გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი ამბობს, რომ თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, კარგი აზრი არაა ამ ორგანიზაციაზე ცუდად საუბარი. მან ამის შესახებ მზია ამაღლობელის პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას “ოცნების” წარმომადგენლების განცხადებებზე ევროპელი დიპლომატების მიმართ.
„მე წარმოვადგენ გერმანიას. ჩვენ ვართ საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორები და ჩვენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვართ. საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამავდროულად მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირს, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ, მე ვიტყოდი, რომ ეს დეზინფორმაციაა. ვიტყოდი, რომ თუ გსურთ შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიც ევროკავშირია, არ არის კარგი აზრი მასზე ასე ცუდად საუბარი“, – განაცხადა ელჩმა.
ამასთან, პეტერ ფიშერმა მოუწოდა ტელეკომპანია „იმედს“ დაამტკიცონ მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომ ელჩი ოპოზიციას მითითებებს აძლევს.
„მე მაქვს კითხვა ტელეკომპანია „იმედთან“ – რატომ თქვით გუშინ, რომ მე ვაძლევ მითითებებს რადიკალურ ოპოზიციას? რის საფუძველზე გაავრცელეთ ეს ინფორმაცია? ეს ცრუ ინფორმაციაა და მე გიწვევთ დაამტკიცოთ, რომ მე ვაძლევ მითითებებს ოპოზიციას“ – განაცხადა ფიშერმა.

