პარასკევი, ივლისი 18, 2025

გთხოვთ გაავრცელოთ-სამტრედიაში, 22 წლის რეზო რუხაძეს ეძებენ

სამტრედიაში 22 წლის რეზო რუხაძეს ეძებენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლიდან, სოფელ იანეთიდან, გუშინ, დაახლოებით, 12 საათზე გავიდა.

იგი მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ოჯახი დახმარებას ითხოვს.

ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 571- 222- 943, ან შეატყობინეთ პოლიციას.

დაკარგული ბიჭის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მისი და. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

ჩემი ძმა, რეზო რუხაძე, 22 წლის, გუშინ, დაახლოებით 12 საათზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. არანაირი კავშირი არ გვაქვს მასთან. მისამართი, საიდანაც გავიდა: სამტრედიის რაიონი სოფელი იანეთი.

აღნაგობა: საშუალო სიმაღლის შავთმიანი ბიჭი.  ეცვა შავი შარვალი, შავი ან მწვანე ზედა, ასევე აქვს სამხედრო დიდი ზომის ზურგზაგი.

თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, თუ ნახეთ ან შეამჩნიეთ სადმე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ დაუყოვნებლივ:
571 222 943
გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს ინფორმაცია რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. თქვენი ერთ-ერთი გაზიარება შეიძლება გადამწყვეტი იყოს“,- წერს და.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შსს – ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში სროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში სროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თამარ ჩიბურდანიძე: ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც ისეთივე შანტაჟია, როგორც ზანგეზურის პროექტი. იაფფასიანი პოლიტიკის დრო უკვე დამთავრდა მსოფლიოში და ამას უნდა ხვდებოდნენ

ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც ისეთივე შანტაჟია ევროპისგან, როგორც ზანგეზურის პროექტი. საქმე იმაშია, რომ ამ მუქარის შერულების თავიც არა აქვთ, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკური შანტაჟის იარაღად ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემის გამოყენებას ეხმიანება.თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოება არ ეგუება შანტაჟს, რადგან მშვიდობა და სტაბილურობა ნამდვილად ურჩევნია გადაადგილების პროცესში ყოველგვარ შეღავათს.„როდის უნდა მიხვდეს დასავლეთი, რომ საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი არ ჭრის. რაც უფრო აძლიერებენ ჩვენზე ზეწოლას, მით უფრო იზრდება ხელისუფლების მხარდამჭერთა რაოდენობა. თუკი ევროპელები ქართული ოპოზიციის „რჩევებს” ითვალისწინებენ (როგორც ჩანს, ასეა), ვეტყვით, რომ ამათი პოლიტიკური გათვლები არათუ შავი ზღვის იქეთ, არამედ, შავი ზღვის აქეთაც ვერ ამართლებს. ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაც ისეთივე შანტაჟია ევროპისგან, როგორც ზანგეზურის პროექტი. საქმე იმაშია, რომ ამ მუქარის შერულების თავიც არა აქვთ. ვიზალიბერალიზაციის გაუქმება რომ შეეძლოთ, აქამდე იყრიდნენ ჯავრს „ურჩ ხელისუფლებაზე” და მეორეც, არც ეს აშინებს ქართველ ხალხს, მშვიდობა და სტაბილურობა ნამდვილად გვირჩევნია გადაადგილების პროცესში ყოველგვარ შეღავათს. არც ოჯახურ ღირებულებებს ვცვლით ჩვენი გენის გამანადგურებელ „უფლებრივ ღირებულებებზე” და არც ამერიკულ „FARA”-ს ვუწუნებთ რამეს.რაც შეეხება ზანგეზურის პროექტს, დასავლეთის მცდელობა, საქართველოს გვერდის ავლით შეძლონ აღმოსავლეთთან ახალი ეკონომიკური ჰაბის შექმნა, იდეაშიც კი მკვდარია. მათ კარგად იციან სამხრეთ კავკასიის რთული და ფეთქებადი პოლიტიკა. ისიც იციან, რომ საქართველო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე კავკასიაში, ეთნოკონფლიქტების დარეგულირებაში ერთადერთი მშვიდობის გარანტია.იქნება თუ არა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა, ესეც გარკვეულწილად ჩვენს ნებ აზეა დამოკიდებული და არა ევროპა-ამერიკის სურვილზე. იაფფასიანი პოლიტიკის დრო უკვე დამთავრდა მსოფლიოში და ამას უნდა ხვდებოდნენ. „როლური თამაშები”, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ, ზედმეტად ბრიყვულია და ამ პროცესებში მათ არავინ გაჰყვება. რეალური თვითმყოფადობის შეგრძნებამ მეტი დამაჯერებლობა შემატა ხელისუფლებას და ამ სიმაღლიდან იქ, ქვემოთ, „ევროპელ მბრძანებლებთან” ლახტობანას თამაში, მხოლოდ ოპოზიციის საქმეა“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ტატა ხვედელიანი – ვიბრძვით, რომ „ქართული ოცნების“ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი შემცირდეს, ბოიკოტის მომხრე პარტიებისგან დღემდე არ მიგვიღია არანაირი გეგმა ამასთან დაკავშირებით

