პარტია „ გახარია საქართველოსთვის“ საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას დაბარებას ეხმაურება.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, გახარია 23 ივნისს არის დაბარებული, თუმცა საქართველოში არ იმყოფება და გამოთქვამს მზაობას, კომისიას დისტანციურად ჩაერთოს.
პარტიაში აცხადებენ, რომ კომისია უარს აცხადებს გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი გახარიას ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით, ჩორჩანის საკითხზე.
როგორც იცით, გიორგი გახარია ერთხელ უკვე წარსდგა კომისიის წინაშე 2025 წლის 14 აპრილის სხდომაზე, რომელიც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კომისიას ორჯერ წერილობით ეცნობა, რომ გიორგი გახარია ამჯერადაც მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, გამოთქვა მზაობა, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ, ე.წ. ონლაინ რეჟიმში, რასაც, ერთი მხრივ, კომისიის დებულება ითვალისწინებს, მეორე მხრივ, ერთხელ უკვე თავად კომისიის მიერ იყო შემოთავაზებული აპრილში, პირველი მიწვევის ფარგლებში.
მიუხედავად ამისა, კომისიისგან 22 ივნისს ოფიციალურად გვეცნობა, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა, თუ საგამოძიებო კომისია რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული.
გიორგი გახარია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანის საგუშაგოს საკითხზე დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კიდევ ერთხელ დაიბარეს. გახარია ჩორჩანის, წაღვლისა და სხვა სოფლების თემაზე სასაუბროდ არის დაბარებული.