პარასკევი, აპრილი 10, 2026

ბიძინა ივანიშვილი – ვიწყებთ წყალტუბოს აღორძინების პროექტს

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს აღორძინების პროექტს იწყებს. შესაბამისი განცხადება მან დღეს გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ქართველებს წინაპრებისგან უნიკალური ქვეყანა გვერგო – დიდი ისტორიით, მრავალსაუკუნოვანი კულტურით და საოცარი ბუნებით. ჩვენ ქვეყნაში მთას, ზღვას, მინერალურ წყლებს და ქვიშასაც კი, მაცოცხლებელი ენერგია აქვს. მაგრამ არსებობს სრულიად გამორჩეული ადგილები, რომლებსაც თავისი პოტენციალით უდიდესი მიზიდულობის შექმნა შეუძლია. სწორედ ასეთია წყალტუბო – უნიკალური სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ტურისტული პოტენციალით.

დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებში, პრაქტიკულად გავერანდა წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა. კურორტი, რომელიც 22 სანატორიუმითა და 9 ბალნეოლოგიური აბანოთი, ქმედით კონკურენციას უწევდა არამარტო რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მსგავს კურორტებს, დღეს მხოლოდ ერთი მოქმედი სასტუმროს და მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურის ამარაა დარჩენილი. კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში, სახელმწიფოს ჰქონდა მცდელობები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სტანდარტული მეთოდით მოეზიდა კერძო ინვესტიციები ტურისტული და სამკურნალო ბიზნესის განსავითარებლად, ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან განვითარების ერთიანი, კომპლექსური გეგმის და, რაც მთავარია, ამ გეგმის განხორციელების გარანტიის გარეშე, წერტილოვანი ინვესტიციების ჩადება ცალკე აღებულ ერთ სასტუმროში ან ბალნეოლოგიურ სპა-ცენტრში – მაღალი რისკის მატარებელი იყო და ბიზნესსაც არ გაემტყუნება, რომ არ გარისკა.

ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია – მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება.

პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება, სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია. საჭიროა მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი, რომელიც მდგრადობას შესძენს პროექტს და საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს სხვის კერძო ინვესტიციას.

ამის საუკეთესო მაგალითია აბასთუმანი, რომელიც ისეთივე უნიკალური საკურორტო ადგილია, როგორც წყალტუბო, მაგრამ წყალტუბოს მსგავსად, იქაც ათეული წლებია, სახელმწიფომ ვერ მიიზიდა ინვესტორები. თუმცა, როგორც კი გაჩნდა აბასთუმნის მასშტაბური განვითარების გეგმა და გარანტია, კერძო ბიზნესი დიდი მონდომებით ჩაერთო პროექტში. შედეგად, აბასთუმანში, ამჟამად მშენებარე მაღალი კლასის ექვსი სასტუმროდან, მე მხოლოდ ერთს – „პარაგრაფს“ ვაშენებ, ხოლო დანარჩენ ხუთს: „რუმსს“, „რედისონს“, „ქრაუნპლაზას“, „რედიქს ჯგუფის“ ორ სასტუმროს – სხვა ქართველი ბიზნესმენები აშენებენ, ისევე, როგორც საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმროს და ოთხასბინიან საცხოვრებელ აპარტამენტს. უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია. სახელმწიფოც, შესაძლებლობების ფარგლებში, ცდილობს არ ჩამორჩეს კერძო ინიციატივას – გაყავს გზები, აწესრიგებს წყლის და სხვა ინფრასტრუქტურას, დაწყებულია ობსერვატორიის რეაბილიტაცია და სულ მალე გვექნება მსოფლიო დონის ასტროფიზიკური სამეცნიერო ცენტრი. თუმცა, სახელმწიფოსაც სჭიდება თანადგომა და ვინაიდან, მაქვს საშუალება და სურვილი, ვცდილობ, შევუმსუბუქო მას ტვირთი და სამედიცინო თუ სხვა, საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობას და აღჭურვას, აბასთუმანში, პირადი სახსრებით ვახორციელებ.

მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ წყალტუბოს აქვს ყველა, და შესაძლოა, მეტი პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქად და ის აუცილებლად გახდება ასეთი.

მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.

ამავდროულად, საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს – მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.

ამ ნაბიჯით მსურს, ერთი მხრივ, მივცე სიმყარე ბიზნესს, რათა ის ნებისმიერ ეტაპზე შემოუერთდეს პროექტს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს მივცე სტიმული, გარანტირებული ინვესტიციის პირობებში, მაქსიმალურად განავითაროს ინფრასტრუქტურა.

