გახარიას გუნდი თეა წულუკიანს მოუწოდებს, ე.წ. კომისიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხაზაზიშვილი გამოკითხოს. ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მუხროვანის ამბოხი გაიხსენა, რომელსაც გია კრიალაშვილი შეეწირა.
გოგიჩაიშვილის თქმით, 2013 წელს ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ივანიშვილის ტელევიზიაში განაცხადა, რომ სისხლიანი სპეცოპერაცია სწორედ ზვიად ხარაზიშვილმა ჩაატარა. პოლიტიკოსის თქმით, ამასვე ამტკიცებდა კრიალაშვილის დაც, რომელიც ამბობს, რომ ხარებამ ამ სპეცოპერაციაში 12 ათასის ოდენობით პრემია აიღო. 2013 წლის 23 ივნისს ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია – ტვ9-ის გასულ სიუჟეტში, ერთ-ერთი ყოფილი სპეცრაზმელი პირდაპირ ხელს ადებს ხარებას და სიტყვა-სიტყვით ამბობს – „სპეცოპერაცია ჩაატარა სოდის სპეცრაზმმა ზვიად ხარაზიშვილმა კიდე სამ კაცთან ერთად. მათი იარაღი დღესაც პროკურატურაშია. ამ ოთხმა ადამიანმა იმ თვეში 12 000 ლარი პრემია აიღო.“
ხოლო ეს არის ინტერვიუ გია კრიალაშვილის დის, ქალბატონი ლიასი, რომელიც 2014 წლის 3 თებერვლის ამბები.ჯისთან სიტყვა-სიტყვით ამბობს – „მთელმა საქართველომ ნახა კადრები, სადაც მერაბიშვილი დგას და ითხოვს ორ გვამს, თან ამატებს, რომ მოგცემთ დიდ პრემიასო. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პირი, ვინც ეს პრემია აიღო, არის ზვიად ხარაზიშვილი, სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა გიას ლიკვიდაციის სპეცოპერაცია და ვინც ჩაცხრილა ჩემი ძმა პირადად. მაშინ ეს ადამიანი სოდის სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო.
ეს ყველაფერი არის საკმარისზე მეტი ინფორმაცია, რათა ე.წ. ოცნების კომისიამ დაიბაროს ხარება, რომლის სახელიც უმძიმეს დანაშაულებთანაა დაკავშირებული.
ქალბატონო თეა, მესმის, რომ თქვენ დამარცხდით მურუსიძესთან, ახლა გაქვთ შანსი არ დამარცხდეთ მიშას კიდევ ერთ სისხლიან ჯალათ ხარებასთან. გაბედე და დაკითხე ხარება.
მაგრამ ამ ე.წ. კომისიის მიზანი არ არის სრული სიმართლის ჩვენება მაყურებლისთვის. მათ ეშინიათ სრული სიმართლის, რაც გახარიას დაბარებისას საქართველოს მოსახლეობამ კარგად დაინახა”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.