ხუთშაბათი, მარტი 13, 2025

გია ვოლსკი – ვინც ფიქრობდა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში უნდა ჩართულიყო, მათთვის მთავარ თემად ისევ რჩება ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის იდეა

ვინც ფიქრობდა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში უნდა ჩართულიყო, მათთვის მთავარ თემად ისევ რჩება ხელისუფლების შეცვლის იდეა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ადამიანების დღის წესრიგში დღესაც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა.

„ვინც ფიქრობდა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში უნდა ჩართულიყო, მათთვის მთავარ თემად ისევ რჩება ხელისუფლების შეცვლის იდეა. ზუსტადაც ეს იყო ამოცანა, რომ საქართველო ერთ-ერთი ცხელი წერტილი ყოფილიყო, სადაც რუსეთი თავის ძალებს დახარჯავდა და აგრესიის მთავარი მიმართულება შემსუბუქდებოდა. ამის თაობაზე პირდაპირი განცხადებებიც გაკეთდა და მინიშნებებიც. რასაკვირველია, საქართველოს არსებული ხელისუფლება ამ შეკვეთას ვერ და არ შეასრულებს, რადგან ქვეყანა დაიღუპება. რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება სურდათ. ყველა ოპოზიციური ლიდერის მოთხოვნა და მოწოდება, სულ მცირე, სწორედ ეკონომიკური ომის დაწყება იყო. მაშინ პუნქტები გამოაქვეყნეს და დღეს ამას უარყოფენ. რასაკვირველია, ამ ხელისუფლების პირობებში ეს არ მოხდება. ჩვენ მიერ არსებული ინფორმაციები საფუძველს გვაძლევს, ვთქვათ, რომ დღის წესრიგში იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და დღესაც რჩება. ორმაგი სტანდარტით და უსამართლოდ როცა გელაპარაკებიან, პირველი კითხვა ჩნდება, რატომ ხდება ეს? საგარეო კურსის ცვლილება არ მომხდარა და არჩევნები იმ სტანდარტით ჩატარდა, რასაც ეუთო/ოდირის დასკვნა გვაუწყებს. მაშ, რა ხდება? დიდი ეჭვი გვაქვს, რომ პოლიტიკა არ შეცვლილა, ხელისუფლების ცვლილება მთავარი ამოცანაა. სისხლი როცა იღვრება და არაფერს ამბობ, როცა მსოფლიოში სისასტიკე ხდება და ხმა გაქვს გაკმენდილი, მაგრამ ამ დროს ლაშა ტალახაძესა და გენო პეტრიაშვილს ასანქცირებ, რასაკვირველია, ეს მიმართულია იქითკენ, რომ ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენო. საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან და ამბობენ, რომ ხელისუფლება ძალადობრივად უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარია ზახაროვა – რუსეთმა სირიაში, ხმეიმის სამხედრო ბაზაზე ცხრა ათასამდე ადამიანი შეიფარა

რუსეთმა სირიაში, ხმეიმის სამხედრო ბაზაზე ცხრა ათასამდე ადამიანი შეიფარა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა სირიაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.„ხმეიმის რუსულმა ავიაბაზამ გაუღო კარი ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც განადგურებისგან ხსნას ეძებდნენ. ისინი ხსნას ეძებდნენ და ესმოდათ, რომ ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩვენმა სამხედროებმა შეიფარეს რვა ათასზე მეტი სირიელი, ეს გუშინდელი დღის სტატისტიკაა, შესაძლოა, ცხრა ათასამდე სირიელი. საუბარია ძირითადად ქალებსა და ბავშვებზე. ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო პასუხი კითხვაზე სირიელების ბედში ჩვენს რეალურ წვლილზე“, – თქვა ზახაროვამ.მისი თქმით, რუსეთი შოკირებულია სირიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებით.„მსხვერპლი გახდა უდანაშაულო მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობა. ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია. ის არ შეიძლება, რამით იყოს გამართლებული. ჩვენ შეშფოთებულები ვართ სირიაში მოვლენების განვითარებით და მტკიცედ ვგმობთ მასობრივ ანგარიშსწორებას“, – თქვა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.„სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი“ ასევე იტყობინება, რომ ხმეიმიში მდებარე რუსულ ავიაბაზას ათასობით ალავიტმა შეაფარა თავი. ორგანიზაციის ცნობით, 6 მარტს სირიის ახალი ხელისუფლების მიერ დაწყებული ოპერაციის შემდეგ 1300-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს, რომელთა უმეტესობა ალავიტია. ალავიტების სექტა, რომელსაც სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ასადი წარმოადგენს, შიიტური ისლამის განშტოებაა და სირიის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.„სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის“ ცნობით, ძალადობას გამოქცეულმა მოსახლეობის ნაწილმა – რუსულ ავიაბაზას, ზოგმა კი მთებს შეაფარა თავი.

