
„ქალბატონ მეგის შემთხვევაში, ერთი რამ ვიცით, რომ მას ალერგიული ფონი არ ჰქონია. ყველა კითხვარში, რომელიც შევსებულია, ის აღნიშნავდა „არა“. ყველაფერზე იყო პასუხი, რომ მას ალერგიული ფონი არ ჰქონია. წინა წლების განმავლობაში, ის წარმატებით იკეთებდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას და ჩვენ ისიც კი ვნახეთ, თუ როგორი გულანთებული მოუწოდებდა ყველას, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაეკეთებინათ. მეგის შემთხვევაში, ერთი შეხედვით, ყველაფერი გაკეთდა და თითქოს, მას არაფერი დააკლდა. საბოლოო შეფასება კომისიამ უნდა დადოს. რეგულირების სააგენტო იმსჯელებს, ექსპერტებს დეტალურად განხილვის შესაძლებლობა გვექნება“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა. ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. ის გუშინვე, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.