ბრისტოლში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოს საპატიო კონსული, დერეკ პიკაპი წარადგინა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, დერეკ პიკაპი მრავალი წელია ბრისტოლ-თბილისის დაძმობილების ასოციაციის თავმჯდომარე და თბილისის საპატიო მოქალაქეა. საგარეო უწყების ინფორმაციით, საპატიო საკონსულოს გახსნა ხელს შეუწყობს ორ ქალაქს შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას და ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას.
ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბერუჩაშვილი და საელჩოს დესპანი ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგნელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ელჩმა საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობების, ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა. ასევე, განიხილეს ქალაქებს შორის ბიზნეს-ეკონომიკური კავშირების განვითარების პერსპექტივები.