ორშაბათი, მარტი 31, 2025

გაერო უარყოფს ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინაში დროებითი მმართველობა ჩამოყალიბდეს

გაერო უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში დროებითი მმართველობა ჩამოყალიბდეს.

მოსკოვის ინიციატივას გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინას ლეგიტიმური მთავრობა ჰყავს, რომელსაც პატივი უნდა სცენ.

რუსეთის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინას არალეგიტიმური პრეზიდენტი ჰყავს და კიევში დროებითი გარდამავალი მთავრობა გაერო-ს ეგიდით უნდა ჩამოყალიბდეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ილია მეორე – სწორედ 31 მარტის რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს და საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა

გილოცავთ საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მისალოც ტექსტში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.როგორც ილია მეორე მისალოც ტექსტში აღნიშნავს, სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა.„34 წლის წინ, 31 მარტს, ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი (მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) და მოსახლოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთადერთ კითხვას – „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ – დადებითად უპასუხა. სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს, ჩვენი ერისა და, საერთოდ, საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა. გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და მონაპოვარს და, ასევე, ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს“, –  ნათქვამია ილია მეორეს მისალოც ტექსტში.

ლევან ხაბეიშვილი – მოვუწოდებ პატრიოტებს, თუნდაც დაგვჭირდეს ძალის გამოყენება, უნდა დავიცვათ ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია, ვიდრე ფიზიკურად არ დავიცავთ თავს, ვიქნებით სულ თავდაცვის რეჟიმში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პარტიებმა და ყველამ, ვისაც სახელმწიფოებრივად აზროვნება შეუძლია, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც „ქართული ოცნება“ იწყებს პროცედურას.ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ძალას დაუპირისპირონ ძალა და თუ საჭირო იქნება, ფიზიკურად დაიცვან ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია.„მამუკა მდინარაძემ დააანონსა, რომ უკვე ოფიციალურად იწყებს პროცედურას „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებაზე. თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს, ამასთან დაკავშირებით დააფიქსიროს პოზიცია. ეს არ ეხება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის ქვეყნის სახელმწიფოებრივი საკითხი. მდინარაძე აპირებს, სავარაუდოდ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში ჩაატაროს. „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს, ამ ქვეყნის პატრიოტებს, არაპარტიულებს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ, მოვუწოდებ, ფიზიკურად, იქნება ეს ბათუმში თუ სხვა ადგილას, სადაც ამ პროცესს დაიწყებენ, თუნდაც დაგვჭირდეს ძალის გამოყენება, აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია. მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების შესახებ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. მე, მაგალითად, პირდაპირი ეთერის მეშვეობით მოვუწოდებ ყველას, ვისაც სახელმწიფოებრივად აზროვნება შეუძლია, ვინც, მათ შორის, მზად არის, რომ ძალას დავუპირისპიროთ ძალა, გამომეხმაუროთ, უნდა შევგროვდეთ ძალიან ბევრი და მინდა, ვთხოვო ყველას, რომ ნიჰილიზმი, უიმედობა, ხელების ჩამოშვება, მაინც არაფერი გამოვა – არის რუსული პროპაგანდის ზეიმი. უნდა ვიცოდეთ, რომ ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა. მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს ისეთი ჯგუფები, რომლებიც არ მისცემს შესაძლებლობას ე.წ. ძალოვან უწყებებს, რომ ადამიანები მოიპარონ აქციიდან, შემდეგ გაიტაცონ და აწამონ. ვიდრე აქამდე არ მივალთ და არ გვეცოდინება, რომ ძალას დავუპირისპირებთ ძალას, მუდმივად ვიქნებით თავდაცვის პირობებში. უნდა გვესმოდეს, ძალას დავამარცხებთ ძალით. ვიდრე ფიზიკურად არ დავიცავთ თავს, ვიდრე ძალას, მარბიელებს და მწამებლებს პასუხს არ გავცემთ, ვიდრე ზუსტად იმავე მეთოდებით არ ვიმოქმედებთ, როგორც მოქმედებს რუსი ივანიშვილი, მანამდე ვიქნებით სულ თავდაცვის რეჟიმში. მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების თაობაზე გამოვიდნენ და ხმა ამოიღონ. ვინც არ იღებს ხმას, იგივე გახარიას პარტია, ჩემი წარმოდგენით, არის ბიძინა ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან დავითაშვილი – მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალისხმევას არ ზოგავს, რომ მაქსიმალურად მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პროგნოზით, 2025 წელი, შესაძლოა, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დასრულდეს. როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საკმაოდ მაღალი, 9.4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეს წელიც საკმაოდ დინამიკურად წარიმართება.„ჩვენ ეკონომიკური ზრდა 6%-ზე გვაქვს დაგეგმილი, თუმცა მიმდინარე წლის ორ თვეში საკმაოდ მაღალი ზრდა გვქონდა და აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინია, რომ, შესაძლოა, ეს წელი დაგეგმილზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდით დავამთავროთ. რა თქმა უნდა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალისხმევას არ ზოგავს, რათა მაქსიმალურად მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს და ამავე დროს ეკონომიკური ზრდა ინკლუზიურიც იყოს“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.საქსტატის მონაცემებით, იანვარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი – 11.1%, ხოლო თებერვალში 7.7% დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ გასულ თვის ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა აქტივობის ზრდამ არაერთ სექტორში. ამასთან, თებერვალში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 8.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლადდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 5,954 შეადგინა.„წელს, პირველ თვეში გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, თებერვალშიც საკმაოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა, მიუხედავად საბაზისო  მაჩვენებლისა. ასე რომ, ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე წელი საკმაოდ დინამიკური უნდა იყოს იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ბევრი პროექტი გვაქვს, რომლებიც წელს უნდა განხორციელდეს, 2025 წელს უნდა მოხდეს ძალიან ბევრი საინვესტიციო გადაწყვეტილების რეალიზებაც. ასევე, წელს გვაქვს ძალიან ბევრი ინიციატივა, მათ შორის ეკონომიკური ინიციატივები, რომლებიც მიმდინარეობს და თავის შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ვიქტორ ორბანი მარინ ლე პენს სოლიდარობას უცხადებს – „მე ვარ მარინი“

