ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნა: სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, უნდა მიეღწია სავარაუდოდ 8-10 წუთში

მდ. ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები განაპირობა: მყინვარის ინტენსიურმა დნობამ, მყინვარის სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლამ, მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ პირველად შეფასებაშია ნათქვამი.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, 2023 წლის 3 აგვისტოს, მდ. ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.

„ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების  გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმანალექებმა. დინამიკაში მოსული კლდეზვავური მასალა და მყინვარული მასის ნაწილი ხეობის ზედა ნაწილშივე ტრანსფორმირდა გლაციალურ ღვარცოფულ ნაკადად. კალაპოტში დიდი სიჩქარით გავლილმა ნაკადმა, ხეობის შუა და ქვედა ნაწილში, ორივე ბორტის გასწვრივ გამოიწვია ფერდობების ძირის გამორეცხვა და ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული სხეულების წარმოქმნა-გააქტიურება. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მასშტაბის ახალი მეწყრულ-ეროზიული კერები ჩამოყალიბდა მდ. ბუბისწყლის პრაქტიკულად ყველა შენაკადში. ამრიგად, ხეობის ზემო წელში ფორმირებულ მყარ ნაკადს, მდ. ჭანჭახთან შეერთებამდე, დაემატა როგორც მდ. ბუბისწყლის კალაპოტის გასწვრივ ნაპირგარეცხვის შედეგად ჩამოშლილი მეწყრული მასები, ასევე შენაკადებიდან ტრანსპორტირებული ნაშალი მასალა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის (ავტომატური წყლის ხარჯის მზომი სენსორი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე მდ. ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია“, – ნათქვამია პირველად შეფასებაში.

როგორც დასკვნაშია ნათქვამი, ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის (ენერგეტიკული პოტენციალი), მორფოლოგიური პირობების და მანძილის გათვალისწინებით,  სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს წინასწარი გათვლებით უნდა მიეღწია სავარაუდოდ 8-10 წუთში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა, გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების  გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.

„მდ. ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები განაპირობა: მყინვარის ინტენსიურმა დნობამ, მყინვარის სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლამ, მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან;

მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის (ავტომატური წყლის ხარჯის მზომი სენსორი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე:

– სტიქიის განვითარებამდე, მდ. ბუბას ხეობაში წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია (მდ. ჭანჭახზე არსებულ სადგურზე წყლის დონის კლება არ დაფიქსირებულა);

– 2023 წლის 3 აგვისტოს,სტიქიური მოვლენის განვითარების პროცესში უშუალოდ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში  წყლის მასის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია;

ზემოთ აღწერილი, 3 აგვისტოს  მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია“, – აღნიშნულია პირველადი შეფასების დოკუმენტში.

დასკვნაში ნათქვამია, რომ მდ. ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში დამატებით ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებს, რის საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები შემდგომი ღონისძიებების განსახორციელებლად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი კახიანი – არავის განადგურება არ გვინდა, ჩვენი მიზანია, მოქმედებდეს ძლიერი პარტიული სისტემა, რომლის ფარგლებშიც, ხელისუფლების გარდა, იქნებიან ძლიერი ოპოზიციური პარტიები

არავის განადგურება არ გვინდა. ჩვენი მიზანია, საქართველოში ძლიერი პარტიული სისტემა მოქმედებდეს, რომლის ფარგლებშიც, ხელისუფლების გარდა, ძლიერი ოპოზიციური პარტიები იქნებიან და რადიკალურ, დესტრუქციულ ჯგუფებს მონოპოლიზებული არ ექნებათ ოპოზიციური ფლანგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.კახიანის თქმით, კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პარტია არაკონსტიტუციურ საქმიანობას თუ ეწევა, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.„სწორედ ამ მიზნით მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ სარჩელს, ინფორმაცია არ მაქვს, გასაჩივრებული რა აქვთ, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ მათი საქმიანობა კანონმდებლობით დარეგულირებადია და მათი დარღვევები იმას გამოიწვევს, რის მიღწევასაც საკონსტიტუციო სასამართლოს საშუალებით ვცდილობთ. რადიკალური ჯგუფებისთვის კანონმდებლობა მხოლოდ იმ ნაწილში არსებობს, რაც, მათი აზრით, შეიძლება, პარტიულ ინტერესებს შეესაბამებოდეს. ისინი არ აღიარებენ არც კანონმდებლობას და არც სხვა რამეს. ამ ძალისთვის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა არაფერი დგას. მზად არიან, ამ გზაზე ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლური ნაბიჯები გადადგან და მათ საქმიანობაში ღალატიც ყოფილა“, – განაცხადა კახიანმა.

