გერმანია უკრაინის დახმარებას სამი მილიარდი ევროთი გაზრდის. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიის ოთხმა პარტიამ, რომლებმაც ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს „ვალის მუხრუჭის“ რეფორმასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების დროს ასევე შეათანხმა უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფაც.
შესაბამის შეთანხმებას მიაღწიეს „ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიულმა ბლოკმა, გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ და პარტიამ „კავშირი 90“/„მწვანეებმა“.
„ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი აღნიშნული სახსრების გამოყოფას დათანხმდა.
უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამიზნული დამატებითი თანხა, შეიძლება, უკვე მომავალ კვირაში გამოყონ.
ცნობისთვის, გერმანიაში საარჩევნო კამპანიის დროს ამ თანხის გამოყოფის შესახებ, რაც აუცილებელია კიევისთვის შეიარაღების მიწოდების გასაგრძელებლად, მწვავე დებატები მიმდინარეობდა.
როგორც გერმანული მედია წერს, კანცლერი შოლცი დათანხმდა ამ ნაბიჯს იმ პირობით, რომ „ვალის მუხრუჭის“ პოლიტიკა შერბილდება გერმანიის თავდაცვითი ხარჯების გასაზრდელად. ეს რეფორმა საშუალებას იძლევა, თავდაცვითი ხარჯები გათავისუფლდეს გერმანიის კონსტიტუციაში გაწერილი „ვალის მუხრუჭისგან“ და შეიქმნას 500 მილიარდი ევროს ოდენობის სპეციალური ფონდი ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დასაბანდებლად. პარტიებს შორის კომპრომისი ასევე ითვალისწინებს 100 მილიარდი ევროს გამოყოფას კლიმატისა და ტრანსფორმაციის ფონდისთვის.