ვიქტორ ორბანი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის ევროკავშირის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დამნაშავედ ცნობას ეხმაურება და მარინ ლე პენს სოლიდარობას უცხადებს.„მე ვარ მარინი“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „იქსში“ საკუთარ გვერდზე.შეგახსენებთ, რომ სოლიდარობის ამგვარი ფორმით გამოცხადება უკავშირდება ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ 2015 წელს განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რა დროსაც სოციალურ ქსელში გავრცელდა კამპანია, რომლის მონაწილეებიც ჟურნალის რედაქციას სოლიდარობს უცხადებდნენ შემდეგი გზავნილით „მე ვარ შარლი“ (Je suis Charlie).ცნობისთვის, მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 

არ შეიძლება, პარტიად იწოდებოდეს გაერთიანება, რომელიც თავის ქვეყანას ინტენსიურად უტევს, რათა ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოვიდეს – გია ვოლსკი

არ შეიძლება, პარტიად იწოდებოდეს გაერთიანება, რომელიც თავის ქვეყანას ინტენსიურად უტევს, რათა ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოვიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, „ისინი წლების განმავლობაში ერთი და იმავე სცენარით და დაფინანსების წყაროთი მოქმედებენ, რასაც უკვე აღარც მალავენ“.„რასაკვირველია, ეს არანაირ პოლიტიკურ ბრძოლას არ ითვალისწინებს, მით უმეტეს, დემოკრატიის არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ამავე დროს, უნდა დასაბუთდეს, რომ ეს ქმედებები სწორედაც სცდება პოლიტიკური დისკუსიის, დაპირისპირების ჩარჩოებს და გაცილებით მწვავე ფორმატში გადადის, რომელსაც ნამდვილად არ ჰქვია პოლიტიკური კონკურენცია.ეს გეგმა მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი დაეცეს, რათა საბოტაჟის პროცესები განვითარდეს, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვიოს და დაპირისპირება, სისხლისღვრა მოსდევდეს. ეს აქვთ გამოცხადებული თავიანთ პროგრამაში. რასაკვირველია, ეს პოლიტიკური პარტია არ არის. ამასთან დაკავშირებით თავისთავად მაღალპროფესიონალური შეფასებები უნდა იყოს და საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ის ადგილია, სადაც ეს საკითხი უნდა შეფასდეს. რასაკვირველია, თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, არ შეიძლება, რომ ადამიანები სხვა სახელით და იმავე დღის წესრიგით შემოვიდნენ, რათა ქვეყნის წინააღმდეგ საკუთარი მიზნები განახორციელონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები