აშშ ირანს სავალალო შედეგებით ემუქრება, თუ რეგიონში განთავსებულ ამერიკულ ძალებს საფრთხე დაემუქრება. შესაბამისი განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, ამერიკელმა დიპლომატმა მაკკოი პიტმა გააკეთა. პიტმა მხარი დაუჭირა ისრაელის ქმედებებს და „თავდაცვისთვის აუცილებელ“ ზომად მოიხსენია.
„თითოეულ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს თავდაცვის უფლება, ისრაელი გამონაკლისი არ არის“, – განაცადა პიტმა.
მისივე თქმით, აშშ ინფორმირებული იყო ისრაელის თავდასხმების შესახებ წინასწარ, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ჩართული არ ყოფილა ამ დარტყმებში.
„ჩვენი აბსოლუტური, მთავარი პრიორიტეტი – რეგიონში ამერიკის მოქალაქეების, პერსონალისა და შეიარაღებული ძალების დაცვაა“, – აღნიშნა პიტმა.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ირანმა ამერიკული ძალები მიზნად არ უნდა ამოიღოს. „შედეგები ირანისთვის სავალალო იქნება“, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა გაერო-ში.