შეიძლება თუ არა ბავშვის ბანაობა ვირუსული ინფექციის დროს – ივანე ჩხაიძე საუბრობს

მიმდინარე პერიოდში სეზონური ვირუსები აქტიურდება. მშობლებისთვის კი ეს განსაკუთრებული გამოწვევაა, რადგანაც ვირუსი საბავშვო ბაღსა და სკოლებში უფრო სწრაფად ვრცელდება.ხშირად მშობლები ბავშვს, რომელსაც ვირუსი აქვს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, არ აბანავებს, უფრო თბილად აცმევს და ოთახსაც არ ანიავებს. ასევე, ანტიბიოტიკიც შესაძლოა, თვითნებურად გამოიყენოს - რამდენად სწორია ეს მიდგომა, რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისათვის, რომ შვილის სწრაფად გამოჯანმრთელებას ხელი შეუწყოს და ზოგადად, რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ახლა ქვეყანაში, თემაზე გადაცემაში "დღის პოსტი" იაშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს:- ახლა ყველაზე აქტიური რინოვირუსია. ეს არის ვირუსი, რომელსაც გაციების სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. პაციენტს ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, მსუბუქი ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა აღენიშნება. რინოვირუსს მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 50%-ზე მეტი რინოვირუსია. შემთხვევებმა მოიმატა. რინოვირუსი 5-7 დღე გრძელდება. თუმცა, პირველი 3-4 დღე უფრო მეტად გამოხატულია. მას მძიმე მიმდინარეობა, მაგალითად, ფილტვების ანთების განვითარება, ძალიან იშვიათად ახასიათებს.ანტიბიოტიკი ვირუსის წინააღმდეგ არ მოქმედებს. ზოგჯერ, სამწუხაროდ, არა მხოლოდ მშობლის, არამედ ექიმის რეკომენდაციაცაა, რომ თუ ბავშვს 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს სიცხე და ყელი ძალიან წითელი აქვს, ანტიბიოტიკი უნდა გამოიყენონ. არც ერთი ეს რჩევა რეალურ შედეგთან ახლოსაც არ არის. ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს შეიძლება. სეზონურ ვირუსებთან საბრძოლველად, რაც არ უნდა კარგი, ძვირად ღირებული ანტიბიოტიკი გამოვიყენოთ, უშედეგო იქნება. სამწუხაროდ, ანტიბიოტიკი გვერდითი მოვლენების განვითარების ალბათობითა და სიმძიმით, ერთ-ერთი გამორჩეული მედიკამენტია. ამიტომ, უნდა მოვერიდოთ და მისი დანიშვნის გადაწყვეტილება მხოლოდ ექიმმა უნდა მიიღოს. ექიმიც ამ გადაწყვეტილებას დიაგნოზის საფუძველზე იღებს. ეს შეიძლება, იყოს: ფილტვების ანთება, ყელის ჩირქოვანი პროცესი, ყურის ჩირქოვანი ანთება და ასე შემდეგ. ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკი უფრო მეტად მტერია, ვიდრე მოყვარე.ბანაობის აკრძალვა არასწორია. ასევე, ოთახის ხშირი განიავებისა და ფანჯრის გაღების შიში არასწორია. გარდა ამისა, ბევრი ტანსაცმლის ჩაცმაც არასწორია. პირიქით, როდესაც ბავშვს სიცხე აქვს, მას რაც შეიძლება, ნაკლები უნდა ჩააცვათ იმიტომ, რომ ამით სითბოს გაცემას ხელს უწყობთ, რაც ტემპერატურას ამცირებს.ოთახის განიავება აუცილებელია, რადგან თუ თქვენ ოთახში ხელოვნურად 24-25 გრადუსი გექნებათ შექმნილი, ბავშვის ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად მოიმატებს.ვირუსებს, რომლებიც ახლა ცირკულირებს, გაციების გამოწვევა შეუძლია. გაციება ზოგადი მდგომარეობის დამრღვევი დაავადება არ არის. თუ ბავშვს შესაძლებლობა და სურვილი აქვს, რომ გაისეირნოს, გავასეირნოთ. თუმცა, ასეთ დროს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის. ბავშვმა, რომელიც გაციებულია, არ შეიძლება, ფეხბურთი ითამაშოს ან ვარჯიშზე წავიდეს.იხილეთ გადაცემა ვრცლად: 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – საჭიროა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისთვის სანდოობის დაბრუნება, სამართლიანი არჩევნების ორგანიზება

საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არის ის, რომ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს სანდოობა უნდა დაუბრუნდეს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვაზე პასუხისას ჟურნალისტებს განუცხადა.„ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია, რასაც ერთი წლის წინაც მოვუწოდებდით. საჭიროა, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისთვის სანდოობის დაბრუნება, სამართლიანი არჩევნების ორგანიზება და ამის შემდეგ, შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ პროცესების დეგრადირებასა და დემოკრატიის უკუსვლას. ეს იმედგაცრუებას იწვევს. განსაკუთრებით იმ დიდი მოლოდინების ფონზე, რომლებიც ლიეტუველ ხალხს აქვს და ასევე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მოლოდინები, რაც მათ ევროპული პერსპექტივის მიმართ აქვთ. ჩვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერები ვართ. მე ჯერ კიდევ მჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მაგრამ ისინი ვერ ეწყობიან ამჟამინდელ მდგომარეობას და ზომები, რომელსაც ამჟამინდელი რეჟიმი იღებს პოლიტიკური ოპოზიციისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ამ ტენდენციას ვხედავ“, - აღნიშნა მინისტრმა.მისი თქმით, იმედი აქვს, მომავალ წელს ევროკავშირი გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას და რომ „ქართული რეჟიმი შეცვლის პოზიციას და გადახედავს სტრატეგიას, სად არის საქართველოს ადგილი“.„როცა ასეთი გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება მსოფლიოში, ეს ახლა უდიდესი კითხვაა, მათ შორის თბილისშიც - სად ვართ ახლა. მსოფლიოს რომელ ნაწილს ვეკუთვნით", - აღნიშნა ბუდრისმა.

გია ვოლსკი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, აღარ არსებობს, არც მალავენ, რომ რევოლუციურ კომიტეტად გადაკეთდნენ, საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვთ, რათა სალაპარაკო ჰქონდეთ

პოლიტიკურ ველზე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აღარ არსებობს. თავის თავს რაც არ უნდა უწოდონ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, აღარ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლოში საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვს, რათა მათ სალაპარაკო ჰქონდეთ“.„არ შეიძლება, მუდმივად რევოლუციური სცენარი მოქმედებდეს. არც მალავენ, რომ პოლიტიკური სუბიექტებიდან რევოლუციურ კომიტეტად გადაკეთდნენ. საკონსტიტუციო სასამართლომ ამის კონსტატირება უნდა მოახდინოს. საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვთ, რათა სალაპარაკო ჰქონდეთ. თავადვე აღიარებენ და იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ არ არსებობენ, როგორც პარტია და არსებობენ, როგორც რევოლუციური კომიტეტები. სტრასბურგის სასამართლოს თავად აქვს ნათქვამი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა და მათი მეთოდებით ქვეყნის მართვა სისტემური იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირაკლი ფავლენიშვილი – 4 ოქტომბერს ხალხი მშვიდობიანი პროტესტისთვის იყო მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი, რამაც გამოიწვია პროვოკაცია და დაგვიმატა ახალი პოლიტიკური პატიმრები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა მშვიდობიანი აქციის გეგმა, თუმცა პროვოკაციებმა და ღალატმა გეგმები არია. ფავლენიშვილის თქმით, ამის შესახებ თავად 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში ჩართული პირები საუბრობენ.„არაერთხელ გვითქვამს, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა მშვიდობიანი აქციის გეგმები, როგორც საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ აქციის გამოცხადებასა და სხვა პროცესებში. თვითონ ისაუბრეს, რა პროვოკაციები მოაწყვეს, რამაც არია მათი მშვიდობიანი აქციის გეგმები. ამიტომ ამ თემაზე უფრო კომპეტენტურ ხალხს აქვს გაცემული პასუხი, ჩემი დამატება არ არის საჭირო, ისედაც ისაუბრეს ბატონმა პაატამ და სხვა ადამიანებმა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც მათ მიერ არ იყო გათვლილი და საქმე ჰქონდათ ღალატთან, რამაც არია მათი გეგმები, აქციის თავდაპირველი გეგმა ვერ აღსრულდა პროვოკაციული ჯგუფების გამო“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.ფავლენიშვილის თქმით, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორთა და მისი შეფასებაა, რომ პროვოკაცია უშიშროებამ მოაწყო.„ეს ადამიანები მისული იყვნენ მშვიდობიანი პროტესტისთვის. ორგანიზატორებიც ამბობდნენ, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც, მათი აზრით, მოაწყო უშიშროებამ. ჩემი აზრითაც, სხვას ვის უნდა მოეწყო? ამ პროვოკაციის მსხვერპლი გახდნენ ის ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანი მოტივაციით იყვნენ აქციაზე მისული. ეს ხალხი იმავე წარმატებით დადიოდა წლების მანძილზე აქციაზე და არასოდეს არ მიუღიათ მონაწილეობა ძალადობრივ ქმედებაში. ძალადობა რომ იყოს მათი გამოხატვის ერთადერთი ფორმა, მანამდეც იძალადებდნენ. მშვიდობიანი პროტესტისთვის იყვნენ მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი და ამან გამოიწვია შემდგომში ეს პროვოკაცია, რამაც, სამწუხაროდ, ახალი პოლიტიკური პატიმრები დაგვიმატა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ბოლო სიახლეები