ირანის ახალ ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნა ადასტურებს – თეირანში ყალიბდება სამხედრო დიქტატურა, რომელშიც რევოლუციური გვარდია დომინირებს. ეს ძალა კაპიტულაციაზე არ ფიქრობს და ვაშინგტონთან მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს. ამის შესახებ გერმანული მედიასაშუალებები იუწყებიან.
„ირანთან დაკავშირებული ტრამპის გეგმები ჩაიშალა,“ – წერს გერმანული გამოცემა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ და დასძენს: „მოჯთაბა ხამენეის კანდიდატურის წამოყენება ადასტურებს, რომ ირანის რეჟიმი კაპიტულაციაზე არ ფიქრობს“.
გაზეთის ცნობით, ირანში შექმნილი ვითარების შესახებ რეალისტური სურათის წარმოჩენა ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყებიდან უკვე 10 დღე გავიდა.
„ვაშინგტონიდან წამოსული ტრიუმფალური ცნობები თანხვედრაში არ არის იმ ფაქტთან, რომ ირანელები თავიანთ მეზობლებსა და ისრაელს ისევ ბომბავენ,“ – წერს გერმანული გაზეთი და იქვე ამატებს, რომ ირანული რაკეტებით მიყენებულ ზიანს არც თეირანის მიერ გავრცელებული თავდაჯერებული განცხადებები შეესაბამება.
როგორც „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ წერს, ტრამპის მიერ უარყოფითად შეფასებული ფიგურისთვის ძალაუფლების გადაცემამ აჩვენა, რომ „ვენესუელური სცენარით“ ირანში მოვლენების განვითარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
გერმანული გაზეთი მიიჩნევს, რომ ორივე მხარის სტრატეგიული პოზიცია უარესდება: ირანი კარგავს სამხედრო რესურსს, რადგან მისი იარაღის დიდი ნაწილი უკვე განადგურდა, ხოლო აშშ-ისრაელის ალიანსი, სახმელეთო ძალების გარეშე, მოვლენების საკმარისად გაკონტროლებას ვერ ახერხებს.
„ამ დაპირისპირების საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია,“ – დაასკვნის გაზეთი.
თავის მხრივ, „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ წერს, რომ ირანის უმაღლეს თანამდებობაზე მოჯთაბა ხამენეის ნომინირება, ფაქტობრივად, გადატრიალება იყო და არა არჩევნები.
„ხამენეის, როგორც ხელისუფლების უწყვეტობის სიმბოლური ფიგურის, ქვეყნის სათავე მოსვლით, ისლამური რესპუბლიკა სამხედრო დიქტატურად გადაიქცა,“ – აცხადებს „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ და დასძენს, რომ დღეს თეირანის მმართველები არიან გენერლები და პოლიტიკოსებად ქცეული ყოფილი გენერლები, რომლებიც არც ტრამპთან და არც საკუთარ ხალხთან დიალოგს არ აპირებენ.
ჟურნალი „შპიგელი“ კი წერს, რომ ამჟამად „ირანში დღის წესრიგს რადიკალები ადგენენ“ და რომ მოჯთაბა ხამენეიზე არჩევანის გაკეთება ნიშნავდა რევოლუციური გვარდიის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, რომელიც ტრამპთან მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის.
ჟურნალი ხაზს უსვამს, რომ მოჯთაბა ხამენეი მჭიდროდ არის გვარდიასთან დაკავშირებული. ის, უკვე 17 წლის ასაკში, მათ რიგებში ერაყის წინააღმდეგ იბრძოდა.
„შპიგელის“ აზრით, რეფორმატორები, მათ შორის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, საბოლოოდ დამარცხდნენ, ახალი ლიდერი და მისი გარემოცვა კი „დაპირისპირებაზე დებენ ფსონს“.
წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP (Polska Agencja Prasowa)