ნებისმიერი ისტერიკის ფონზე, რომელსაც სხვადასხვა პარტია აწყობს, ჩვენ მაინც ვართ ამ ბრძოლაში და ვიბრძვით ამომრჩეველთა ხმებისთვის. ვიბრძვით იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი შემცირდეს, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.ხვედელიანი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ცესკო-ს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა.„არჩევნებში მონაწილეობა თუ არ სჭირდებათ, რატომ შეიტანეს განაცხადი? აქ არ მიიღება საუბრები ხელახალ არჩევნებზე, ან 2028 წლის არჩევნებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები მუდმივად იძახიან, ამ ვითარებაში არჩევნები ეს არ არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეცვალონ რამე ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი თუ არ სჭირდებათ, რატომ მიმართავენ განცხადებით? ჩვენთვის ერთნაირად პრიორიტეტულია ყველა პარტიის ამომრჩეველი, სწორედ ამიტომაც ვართ შესული ამ ბრძოლაში, სწორედ ამიტომ, ნებისმიერი რეპრესიის ფონზე, ნებისმიერი ისტერიკის ფონზე, რომელსაც სხვადასხვა პარტია აწყობს, ჩვენ მაინც ვართ ამ ბრძოლაში და ვიბრძვით ამომრჩეველთა ხმებისთვის. ვიბრძვით, რომ ამომრჩეველს დავანახოთ, რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გამო ჩვენი ქვეყანა. ვიბრძვით იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი შემცირდეს. ბოიკოტის მომხრე პარტიებისგან ჩვენ არ მიგვიღია დღემდე არანაირი გეგმა ან ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. საერთოდ არ ვიცით, რას აპირებენ, როგორ აპირებენ, რომ რეჟიმი წავიდეს დათმობებზე, პოლიტპატიმრების მიმართულებით პოზიციონირებას, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას? მთავარი ამ პროცესში არის ძალიან საინტერესო – დღესდღეობით ყველაზე მეტად ემთხვევა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები ერთმანეთს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.ცესკო-ს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა.

დიმიტრი სამხარაძე: ბეწვის ხიდზე გავდივართ! ევროპელი ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა! ჯერ ერთმანეთს უნდათ რომ დაგვაპირისპირონ, სისხლიანი სააკაშვილის რეჟიმი დააბრუნონ და მერე...

ქართველებო, ბეწვის ხიდზე გავდივართ! საქართველოში ომი რომ დაიწყოს, კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება! სამშობლოს დავკარგავთ და მერე გვიანი იქნება თავში ხელების რტყმა! ევროპელი კორუმპირებული, ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.დიმიტრი სამხარაძის თქმით, „დიფ სთეითის“ გეგმები არ შეცვლილა, ევროპელი ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში კვლავ მეორე ფრონტის გახსნაა.„ქართველებო, ბეწვის ხიდზე გავდივართ! საქართველოში ომი რომ დაიწყოს, კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება! სამშობლოს დავკარგავთ და მერე გვიანი იქნება თავში ხელების რტყმა! ევროპელი კორუმპირებული, ბიუროკრატი ჩინოვნიკების მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა! ჯერ ერთმანეთს უნდათ რომ დაგვაპირისპირონ, სისხლიანი სააკაშვილის რეჟიმი დააბრუნონ და მერე ომი გარდაუვალი იქნება! დიფსთეითის გეგმები არ შეცვლილა, ევროპას დააწვა რუსეთ-უკრაინის ომი და შესაბამისად, მაგათი მონა პოლიტიკოსების ზეწოლა საქართველოზე, ზუსტად მეორე ფრონტის გახსნისკენ არის მიმართული! 7 რეზოლუცია რამოდენიმე დღეში! არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ საფრთხეს ვერ იაზრებს! არიან სამწუხაროდ ისეთებიც, რომლებსაც საქართველო ეზიზღებათ, ემსახურებიან დიფსთეითის მონა ჩინოვნიკებს, შეგნებულად ცდილობენ საქართველოში არეულობის გამოწვევას და თან საკუთარ თავს ქართველებს უწოდებენ!! ერთად ვერავინ მოგვერევა!!საქართველოს ვერ დააჩოქებენ!“-წერს სამხარაძე Facebook-ზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გარდაცვლილი სტუდენტის, თორნიკე წილოსანის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მწუხარებას გამოთქვამს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტის, თორნიკე წილოსანის, მოულოდნელი გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის ნიჭიერი და იმედისმომცემი სტუდენტის - თორნიკე წილოსანის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. უკურნებელ სენთან ბრძოლა ერთობ ხანმოკლე და ტრაგიკული აღმოჩნდა გულისხმიერებითა და სიკეთით აღსავსე ჩვენი მაგისტრანტისთვის, მისი ოჯახისა და მეგობრებისთვის, მისი მშობლიური ლანჩხუთისა და მისი ალმა-მატერისთვის.გვინდა თორნიკე წილოსანის ოჯახმა იცოდეს, რომ მათი შვილი იყო მაღალი სამეცნიერო მოტივაციის მქონე, ნიჭიერი, კეთილშობილი და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა, რომელიც გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობითა და ადამიანური ღირებულებებით - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები 2019 წლიდან იცნობენ თორნიკეს, იმ დროიდან, როცა ის საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობდა და მიენიჭა პროფესიული უსაფრთხოების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.გვიჭირს ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმრით მივმართოთ თორნიკეს მშობლებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს - ღმერთმა მისცეს მათ ძალა და „ჭირსა შიგან გამაგრება“.გამორჩეული სტუდენტის, თორნიკე წილოსანის ხსოვნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის დიდხანს დარჩება მოუშუშებელ იარად. მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმარში.აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები - თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები უერთდებიან.

ბოლო სიახლეები