გერმანია არ აპირებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში, ეს ჩვენი ომი არ არის, – ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბეილმა განაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
კლინგბეილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ხელისუფლება „ტერორისტული რეჟიმია“, საჰაერო დარტყმები, სავარაუდოდ, პრობლემის მუდმივ გადაწყვეტას ვერ უზრუნველყოფს და არსებობს სერიოზული კითხვები მათ საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობის შესახებ.
„ძალიან მკაფიოდ ვამბობ: ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ ამ ომში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა კლინგბეილმა.
მისი თქმით, მსოფლიოში არ უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი წესრიგი, სადაც „მხოლოდ ძლიერის კანონი მოქმედებს“.
ამასთან, გერმანიის ვიცე-კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები კვლავ წესებზე დაფუძნებულ სისტემას უნდა დაეყრდნოს.

