პუტინის მხრიდან ტყუილია მტკიცება, რომ უკრაინაში ინტერვენციისკენ უბიძგა ნატო-ს ექსპანსიონიზმმა, რადგან არასდროს ყოფილა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გასულ კვირას ბერგენის უნივერსიტეტში, ჰოლბერგის დებატების დროს განაცხადა.
„ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების მომავლის შესახებ ყველა დებატი მდგომარეობს იმაში, როგორ ვპასუხობთ ამ პირდაპირ კითხვას. კერძოდ, გვაქვს თუ არა გამბედაობა, უზრუნველვყოთ უკრაინის როგორც თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის გადარჩენა? ახლა, როდესაც ჩვენ აქ შეხვედრას ვმართავთ, უკრაინელები განაგრძობენ ბრძოლას და იღუპებიან, როგორც ჩვენ მათ მუდმივად ვეუბნებით, ჩვენი თავისუფლებისთვის, თუმცა არც ერთი დასავლელი ჯარისკაცი არ არის მზად, შეუერთდეს მათ ამ ბრძოლაში. ეს არის ქვეყანა, რომლის საზღვრებსაც ჩვენ ყველა ვაღიარებთ და რუსეთმაც აღიარა 1991 წელს, რომლის უსაფრთხოება ნომინალურად იყო გარანტირებული 1994 წელს და, რომელიც არცერთ ეტაპზე არ წარმოადგენდა საფრთხეს ვლადიმერ პუტინის რუსეთისთვის. მე ვესწრებოდი პრაქტიკულად ნატო-ს ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას 2016-დან 2022 წლამდე და არასდროს ყოფილა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი, რადგან ნებისმიერი მსგავსი შეთავაზება დაუყოვნებლივ გამოიწვევდა საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის და მრავალი სხვა სახელმწიფოს ვეტოს. და პუტინის მხრიდან საძაგელი ტყუილია იმის მტკიცება, რომ ინტერვენციისკენ უბიძგა ნატო-ს ექსპანსიონიზმმა მაშინ, როდესაც ის თავად არის ექსპანსიონისტი, რევანშისტი და ნეოიმპერიალისტი, რომელმაც დაისახა მიზნად უკრაინის დაპყრობა. მას ზარავს შედეგები, თუ უკრაინა აირჩევს გზას, რომელიც აშორებს მოსკოვს და მიჰყავს თავისუფალი, პლურალისტული, დემოკრატიული, დასავლეთ ევროპული იდენტობისკენ. სწორედ ეს სძულს მას, სწორედ ამის ეშინია და სწორედ ამიტომ შეიჭრა. მან ეს გააკეთა არა იმიტომ, რომ უკრაინა იყო დაცული ნატო-ს მიერ ან უკრაინა აპირებდა ნატო-ში გაწევრიანებას, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ის არ იყო დაცული ნატო-ს მიერ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

