ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024

გვარამია დიდ გულზე არის ხოლმე უცხოეთიდან. უცხოეთიდან ამბობს, რომ თურმე თავის ამომრჩეველს უნდა გადააბრალოს რევოლუცია. ანუ ეუბნება, რომ რევოლუცია თქვენ გააკეთეთო და სათავეში მერე მე მოვჯდებიო – გურამ მაჭარაშვილი

გვარამია დიდ გულზე არის ხოლმე უცხოეთიდან. უცხოეთიდან ამბობს, რომ თურმე თავის ამომრჩეველს უნდა გადააბრალოს რევოლუცია. ანუ ეუბნება, რომ რევოლუცია თქვენ გააკეთეთო და სათავეში მერე მე მოვჯდებიო, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

„რა უნდა ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლეშიო ამას ამბობდა 4-5 წლის წინ და ახლა პირიქით, იქიდან აღარ უშვებს. ნათქვამია, რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო.

ახალ წელს ჩვენ მოგვილოცავს მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და რაც შეეხება ზურაბიშვილს, მას შეუძლია მივიდეს ხაზარაძის მიერ შექმნილ რაღაც ახალ ალტერნატიულ პარლამენტში. შენობას კარგს არაფერს იქირავებს ხაზარაძე, ფულს დაზოგავს. იქ შეუძლია მივიდეს ზურაბიშვილი და იქიდან მიულოცოს თავის პატრონებს ახალი წელი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას ნიკა გვარამია ეხმიანება. სოციალურ ქსელში ის პოსტს აქვეყნებს და ხალხს მოუწოდებს, არ გამოაყვანინონ პრეზიდენტის სასახლიდან სალომე ზურაბიშვილი და არ დაუშვან იქ მიხეილ ყაველაშვილის შესვლა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – მიხეილ ყაველაშვილის ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ხელი შევუშალოთ გარედან ხელოვნურად თავსმოხვეულ პოლარიზაციის ტენდენციებს

მიხეილ ყაველაშვილმა ბრიფინგზე გამოსვლისას მთავარი აქცენტი გააკეთა იმაზე, რაც უკავშირდება ე.წ პოლარიზაციას, რადიკალიზმს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ კუთხით განიხილა მისი, როგორც პრეზიდენტის ფუნქცია სამომავლოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამის მთავარი გარანტი ზეპარტიულობაა. „თუ პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციით ევალება ზეპარტიულობა, არ მოქმედებს ზეპარტიულად, ის პირიქით, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღვივებას, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. გასული წლების განმავლობაში გვქონდა ხელოვნურად პოლარიზებული პოლიტიკური სივრცე და იმის ხარჯზე, რომ პრეზიდენტი 2021 წლიდან გახდა პარტიულად მიკერძოებული თანამდებობის პირი, ის დამატებით აღვივებდა ჩვენს ქვეყანაში ე.წ პოლარიზაციას. მთავარი გასაღები სწორედ ზეპარტიულობაშია. პრეზიდენტი თუიქნება ზეპარტიული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ხელი შეუწყოს ე.წ დეპოლარიზაციას, რადიკალიზმის შემცირებას და ეს იყო მთავარი დაპირება, რაც გასცა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება, რათა ხელი შევუშალოთ გარედან ხელოვნურად თავსმოხვეულ პოლარიზაციის ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა პაპუაშვილი – მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე ოპონენტების პანიკური რეაქცია დასტურია, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ოპონენტების რეაქცია არის დასტური, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სწორი არჩევანი გააკეთა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება – ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება. „როგორც იცით, წელს პირველად მოხდება პრეზიდენტის არჩევა ამერიკული ტიპის არჩევნებით, კერძოდ, კოლეგიის მიერ, რომლის ნახევარსაც დააკომპლექტებს საქართველოს პარლამენტი. პარლამენტის საქმეც აქ მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ ეს პოლიტიკური გუნდის ერთგული გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილს, მგონი, ოპონენტების რეაქცია ყველაზე კარგი დასტურია, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. ნახეთ მათი პანიკური რეაქციები, შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. გასაგებია, რომ ჩვენ „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების მოსაწონი კანდიდატი არც გვეყოლება და არც უნდა გვყოლოდა. მათი რეაქცია დასტურია, რომ ზუსტად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და მიზანში გავარტყით იმ მხრივ, რომ ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მთავარი თვისება. ეს თვისება, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩვენს წინა სამ პრეზიდენტს არ ჰქონდა, ეს არის ქართველი ხალხის ერთგულება და ქვეყნის ინტერესებით მოქმედება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი თავისი განვლილი ცხოვრებით ადასტურებს, რომ ამ პოზიციაზე ღირსეული კანდიდატია. „ერთი მხრივ, მას აქვს წარმატებული სპორტული კარიერა და მეორე მხრივ, წარმატებული პოლიტიკური კარიერა. რვა წელია, აქტიურ პოლიტიკაშია, არის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი, პოლიტიკური მოღვაწე და პარლამენტის წევრი. ბოლო 20 წელია, ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო იმ რეჟიმის წინააღმდეგ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, დღევანდელი დღის ჩათვლით აკეთებდა ყველაფერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაცობა“, როგორც იდეოლოგია, არასდროს მობრუნებულიყო ქვეყანაში და არ დაეტრიალებინათ ის კოშმარი, რომლითაც ყოველ ჯერზე ემუქრებიან ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სოზარ სუბარი: რაც მალე გაიწმინდება პარლამენტი და მთლიანად პოლიტიკური ველი უსამშობლო აგენტებისგან, მით უკეთესი ქვეყნისთვის

