გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში „ღრმად შეშფოთებულია“ იმ განცხადებით, რომელიც მიანიშნებს, რომ მთელი ხალხი ან ცივილიზაცია შეიძლება, „პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების შედეგების“ წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.
მედიის ცნობით, გუტერეშის პრესსპიკერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელი არ უხსენებია.
„არ არსებობს სამხედრო მიზანი, რომელიც გაამართლებს საზოგადოების ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებას ან მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულ ტანჯვას“, – განაცხადა გუტერეშის პრესსპიკერმა.
როგორც სტეფან დუჟარიკმა აღნიშნა, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ლიდერებს კვლავ შეუძლიათ, „განადგურების ნაცვლად, დიალოგი აირჩიონ“. მისივე თქმით, მოლაპარაკებების სასარგებლოდ არჩევანი ახლავე უნდა გაკეთდეს.
გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განცხადებით, ანტონიუ გუტერეშის მოწოდებაა მშვიდობისკენ მიმავალი გზის მოსაძებნად დიპლომატიის გაძლიერება და ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნა.