წყალტუბოს განვითარების ხედვა და კონცეფცია, რომლითაც ვაპირებ ვიხელმძღვანელო, ეყრდნობა წამყვანი შვეიცარული საკონსულტაციო კომპანიის, „KohL&Partners“ მიერ შემუშავებულ გეგმას, რომლის ფარგლებში, წყალტუბოში დამატებით უნდა აშენდეს ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები. იმავდროულად, დაგეგმილია საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა პროფილურ სპეციალობებში ჩვენი თანამოქალაქეების გადასამზადებლად – რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს, რომელიც წყალტუბოში უახლოეს პერიოდში შეიქმნება, კვალიფიციური კადრები დასჭირდება და ჩვენ მათი მომზადება უნდა უზრუნველვყოთ.

უდავოა, წყალტუბოს განვითარებით სარგებელს მიიღებს არა მარტო იმერეთის რეგიონი, არამედ რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, ხოლო რაჭის ახალი გზის დასრულების შემდეგ, ეს კიდევ უფრო გაადვილებს ტურისტებისთვის მარშრუტების დაგეგმვას ამ მიმართულებით.

წყალტუბოს გარშემო მდებარეობს ჩვენი ისტორიულ-კულტურული და ტურისტული მარგალიტები: გელათი, მოწამეთა, კაცხის სვეტი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გეგმის ხორცშესხმის კვალდაკვალ, ტურისტული ნაკადები ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წლების განმავლობაში, ფონდი „ქართუ“ ეხმარება სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციაში, მაგრამ მთელი რეგიონის გამოცოცხლებას, მის ნახტომისებურ განვითარებას, მეტი ბიძგი სჭირდება, სწორედ ამ ბიძგის მიმცემი გახდება წყალტუბოს აღორძინების პროექტი.

წყალტუბოს სიახლოვეს, ქუთაისთან განთავსებულია ორი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, აეროპორტი, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის ჰაბის მშენებლობა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესისა და ტურისტების მოზიდვას.
დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან ერთად, წყალტუბოს სრულფასოვანი რეაბილიტაცია-განვითარება იმერეთის მხარეს გადააქცევს ჯანმრთელობის და ტურიზმის, ახალგაზრდობისა და განათლების მძლავრ, საერთაშორისო ცენტრად.

ჩემი გეგმის მიხედვით, წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენცია გაუწიოს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში.

სანატორიუმების რეაბილიტაცია, წყალტუბოში, მინიმუმ რვა ათას ადამიანს დაასაქმებს. მათი აღდგენის შედეგად, წელიწადში საშუალოდ ექვსასიდან რვაას ათასამდე ტურისტის მიღების შესაძლებლობა გვექნება, რომ არაფერი ვთქვათ იმ თანამდევ მცირე ბიზნესების განვითარებაზე, რაც მოყვება კურორტის აღდგენას.

წყალტუბოს განვითარება იქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის გარეშე წარმოუდგენელია. გარდა ამისა, რომ უკვე დაწყებულია სამუშაოები სანატორიუმებში მცხოვრები ოჯახების შესაბამისი, ღირსეული საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად, მათი ასევე გაუჩნდებათ დასაქმების ახალი წყარო და პერსპექტივა.

საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 – 20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას.

და ბოლოს, რატომ გამიჩნდა სურვილი და მოთხოვნილება, ასე საჯაროდ და დეტალურად მესაუბრა წყალტუბოს განვითარების პროექტზე? პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართულ ბიზნესს პირადად ჩემგან მოესმინა, რას ვგეგმავ და როგორი ფორმით ვთავაზობ მათ თანამშრომლობას. იმავდროულად, ვიცი, ამ საქმესაც გამოუჩნდებიან მძაფრი ოპონენტები. სამწუხაროდ, თეთრის შავად და შენების ნგრევად გამოცხადება, ჩვენს ქვეყანაში ბევრს დღემდე ეფექტურად გამოსდის, ამიტომ საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირება აუცილებლად ჩავთვალე. დარწმუნებული ვარ, ინფორმირებული საზოგადოება სწორ დასკვნებს გამოიტანს“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც ფეისბუქზე, პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხუნდაძე ოპოზიციაზე: კარგად იციან, რომ ხელისუფლებში მათი მოსვლის თეორიული შესაძლებლობა არის დესტრუქცია, აურზაური და ქვეყნის ომში ჩართვა

კარგად იციან, რომ ხელისუფლებში მათი მოსვლის თეორიული შესაძლებლობა არის დესტრუქცია, აურზაური და ქვეყნის ომში ჩართვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.მისივე თქმით, ოპოზიციური ალიანსი საკუთარ პერსპექტივას სწორედ აღნიშნულში ხედავს.„საქართველოს არ აქვს არც რესურსი და არც უფლება გლობალურ კონფლიქტებში მიიღოს მონაწილეობა. საქართველოს ჰქონდა ასეთი როლი მინიჭებული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში, მაგრამ საქართველოს ამ გეოპოლიტიკური ვითარებიდან, მისი მასშტაბიდან, მისი დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე არ აქვს არც რესურსი და არც უფლება მიიღოს მონაწილეობა გლობალურ კონფლიქტებში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე: კონფლიქტები არ ნელდება, საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო

კონფლიქტები არ ნელდება, საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.მისი თქმით, საქართველო წარმატებით უმკლავდება იმ დიდ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას.„ვხედავთ, რომ კონფლიქტები არ ნელდება. ძალიან დიდი შანსია, რომ კიდევ უფრო მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს და ასეთი შესაძლო რეალობის მომსწრე ვიყავით სულ რამდენიმე დღის წინ, პრაქტიკულად ზღვარზე იყო, რომ რეალურად ჩამოყალიბებულიყო მესამე მსოფლიო ბირთვულ ომად. ორი კვირით ეს პროცესი გადაიდო, მაგრამ რით გაგრძელდება?! არაპროგნოზირებადია ასეთ ვითარებაში მსოფლიო პოლიტიკა, მით უმეტეს ჩვენი რეგიონი.ამიტომ საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. იმიტომ, რომ დღეს თუ ერთი ქმედებაა მომგებიანი, შესაძლოა ხვალ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს ამას და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო.მშვიდობის ფასი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მაღალია, მით უმეტეს, როდესაც ორი კონფლიქტია და ერთ კონფლიქტთან გვაშორებს მხოლოდ შავი ზღვა - უკრაინას ვგულისხმობ და ახლო აღმოსავლეთთანაც მხოლოდ ერთი ქვეყანა.ამიერკავკასიაშიც საკმაოდ საყურადღებო ვითარებაა. ჩრდილოეთ მეზობელიც არის დიდ გლობალურ საომარ თამაშებში ჩართული და ასევე მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.მისი თქმით, საქართველო არის „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, ამიტომ მან აქცენტი უნდა გააკეთოს მშვიდობაზე, ეკონომიკაზე და ამით შეინარჩუნებს ამიერკავკასიაში დომინანტის ფუნქციას.

რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს

წითელი პარასკევი ქრისტიანებისთვის მთელი წლის მანძილზე ყველაზე მძიმე დღეა.სასულიერო პირების თქმით, ამ დღეს არ შეიძლება თავაშვებულობა, უქმად დროის ფლანგვა, გაბრაზება, გაღიზიანება. უაზროდ ფუსფუსი, სიმღერა და გართობა.უმჯობესია, საოჯახო საქმე გადადოთ. ეს დღე საუკეთესოა მარხვისა და ლოცვისთვის.ყველა საქმე უნდა შეასრულოთ იმის გააზრებით, რომ ამ დღეს ჯვარზე აცვეს და აწამეს იესო ქრისტე.რაც შეეხება ჭამას: გარდამოხსნამდე არ შეიძლება საერთოდ არაფრის მიღება. შემდეგ შეიძლება მცენარეული საკვების მიღება. არ შეიძლება ცხოველური საკვების მიღებაც, ხორცის, თევზის, კვერცხის და რძის პროდუქტების.ამ დღეს, ღვინის დალევაც აკრძალულია. წითელ პარასკევს იღებება კვერცხი.

მაცხოვრის აღდგომის ტაძარი იერუსალიმში მომლოცველებისთვის გაიხსნა – ბერძნული მედია

იერუსალიმში მდებარე მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გამო 40 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო, დღეს მომლოცველებისთვის გაიხსნა.ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.ისრაელის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ირანში საომარი მოქმედებების დასრულების გათვალისწინებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების ზურგის სარდლობამ ახალი მითითებები გამოსცა, რომელთა მიხედვით, იერუსალიმში მდებარე ყველა წმინდა ადგილი მნახველებისთვის გაიღება.მედიის ინფორმაციით, მომლოცველებისთვის გაიღება, როგორც მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, ისე ტაძრის მთა და გოდების კედელი.პოლიცია დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული. ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასეულობით პოლიციელი იერუსალიმში განლაგდება, რათა ძირითადი გზები და ძველი ქალაქი დაიცვას.

დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში სამხედრო მოქმედებების შემცირებისკენ მოუწოდა – „ვფიქრობ, ჩვენ უფრო თავშეკავებული უნდა ვიყოთ“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში სამხედრო მოქმედებების შემცირებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.ტრამპის თქმით, ცეცხლის მყიფე შეწყვეტის ფონზე ნეთანიაჰუს სთხოვა, ლიბანთან დაკავშირებით „უფრო თავშეკავებული“ ყოფილიყო.„მე ვესაუბრე ბიბის და ის ამას თავშეკავებულად გააკეთებს. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ცოტა უფრო თავშეკავებული უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ისრაელელები ლიბანში ოპერაციებს ამცირებენ.ამასთან, ტრამპმა ოპტიმიზმი გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმართ. მისი თქმით, ირანის ლიდერები კერძო საუბრებში უფრო მოქნილები ჩანან.„ისინი ბევრად უფრო გონივრულები არიან. თანხმდებიან ყველაფერზე, რაზეც უნდა დათანხმდნენ. გახსოვდეთ, ისინი დამარცხებულები არიან, მათ სამხედრო ძალა აღარ ჰყავთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები