ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა მკაცრდება. პარლამენტი ანტინარკოტიკული რეფორმისთვის ემზადება. ცვლილებები ერთდროულად რამდენიმე კანონში შევა და ის შეეხება, როგორც რეალიზატორებს, ასევე მომხმარებლებს.
სასჯელები მკაცრდება ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის, მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო იქნება.
განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება, თუ პირს დაუდასტურდება მოხმარების ფაქტი ან ის თავს აარიდებს შემოწმებას, მას სამი წლით მართვის მოწმობას ჩამოართმევენ, ხუთი წლით კი საჯარო სამსახურში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლებას.
დაანონსებულ ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია, მმართველ გუნდში კი ე.წ. “ლიბერალური ნარკოპოლიტიკის’’ მძიმე შედეგებზე საუბრობენ.
”ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, გამკაცრების პოლიტიკა ნარკორეალიზაციის და მოხმარების პრობლემას ვერ აღმოფხვრის და საჭიროა პროფესიონალების გუნდთან ერთად შეიქმნას შესაბამისი ხედვა.
“მთავარი არის, რომ შემუშავდეს კვალიფიციური ხედვა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, რაც მოიცავს გამკაცრების ღონისძიებების ნარკორეალიზატორების და მათი მფარველების მიმართულებით. ასევე, სააფთიაქო ნარკომანიის აღმოფხვრა.
რაც შეეხება ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, მათ სჭირდებათ მზრუნველობა და პრევენცია. საჭიროა პირველადი პრევენციის მექანიზმების გაჩენა. ეს არის აუცილებლად პროფესიონალების გუნდთან ერთად შესაქმნელი ხედვა და არ არის საჭირო გამკაცრების პოლიტიკა. ეს გამკაცრების პოლიტიკა პრობლემას ვერ აღმოფხვრის”, – განაცხადა ლანა გალდავამ.