საქართველოს განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება.
აქციაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ.
შეკრებილები აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე გამოცხადდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ნინო მატარაძე აცხადებს, რომ კვოტების განაწილების გადაწყვეტილება უნივერსიტეტის სრულფასოვანი ფუნქციონირების შეჩერებას ნიშნავს.
„ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება და ის ცვლილებები, რომლებიც გამოცხადდა მიუღებელია. ვიმეორებ, რომ არც ერთი ცვლილება უნივერსიტეტთან შეთანხმებული და განხილული წინასწარ არ ყოფილა. ეს კი საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს რეფორმა აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და განათლების ექსპერტების ჩართულობით არ მომზადებულა. ეს ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, რეალურად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულფასოვანი ფუნქციონირების შეჩერებას ნიშნავს. წარმოუდგენელია, ასე დამოუკიდებლად ცალკეული პროგრამების ისე განხორციელება, რომ არ გვქონდეს შესაძლებლობა მომიჯნავე დისციპლინებთან თანამშრომლობის, იმ კვლევითი თუ სხვა სასწავლო რესურსების გამოყენების, რომლებიც აქამდე გვქონდა. სწორედ ეს არის ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი უპირატესობა, რომ ინტერდისციპლინური და მულტიდისციპლინური კვლევის შესაძლებლობას იძლევა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა სამართლებრივი საშუალება გამოვიყენოთ. ვითხოვთ შეხვედრას და ვითხოვთ კითხვებზე პასუხებს. შესაბამისად, ვგეგმავთ გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ უნივერსიტეტის ავტონომიურობა დავიცვათ, რომელიც ახლა დიდი საფრთხის ქვეშაა. აკადემიური პერსონალის მნიშვნელოვანმა ნაწილმა გამოთქვა სურვილი, რომ საჭიროა შეხვედრა და იმ კითხვებზე გაგვცენ პასუხები, რომელზე პასუხებიც აქამდე არ მიგვიღია“, – აღნიშნა მატარაძემ.

