ასაკოვანი ადამიანები უკეთესად იტანენ „ასტრაზენეკას“, ვიდრე „ფაიზერს“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
„გუშინდელ რეგისტრაციას ჩვენ ვუყურებდით და „ასტრაზენეკას“ მიმართაც გაიზარდა მოთხოვნა. მოსახლეობას უნდა განვუმარტოთ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა იმუნიტეტის გამოწვევის უნარითა და რეაქტიულობით, ანუ ორი-სამი დღე ახასიათებს ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, სისუსტე, რაც 55 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს ყველაზე ნაკლებად ახასიათებთ.
ასაკოვანი ადამიანები უკეთესად იტანენ „ასტრაზენეკას“, ვიდრე „ფაიზერს“. არ შეეშინდეთ. მე მოსახლეობას ვაწვდი სწორ ინფორმაციას. ჩვენ ახლა პრიორიტეტიზაცია გვაქვს, გახსნილია ჯგუფები 65 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებისთვის, ამიტომ მთავარი აქცენტი მათ უნდა გააკეთონ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.