ორშაბათი, თებერვალი 3, 2025

გია ვოლსკი – კანონის გამკაცრებაა საჭირო, რათა ქვეყანაში წესრიგი შენარჩუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ, რომ გარკვეული პრობლემები შეექმნა ეკონომიკას, ტურიზმსა და ეროვნულ ვალუტას

კანონის გამკაცრებაა საჭირო, რათა ქვეყანაში წესრიგი შენარჩუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ, რომ გარკვეული პრობლემები შეექმნა ეკონომიკას, ტურიზმსა და ეროვნულ ვალუტას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „კანონები მკაცრდება, მაგრამ არაფერი ისეთი არ არის, რომელიც განვითარებულ დემოკრატიებში უცხოა“.

„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მასშტაბით განსახილველი საკითხები. ძალიან სერიოზული და საკმაოდ დაძაბული ვითარებაა მთელ მსოფლიოში. ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომელიც გზაგასაყარზე მდგომი მსოფლიოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია. არასდროს არ უნდა გამოვრიცხოთ ის, რომ საქართველოში იქნება გარკვეული გამოძახილი მსოფლიოს დონის დაპირისპირებებიდან, რომელსაც ახლა ვხედავთ. თუნდაც აშშ-ში, სადაც სახელმწიფოს ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებთან დაპირისპირებულები რამდენიმე ქალაქში გამოვიდნენ და გზების გადაკეტვაც მოინდომეს. ამ პროცესებთან მიმართებაში, რაც საქართველოში ხდება, ერთადერთი რამ შეიძლება ითქვას, გეგმაზომიერი მუშაობა მიმდინარეობს, რათა დესტაბილიზაციას ჰქონდეს შეუქცევადი პროცესი. არანაირი ცვლილება არ მომხდარა იმ გეგმაში, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია. კანონის გამკაცრებაა საჭირო, რათა ქვეყანაში წესრიგი იყოს შენარჩუნებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ გარკვეული პრობლემები ეკონომიკას, ტურიზმს და ეროვნულ ვალუტას შეექმნა. ეს არ უნდა გაგრძელდეს. არ შეიძლება, უარყოფითი ტენდენციების გაგრძელება იმ ქვეყანაში, რომელიც ყველა მაჩვენებლით წინაა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით.

კანონები მკაცრდება, მაგრამ არაფერი ისეთი არ არის, რომელიც განვითარებულ დემოკრატიებში უცხოა. თავდასხმა პოლიციელზე და სახელმწიფო შენობებზე საკმაოდ სერიოზულად ისჯება როგორც ევროპის სივრცეში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. საქართველოშიც საჭიროა გარკვეული ზომების მიღება, რათა ნაკლები რესურსის მქონე ქვეყანას არ მიადგეს სერიოზული ზარალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ეროვნული ბიბლიოთეკის პარლამენტიდან გამოყოფა და კულტურის სამინისტროსთან შეერთება არის მცდარი გადაწყვეტილება – კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტიდან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება უკვე მომზადებულია და პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული. ძალიან ბევრი მიზეზის გამო, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით, საიდანაც წელიწადზე მეტია წამოვედი, არცერთხელ მისაუბრია საჯაროდ - მიუხედავად, თითქმის ყოველკვირეული ინტერესისა, მედიის თუ საზოგადოების მხრიდან. არც ახლა ვაპირებ ვრცელ კომენტარს. მხოლოდ მოკლედ - ეროვნული ბიბლიოთეკის პარლამენტიდან გამოყოფა და კულტურის სამინისტროსთან შეერთება არის მცდარი გადაწყვეტილება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, გიორგი კეკელიძე წერს.

„ეიბისი ნიუს“: მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, – ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვასა და მისი სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას გეგმავდა. ამ განცხადებიდან მალევე, სააგენტოს ვებგვერდი გაითიშა. ის დღემდე არ არის აღდგენილი. დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ“. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ვიდრე USAID-ის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მისი ადმინისტრაცია სააგენტოდან „შეშლილებს“ გაათავისუფლებს.

ლეგენდარულ ოლიმპიელს, ნინო სალუქვაძეს გინესის სერტიფიკატები და მედალი გადაეცა

ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ერთდროულად ორგზის გინესის რეკორდსმენი გახდა. ეს აღიარება მან ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის რაოდენობების მიხედვით დაიმსახურა. რეკორდის რეგისტრაციის პროცესი საქართველოს რეკორდების ფედერაციის შუამდგომლობით განხორციელდა. 3 თებერვალს, საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც ქალბატონ ნინოს გინესის სერტიფიკატები და მედალი გადასცა საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ნინო სალუვაძეს დიდი აღიარება მიულოცეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტის სამინისტროს, სეოკ-ის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სროლის სახეობათა ფედერაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, სპორტსმენები, ნინო სალუქვაძის ოჯახის წევრები, მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ნინო სალუქვაძეს 1988-დან დღემდე ზედიზედ 10 ოლიმპიურ თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული და სხვადასხვა დროს სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ მას ერთდროულად ორ კატეგორიაში მიანიჭა რეკორდსმენის ტიტული: სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა და ქალი სპორტსმენი, რომელმაც ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი ოლიმპიელია, ვინც გინესის რეკორდსმენის ტიტული დაიმსახურა.

ვიქტორ ორბანი – ახლა გვჭირდება დიპლომატია, მოლაპარაკებების გარეშე ომი განადგურებამდე გაგრძელდება და უკრაინა გახდება ევროკავშირის ავღანეთი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მოლაპარაკებების გარეშე უკრაინას ემუქრება საფრთხე, ევროკავშირის ავღანეთად გადაიქცეს. გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ორბანმა მნიშვნელოვან შეცდომად დაასახელა დასავლეთის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინისთვის დახმარების გაწევა. „საჭირო იყო კონფლიქტის დაუყოვნებლივი იზოლირება, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და მოლაპარაკებების დაწყება. თავიდანვე ნათელი იყო, რომ უკრაინის გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა, თუ არ დავიწყებდით ფართომასშტაბიან ომს. ეს არ იყო ვარიანტი. დღეს უკრაინის დახმარების ერთადერთი გზა არის ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა“, – განაცხადა ორბანმა. უნგრეთის მთავრობის მეთაურის მოსაზრებით, ფართომასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა უფრო ადვილი იყო. მან ასევე უარყო მოსაზრება, რომ დასავლეთმა უკრაინას არასაკმარისი იარაღი მიაწოდა. „არანაირი იარაღი არ იქნებოდა საკმარისი. დასავლეთს ამ ომის მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ უკრაინაში თავის ჯარისკაცებს გააგზავნის. ეს კი გამოვრიცხეთ. უკრაინელებს უბრალოდ არ ჰყავთ საკმარისი ჯარისკაცები. აი, რატომ არის ახლა ტრამპი საჭირო“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. ვიქტორ ორბანი ასევე არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ვლადიმერ პუტინი დაკავებული ტერიტორიებით არ დაკმაყოფილდება და წინ წაიწევს. „არავინ იცის, რა ხდება პუტინის თავში. აზრი არ აქვს სპეკულაციებს, მაგრამ ახლა დიპლომატია გვჭირდება. ევროპელები მიიჩნევენ, რომ მორალურად არ არის სწორი მოლაპარაკებების წარმოება. ეს აბსურდია. ეს არის ის, რაც ომში უნდა გააკეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის განადგურებამდე გაგრძელდება და უკრაინა გახდება ევროკავშირის ავღანეთი“, – განაცხადა ორბანმა.

ფილმიდან „რეკორდი“ ჯოტია ცაავას როლს შემსრულებელი კობა ღვინიაშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომელი კობა ღვინიაშვილი, რომელსაც საზოგადოება იცნობს გურამ პატარაიას ფილმიდან „რეკორდი“, სადაც ის ჯოტია ცაავას როლს ასრულებს. კობა ღვინიაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში, მოძრავ სატელევიზიო სადგურში ოთხ ათეულ წელზე მეტი მუშაობდა. საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს კობა ღვინიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

ბოლო სიახლეები