„ოპოზიციის ნაწილი შემოვა პარლამენტში და ამას ღიად ამბობენ. ნაწილი კი, ველოდები, რომ შეასრულებს დაპირებას. მათ ძალიან ბევრჯერ თქვეს, რომ არ შემოვლენ პარლამენტში და იქნებ ამ ერთხელ მაინც შეასრულონ პირობა," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რა მოლოდინები არსებობს ოპოზიციის მხრიდან სადეპუტატო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით. სოზარ სუბარი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია ერთხელ მაინც შეასრულებს დაპირებას და უარს იტყვის მანდატებზე, რასაც მოჰყვება პოლიტიკური ველის აგენტებისა და მარგინალური ძალებისგან გაწმენდა. „ოპოზიცია არალეგიტიმურს უწოდებს პარლამენტს. ყველა ნახავს, როგორ შემოვა მათი უმეტესობა პარლამენტში და როგორ ცნობს მის ლეგიტიმაციას. ჯერ ერთი, ისინიც, ვინც შემოიტანა განცხადება პარლამენტის დატოვებაზე, ისინიც ამ განცხადებებს წერენ „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ შალვა პაპუაშვილის“ სახელზე. ესეც კი უკვე არის პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარება. ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ შემოიტანა განცხადება პარლამენტის დატოვებაზე და ველოდებით სხვებსაც. რაც მალე გაიწმინდება პოლიტიკური ველი და პარლამენტი უსამშობლო აგენტებისგან, მით უკეთესი ქვეყნისთვის. აგენტები, აგენტ-პროვოკატორები და უსამშობლოები არ უნდა განსაზღვრავდნენ ქართულ პოლიტიკას და არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში. როცა გაიწმინდება პოლიტიკური ველი ასეთი ადამიანებისგან და მოხდება მათი მარგინალიზაცია, მაშინ გაჩნდებიან ჯანსაღი ძალები და იქნება ჯანსაღი პოლიტიკური დებატები იმაზე, თუ ვის როგორ წარმოუდგენია ამა თუ იმ ძალას ქვეყნის მომავალი განვითარება. ოპოზიციის ნაწილი მაინც შემოვა პარლამენტში და ამას ღიადაც ამბობენ, მაგრამ ველოდები, რომ იქნებ ნაწილმა მაინც შეასრულოს დაპირება, რაც თავის ამომრჩეველს მისცეს და დატოვებენ მანდატებს. მათ ბევრჯერ თქვეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შემოვლენ პარლამენტში და იქნებ ამ ერთხელ მაინც შეასრულონ თავისი სიტყვა. უსამშობლოების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს. რაც მალე დაწერენ ამ განცხადებებს, მით მალე დავაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნას, ოღონდ გაბედონ და დაწერონ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სალომე სამადაშვილი – არალეგიტიმურ თავყრილობას მივმართავთ ადეკვატური ფორმით, პარლამენტს რომ მიმართო, უნდა არსებობდეს პარლამენტიც, მისი თავმჯდომარეც და არ არსებობს ასეთი

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა ტექსტით მივმართავთ იმ რაღაც დაწესებულებას, რაც, პირობითად ვთქვათ, არის არალეგიტიმური, დე ფაქტო, თვითგამოცხადებული საოკუპაციო ორგანო, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები მოუწოდებენ ოპოზიციას, მიმართონ პარლამენტს მანდატების დატოვების თაობაზე, რეალურად კი სურთ, ვინმემ აღიაროს საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი. „დღეს ან ხვალ ვაპირებთ მივმართოთ განცხადებით ბიძინას ზოოპარკად გადაქცეულ დაწესებულებას, სადაც გაუგებარი ხალხი შეიკრიბა და გამოაცხადეს, რომ ესაა პარლამენტიო, რომელშიც ოპოზიციიდან მონაწილეობას არავინ აპირებს. საქართველოს პარლამენტს არ აქვს არც პოლიტიკური, არც ლეგიტიმური შინაარსი. არალეგიტიმურ თავყრილობას, რომელმაც აღიარა არარსებული მანდატები, მივმართავთ იმ ფორმით, რომელიც იქნება ადეკვატური. პარლამენტს რომ მიმართო, უნდა არსებობდეს პარლამენტიც, მისი თავმჯდომარეც და არ არსებობს ასეთი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რა ფორმით მოხდება პარლამენტისთვის მიმართვა. „სამარცხვინო რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები როდესაც მოგვიწოდებენ, მოგვმართეთ განცხადებითო, მდინარაძე ყოველდღე გამოდის და იძახის, აბა, განცხადებები შემოიტანეთო, რა უნდათ, იცით? განცხადება იყოს იმ ფორმით, რომ ვინმემ აღიაროს საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, მაგრამ ეს პარლამენტი არ არსებობს. არ ვიცი, სხვა პარტიებმა რა განცხადების ტექსტით მიმართეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა ტექსტით მივმართავთ იმ რაღაც დაწესებულებას, რაც, პირობითად ვთქვათ, რომ არის არალეგიტიმური დე ფაქტო თვითგამოცხადებული საოკუპაციო ორგანო. მანდატი ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა და ახლა ცდილობენ, მიგვაღებინონ მონაწილეობა არაკონსტიტუციურ პროცესში, როცა აღიარეს, მათ შორის, ჩვენი უფლებამოსილება. დანაშაულში, მათ შორის, ჩემი ნების წინააღმდეგ მონაწილეობას ვერავინ მიმაღებინებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ბითლისთან მიწისძვრა იყო. ბიძგები თურქეთის დროით დილის 05:50 საათზე დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ბიძგების სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი 8.71 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ბოლო სიახლეები