ერთი დღე საქართველო-სომხეთის შეხვედრამდე – ერევანში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მატჩს თბილისში, დინამო არენაზე გამართავს. კაპიტანი ბრუნდება – ერთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში გურამ კაშია ითამაშებს.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარკვეულ ცვლილებებსაც გეგმავს და სხვა მოთამაშეებისთვისაც აპირებს შანსის მიცემას, – ამის შესახებ ვილი სანიოლმა, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. სანიოლი, გუნდთან ერთად, სომხეთთან გამარჯვებაში დარწმუნებულია.
“ვფიქრობ, საპასუხო მატჩში არ იქნება მოტივაციის პრობლემა. გარკვეულ ცვლილებებს ვგეგმავ, სხვა მოთამაშეებსაც მიეცემათ შანსი. ჩვენმა ფეხბურთელებმა იციან, რომ აქ მაღალი კონკურენციაა და თუ თავს კარგად არ წარმოაჩენ, შენი შანსები შემცირდება. მე სხვადასხვა პოზიციაზე არაერთი ძლიერი მოთამაშე მყავს და მათ მოტივაციაში ეჭვი არ მეპარება.
კი, ჩვენ პირველი მატჩი 3:0 მოვიგეთ, თუმცა ახლა საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ხვალ ოფიციალური მატჩი გვაქვს და მე არ ვაპირებ მთელი გუნდის შეცვლას და გადახალისებას. კაშია ბრუნდება – ტაქტიკის ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია. მომავალში ვაპირებთ ისე ვითამაშოთ, როგორც სომხეთთან ვითამაშეთ. კაშია პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, კარგად მოერგება ტაქტიკას,” – განაცხადა ვილი სანიოლმა.