ბათუმის საქალაქო სასამართლო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა დასრულდა.მოსამართლე სათათბიროდ გავიდა და გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს.მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად ესწრებოდა. იგი თავს სამართალდამრღვევად არ ცნობს. მზია ამაღლობელი აცხადებს, რომ სტიკერი ნამდვილად გააკრა, მაგრამ ტყუილია, რაც დაკავების ოქმში წერია, რომ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.დაკავების ოქმის გაყალბებაზე საუბრობენ ადვოკატებიც. მათი განცხადებით, არსებობს ვიდეოჩანაწერები, რომლითაც ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება დასტურდება. მათი განცხადებით, ვიდეოჩანაწერში ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის.დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო, 173-ე მუხლით დააკავეს.საწინააღმდეგოს აცხადებენ მოწმე სამართალდამცველები. მათი თქმით, მზია ამაღლობელი მას შემდეგ დაკაავეს, რაც პოლიციელებს აქციის მონაწილეების დაკავებაში ხელს უშლიდა.დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები. დაიკითხა ადგილზე მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის „ნეტგაზეთის“ თანამშრომლები. მათი განცხადებით, ამაღლობელის მხრიდან პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფა არ გაუგიათ.მზია ამაღლობელი 11 იანვარს, გვიან ღამით აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, ერთი საათით დააპატიმრეს, გათავისუფლების შემდეგ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, ხელმეორედ, უკვე სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს. მზია ამაღლობელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

ელენე ხოშტარია – ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ გვექნება მდგრადი, თავისუფალი, კვალიფიციური საჯარო სამსახური

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ გვექნება მდგრადი, თავისუფალი, კვალიფიციური საჯარო სამსახური, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.მისივე თქმით, დღეს საჯარო მოხელეების მასობრივი რეპრესიები მიმდინარეობს.„დღეს საქართველოში რეჟიმის მხრიდან ხდება საჯარო მოხელეების მასობრივი რეპრესიები. მათ აქვთ საკუთარი აზრი, არიან მაღალი კვალიფიკაციის და უბრალოდ აგდებენ სამსახურებიდან. თან ამას სისტემური ხასიათი აქვს. ამიტომ, აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ კოალიციამ მათ შესთავაზოს კონკრეტული მხარდაჭერის ბერკეტები, როგორც მოკლევადიან პერსპექტივაში, ვიდრე რეჟიმი შეიცვლება, ასევე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ გვექნება მდგრადი, თავისუფალი, კვალიფიციური საჯარო სამსახური“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.„საჯარო მოხელეების მხარდაჭერა“ – ამ სახელწოდებით პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრეზენტაციას მართავს.

მარიამ ქვრივიშვილი – ყაზახეთიდან მზარდი ტურისტული ნაკადებისა და მოთხოვნის გამო, „ეარ ასტანა“ ატირაუ-თბილისის ახალ მიმართულებას ამატებს

27 მაისიდან ყაზახური ავიაკომპანია AIR ASTANA თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ მიმართულებას იწყებს – ავიაკომპანია ატირაუ-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ატირაუ-თბილისს შორის ავიამიმოსვლის დამატება  ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოთხოვნა ყაზახი ტურისტების მხრიდან საქართველოს ტურისტულ პროდუქტზე მზარდია.„ყაზახეთი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა საქართველოსთვის, აქტიურად ხდება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია ყაზახეთიდან კიდევ უფრო მეტი ტურისტის შემოსაყვანად და აღსანიშნავია, რომ  ძალიან წარმატებული იყო გასული წელი ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების კუთხით. სასიხარულოა, რომ „ეარ ასტანა“ და „ფლაი არისტანი“ დაფრინავენ როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში და გვემატება ახალი მიმართულება ატირაუდან, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოთხოვნა ყაზახი ტურისტების მხრიდან საქართველოს ტურისტულ პროდუქტზე მზარდია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყაზახეთიდან საქართველოს 178 930 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია,   ყაზახური ავიაკომპანიების წილმა კი ბაზრის 3,9 % შეადგინა.„ყაზახური ავიაკომპანია ახალ მიმართულება ამატებს და დამატებით სიხშირეებს განახორციელებს გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტულ ნაკადებს, შემოიტანს მეტ ტურისტულ დანახარჯებს და გააძლიერებს ტურიზმის სექტორში ჩართულ მცირე, საშუალო და მსხვილ მეწარმეებს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ  ცენტრალური აზიის უმსხვილესი ავიაკომპანია Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონზე, კვირაში ცხრა სიხშირით შეასრულებს. ოთხშაბათსა და შაბათს ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით დღეში ორჯერ იფრენს.სამინისტროს ცნობით, ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდზე ავიაკომპანია სიხშირეების ზრდას კვირაში 5-მდე განიხილავს. Air Astana ასევე ივნისიდან განაახლებს ფრენებს თბილისსა და ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას შორის კვირაში სამი სიხშირით.რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ქუთაისიდან ყაზახეთში ფრენებს ხუთი ქალაქის მიმართულებით Air Astana-ს შვილობილი ავიაკომპანია დაბალბიუჯეტური FlyArystan ასრულებს. ზაფხულის სეზონზე კი ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით, რეისების რაოდენობა კვირაში 10 სიხშირიდან 17-მდე გაიზრდება. FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასტანადან, ალმათიდან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ახორციელებს.ატირაუ-თბილისის მიმართულებით ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.airastana.com უკვე შესაძლებელია.

სერგეი ლავროვი – 2014 წლიდან ზავი არაერთხელ გამოცხადებულა, ირკვეოდა, რომ გვატყუებენ, ევროპელებს თუ სურთ, უკრაინელებმა ამერიკელებიც მოატყუონ, ტრამპის ადმინისტრაცია გაერკვევა ყველაფერში

უკრაინაში 2014 წლიდან ზავი არაერთხელ გამოცხადებულა, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.„როგორც 2014 წლიდან ისტორია გვაჩვენებს, დროებით ზავი უკვე გამოცხადებულა არაერთხელ. ეს არის მინსკის შეთანხმებებიც და ის შეთანხმებებიც, რომლებიც 2014 წლის პუტჩით დაირღვა, და შეთანხმებები სტამბოლშიც. ყველაფერი ეს ზავის გამოცხადებასთან იყო დაკავშირებული. მუდმივად, ყოველ ჯერზე, ასეთი შეთანხმებების მერე ირკვეოდა, რომ ჩვენ გვატყუებდნენ. გვატყუებდნენ უკრაინელები ევროპიდან თავიანთი პარტნიორების მხარდაჭერით“, – თქვა სერგეი ლავროვმა.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთს სჭირდება მდგრადი, მუდმივი მშვიდობა, რომელიც ეყრდნობა უკრაინაში ამჟამინდელი სიტუაციის გამომწვევი პირველადი მიზეზების აღმოფხვრას.„ახალ ევროპელებს თუ სურთ, გააკეთონ ისე, რომ უკრაინელებმა ამერიკელებიც მოატყუონ, მაშინ, ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას ყველაფერი მშვენივრად ესმის და ყველაფერში გაერკვევა“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ბოლო სიახლეები