ჩრდილოეთ გვატემალაში არქეოლოგებმა მაიას ცივილიზაციის 3000 წლის წინანდელი ნაქალაქარი აღმოაჩინეს. მრავლადაა პირამიდები და მონუმენტები, რომლებიც მის, როგორც საცერემონიო ადგილის მნიშვნელობაზე მიუთითებს.
მაიას ცივილიზაცია დაახლოებით ძვ. წ. 2000 წელს წარმოიშვა და ზეობის პიკს ახ. წ. 400-900 წლებში მიაღწია თანამედროვე მექსიკის სამხრეთ ნაწილსა და გვატემალაში, ბელიზის, სალვადორისა და ჰონდურასის გარკვეულ ტერიტორიებზე.
ახლად აღმოჩენილ ნაქალაქარს „ლოს აბუელოსი“ უწოდეს, რაც ესპანურად „პაპა-ბებიას“ ნიშნავს. მდებარეობს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლის, უაშაკტუნიდან 21 კილომეტრში, გვატემალის პეტენის დეპარტამენტში.
ძეგლი თარიღდება „შუა პრეკლასიკური“ პერიოდით, რომელიც ძვ. წ. 800-500 წლებში იდგა. მეცნიერთა აზრით, ის მაიას ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი საცერემონიო ცენტრი უნდა ყოფილიყო.
„ძეგლს გამორჩეული არქიტექტურული დაგეგმარება აქვს. პირამიდებსა და მონუმენტებზე გვხვდება რეგიონისთვის უნიკალური იკონოგრაფია“, — წერს გვატემალის კულტურის სამინისტრო.
ქალაქს სახელი უწოდეს ძეგლზე აღმოჩენილი ორი მოხუცი ადამიანის მსგავსი სკულპტურის გამო.
ფიგურები ძვ. წ. 500-300 წლებით თარიღდება და შეიძლება დაკავშირებული იყოს წინაპართა დიდების უძველეს სარიტუალო პრაქტიკასთან.
ქალაქი დაახლოებით 16 კვადრატულ კილომეტრზეა გაშენებული და ის გვატემალელმა და სლოვაკმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უაშაკტუნის პარკის იქამდე ნაკლებად შესწავლილ ზონაში.
ახლომახლოს მათ ასევე იპოვეს 33 მეტრის სიმაღლის პირამიდა კედლის მხატვრობით და არხების უნიკალური სისტემა. ორივე მათგანი პრეკლასიკურ პერიოდს ეკუთვნის.
„ამ სამი ძეგლის ნაკრები ქმნის აქამდე უცნობ ურბანულ სამკუთხედს… აღმოჩენა გვაიძულებს, შევიცვალოთ წარმოდგენა ესპანელებამდელი პეტენის საცერემონიო და სოციალურ-პოლიტიკური ორგანიზების შესახებ“, — აღნიშნავს სამინისტრო.
აპრილში, ძეგლ ტიკალზე, მეცნიერებმა აღმოაჩინეს მექსიკის უძველესი ტეოტიუაკანის კულტურის 1000 წლის წინანდელი საკურთხეველი.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს აღმოჩენა მტკიცებულებაა ამ ორ კულტურას შორის კავშირისა; ისინი ერთმანეთისგან დაახლოებით 1300 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ.
ტიკალი უაშკატუნისგან 23 კილომეტრში მდებარეობს და წარმოადგენს გვატემალის მთავარ არქეოლოგიურ ძეგლს.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.