გამოკითხულთა ჩვენებებმა დაგვანახა, რომ საქართველოს მიმართ დიდი ბოროტება იქნა ჩადენილი, დღეს კი პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანები ცდილობენ, დესტაბილიზაციის პროცესი შეუქცევადი გახადონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო, ოკუპირებული ტერიტორიების კუთხით, ამ დრომდე მძიმე მემკვიდრეობით მოვიდა.
„ქვეყნის 20% ოკუპირებულია და კვლავ დგას გამოწვევა, რომ მსოფლიოში დატრიალებული ცეცხლი, შეიძლება, საქართველოში შემოვიდეს. ამასთან დაკავშირებით მობილიზებულია ადამიანების რაზმი, რომლებიც თავს პოლიტიკურ სუბიექტებს უწოდებენ, ცდილობენ, ეს გასაჭირი საქართველოს თავს დააწიონ. ასეთ ვითარებაში საგამოძიებო კომისიის მუშაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
არცერთი სიტყვა მოშორებული ფაქტებიდან არ უნდა ითქვას, გამოკითხულთა ჩვენებებმა დაგვანახა, რომ დიდი ბოროტება იქნა საქართველოს მიმართ ჩადენილი, ძალიან მძიმე მემკვიდრეობით მოვედით, ოკუპირებული ტერიტორიები მაქვს მხედველობაში. დღეს კიდე ყველა ცდილობს, პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანები ცდილობენ, რომ როგორმე დესტაბილიზაციის პროცესი გახადონ შეუქცევადი. წარმოუდგენელი სურათი გამოიკვეთა, მაშინ ბერკეტები ჰქონდათ ამისი და დღეს ეს ბერკეტები არ გააჩნიათ, მაგრამ სამაგიეროდ ათეულობით მილიონი დოლარით არიან დაფინანსებულნი, რათა საქართველო კვლავ ვიღაცის სტრატეგიულ გეგმას, ამოცანას დაუქვემდებარონ. ეს არის სამწუხარო ფაქტი და ამ სამწუხარო ფაქტს უნდა უპასუხო პროფესიონალური, მაღალი დონის შეფასებით. დარწმუნებული ვარ, ეს შეფასებები იქნება დადებული ამ კომისიის მიერ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ კითხვებს პასუხობდა.