გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის ახალ შეტევას ღაზაში „ღრმად შემაშფოთებელს“ უწოდებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის არმიის გაძლიერებული შეტევა ღაზის სექტორში შეშფოთებას იწვევს როგორც ისრაელის სტრატეგიულ მიზნებთან, ასევე ანკლავში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
„ისრაელს, ყველა სხვა სახელმწიფოს მსგავსად, აქვს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში თავდაცვის უფლება, მაგრამ მოქმედების ამჟამინდელმა კურსმა შეიძლება, გამოიწვიოს დარჩენილი მძევლების დაკარგვა, მათ შორის გერმანელი მძევლების, რომლებიც თითქმის 600 დღის განმავლობაში კვლავ „ჰამასის“ საპყრობილეებში არიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეტევამ ასევე შეიძლება, გააუარესოს ღაზის მოსახლეობის „კატასტროფული“ ჰუმანიტარული მდგომარეობა და მძევლების ხვედრი, და კიდევ უფრო შეამციროს გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა.
განცხადების თანახმად, გერმანიის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ისრაელელ კოლეგასთან, გიდეონ საართან, სიტუაციის განსახილველად და რჩება მჭიდრო კონტაქტში რეგიონის სხვა პარტნიორებთან.
ამასთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელელ სამხედროებს ღაზაში შეტევის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ პალესტინელმა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა აღარ უნდა გადაიხადონ ომის საფასური.
„ჩვენ უნდა ვუთხრათ ისრაელის მთავრობას: „საკმარისია!” ჩვენ აღარ გვსურს, ვუყუროთ პალესტინელი მოსახლეობის ტანჯვას“, – განაცხადა ტაიანიმ.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყეს. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში იუწყებიან, ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ღაზის სექტორში სტრატეგიულ ობიექტებს იკავებენ. ამავე დროს, პალესტინის ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 146 ადამიანი დაიღუპა.