლაბორატორია. მოკლევადიანი პროფესიული პროგრამის განსახორციელებლად, საინჟინრო მომსახურების ცენტრმა და მაცივარაგენტების რეციკლიზაციის შეგროვების ცენტრმა, სამაცივრო ტექნიკის მომსახურე ტექნიკოსებისთვის, სასწავლო ლაბორატორია ერთობლივი ძალისხმევით გაარემონტეს და აღჭურვეს.ამჟამად, მიმდინარეობს ბაუმერის სასწავლო ცენტრისა და ტვირთების ექსპედირების პროფესიული პროგრამისთვის აუდიტორიის რეაბილიტაცია. ფაკულტეტი, საგრანტო პროექტების ოფისთან კოორდინაციით, ჩაერთო ERASMUS+ პროგრამის KA102 აქტივობის საგრანტო პროექტში - „საერთო საზოგადოებრივ გამოწვევებზე ორიენტირებული წრიული ეკონომიკის ენერგეტიკული განათლების ინიციატივა აზერბაიჯანს, საქართველოს, საბერძნეთს, მოლდოვასა და რუმინეთს შორის (EU-AGM - ERASMUS-EDU-2024- CBHE- STRAND-2101177142). გარდა ამისა, წარმატებით მიმდინარეობს პროექტი ReINNOVA - ,,კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში“. პროექტის დონორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF), მსოფლიო ბანკის დაფინანსებით; პარტნიორი კი - კილის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). ასევე, ERASMUS+ საგრანტო პროგრამის KA2 აქტივობის ფარგლებში, წარმატებით მიმდინარეობს პროექტი - „ისწავლე-გააუმჯობესე-გაყიდე-მიაღწიე წარმატებას - LISS24“ (Learn – Innovate – Sell – Succeed)-აღნიშნულია ინფორმაციაში.როგორც სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია აღნიშნავს, უნივერსიტეტი მკაფიოდ უჭერს მხარს ინოვაციებსა და თანამედროვე საინჟინრო განათლების განვითარებას.„სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტმა, რომელიც ერთ-ერთი ტრადიციული და ისტორიული ფაკულტეტია, 2024-2025 სასწავლო წელს არაერთი მოკრძალებული ინიციატივა განახორციელა. მათგან რამდენიმეს გამოვარჩევდი, კერძოდ: აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტმა, ადმინისტრაციული დეპარტამენტების და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით, წარმატებით განახორციელა მნიშვნელოვანი საგრანტო ინიციატივები, მათ შორის - პროექტი ReINNOVA, რომელიც განათლების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ხელს უწყობს კვლევებისა და ინდუსტრიებთან თანამშრომლობის ინტეგრაციას. ამავე კონტექსტში გამოვარჩევთ ERASMUS+ LISS24 პროექტს, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს განივითარონ პრაქტიკული და მეწარმეობრივი უნარები, განსაკუთრებით B2B გაყიდვების კუთხით. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სტუდენტების მიღწევებით, მათ შორის, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა თუ ადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობით.მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ინფრასტრუქტურის განახლებაშიც. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით, წელს სრულად განახლდა სველი წერტილები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა I სასწავლო კორპუსში, განახლდა ე.წ. სტუდენტური სივრცეები, გარდა ამისა, საერთაშორისო პროექტების ეგიდით და უნივერსიტეტის რექტორის პირადი ჩართულობით, დასრულდა თავისი შინაარსითა და კონცეფციით გამორჩეული „ფიქრისა“ და „B2B გაყიდვების“ ლაბორატორიების კეთილმოწყობა და აღჭურვა. აღსანიშნავია ინდუსტრიის მონაწილეობა სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. ამ მხრივ სასიხარულოა, რომ კომპანია „ავტოტექნოს“ მხარდაჭერით, კეთილმოეწყო და აღიჭურვა კომპანიის სახელობითი „სასწავლო ცენტრი“, მემაცივრეთა რეციკლიზაციის ასოციაციის თანადგომით კი, განახლდა და კეთილმოეწყო სამაცივრო ტექნიკის ტექნიკოსების მოსამზადებელი პროგრამა. საგულისხმოა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით, სრულად განახლდა გრაფიკული დიზაინის კლასი და აღიჭურვა უახლესი ტექნიკით. ჯამში, სააკრედიტაციოდ განაცხადი გაკეთდა 5 ახალ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. გამოსარჩევია, რომ წელს ფაკულტეტმა მოიპოვა ახალი და ინოვაციური სამაგისტრო პროგრამის - „სამეწარმეო მენეჯმენტის“ განხორციელების უფლება, რომელიც ერთადერთია საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტი აქტიურად მუშაობს სამეცნიერო კუთხით. ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრების თანამონაწილეობით გამოიცა არაერთი სტატია თუ სამეცნიერო ნაშრომი. კვლევითი თვალსაზრისით, მათ შორის გამოირჩევა სამეცნიერო პროექტი, რომელიც ეხება ინდუსტრია 4.0-თვის საჭირო ტექნოლოგიებზე ფართოზოლოვანი ანტენებისა და ინოვაციური პოლიმერული ელექტრონიკის კვლევას. სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პირადად რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მუდმივად საქმის კურსშია და სრულად უჭერს მხარს ფაკულტეტის განვითარებასა და საერთაშორისო ჩართულობას. ის დიდი პოტენციალი, რომელიც ფაკულტეტს გააჩნია, გვიქმნის მყარ საფუძველს, რომ ის კიდევ უფრო გაძლიერდება, როგორც განათლებისა და ინოვაციების ჰაბი“, - აცხადებს ბორის გითოლენდია.

ბოლო სიახლეები