არავინ ელოდა, მარკო რუბიო განაცხადებდა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებასთან ინტენსიურ თანამშრომლობას ხვალიდან იწყებენ და მხარდაჭერილი რეზოლუცია მცდარია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერიმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, კონგრესმა „მეგობარი აქტის“ სახელით მიუღებელი რეზოლუცია მიიღო საქართველოს თაობაზე და რუბიოს პასუხი იყო, რომ ყველაფერს სიღრმისეულად ნახავენ, დასკვნებს გააკეთებენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„მსოფლიოში მძიმე პროცესები მიმდინარეობს. ამერიკა ინტენსიური მოლაპარაკებების პროცესშია რუსეთთან, რომელიც საქართველოს სტაბილურობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს. რასაკვირველია, არ უნდათ, მოლაპარაკების პროცესში ახალი თემა წარმოიშვას. იმ კონგრესს უპასუხა, რომელმაც „მეგობარი აქტის“ სახელით მიუღებელი რეზოლუცია მიიღო საქართველოს თაობაზე. ამ დოკუმენტში საქართველოს მოკავშირედ ირანი და ჩინეთი გახადეს, რაც არასწორია და ეს ყველამ იცის. აქედან გამომდინარეობდა მისი პასუხიც, რომ ყველაფერს კარგად ნახავენ, სიღრმისეულად ჩაიხედავენ, დასკვნებს გააკეთებენ და ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებენ. რასაკვირველია, არავინ ელოდა, რუბიო განაცხადებდა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებასთან ინტენსიურ თანამშრომლობას ხვალიდან იწყებენ და მხარდაჭერილი რეზოლუცია მცდარია. მცდარი რომ არის, ყველამ კარგად იცის. ვერ გამოიყენებენ ამ პროცესს, რამაც პოლიტიკურ ოპონენტებში მხიარულება და ყიჟინა გამოიწვია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.