მედია როცა ხელს უწყობს პროცესების რადიკალიზაციას, რათა შემდეგ ეს სწორედ ამ კუთხით გაშუქდეს და დაპირისპირებულია სახელმწიფოს ინტერესებთან, რასაკვირველია, ეს შესაბამის საკანონმდებლო ჩარევას მოითხოვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, მედიასთან დაკავშირებული კანონპროექტებით სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება.
„რეალობა გვიჩვენებს, რომ მედიის მხრიდან მოვლენების გაშუქება იმისთვის არ ხდება, რომ საზოგადოებას გარკვეული ინფორმაცია მიეწოდოს. ეს კონკრეტული პირების მიერ დაგეგმილი კონსპირაციაა – ხშირად აქცია იმისთვის არის, რომ გაშუქდეს. ეს წინასწარ მოლაპარაკებული აქციაა, რომელიც უზრუნველყოფილია ერთი მხრივ, მედია გაშუქებით და მეორე მხრივ, პროცესების რადიკალიზაციის ერთმანეთთან დამთხვევით. სახელმწიფო ამ კონსპირაციას რაღაც რესურსით უნდა დაუპირისპირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განუკითხავი პროცესები დაიწყება. როდესაც მედია ხელს უწყობს პროცესების რადიკალიზაციას იმისთვის, რომ ეს შემდეგ სწორედ ამ კუთხით გაშუქდეს და დაპირისპირებულია სახელმწიფოს ინტერესებთან, რასაკვირველია, ეს შესაბამის საკანონმდებლო ჩარევას მოითხოვს.
სიტყვის თავისუფლება ვერანაირად ვერ შეიზღუდება. წლებმა გვიჩვენა, რომ მედიას სრული უფლება აქვს, არათუ გააშუქოს, არამედ ახალი მედიასაშუალებები დააფუძნოს და ნებისმიერ თემაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ილაპარაკოს. რასაკვირველია, ეს არ უნდა იყოს ტყუილი და რაც მთავარია, სიცრუე არ უნდა ექვემდებარებოდეს კონკრეტულ ამოცანას, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენოს. ამის რეგულირება შეიძლება იმ სტანდარტის დაცვით, რასაც განვითარებული დემოკრატიების და ევროპული სტანდარტი ჰქვია. კანონპროექტებს როცა წარმოვადგენთ, ჩვენ სწორედ ამ მიზნით ვმოქმედებთ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.