ინდოეთის ოკეანეში ირანულ სამხედრო გემზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ შრი ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, შრი ლანკის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანული ფრეგატიდან, „ირის-დენადან“ განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ, 32 ადამიანი გადაარჩინეს.
ამასთან, საზღვაო ძალების ინფორმაციით, გემის დოკუმენტაციის თანახმად, ბორტზე სულ სავარაუდოდ, 180 ადამიანი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, თუ აღნიშნული მონაცემები სწორია, მაშინ ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად დაახლოებით, 68 ადამიანი ითვლება.
ცნობისთვის, შრი ლანკის თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებდნენ, თუ რომელი ქვეყნის წყალქვეშა ნავი დაესხა თავს ირანულ ხომალდს. აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი კი აცხადებს, რომ შრი ლანკის სანაპიროებთან ირანულ გემს ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა დაარტყა. მისი თქმით, ინდოეთის ოკეანეში მცურავ ირანულ ფრეგატზე თავდასხმა ტორპედოთი განხორციელდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წყალქვეშა ტორპედოს გამოყენების პირველი შემთხვევა იყო.

