პარასკევი, დეკემბერი 19, 2025

ბექა ძამაშვილი – წინა პლანზე წამოწეული იყო პოლიტიკური ფაქტორი, თითქოს ანაკლიის პორტის საქმე იყო პოლიტიზებული, თუმცა არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ არ ყოფილა არანაირი ჩარევა

პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე ბევრი კომენტარი გაკეთდა და დღეს უკვე მიზანშეწონილია, რომ საზოგადოებას უფრო ფართო სურათში დავანახოთ, რა იყო მოსარჩელეების ნამდვილი მიზანი და რა საფრთხეები აიცილა ამ გადაწყვეტილებით ჩვენმა ქვეყანამ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

ძამაშვილის თქმით, რეალურად, საქმეს ჰქონდა სამი დანიშნულება, სამართლებრივი, ეკონომიკურ-ფინანსური და პოლიტიკური.

„სწორედ სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტაზე იყო დამოკიდებული, რა რისკები და შედეგები მოჰყვებოდა ამას ფინანსურ-ეკონომიკურად და პოლიტიკურად ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვიხარია, რომ ამ დავის მოგებით ქვეყანამ თავიდან აიცილა ძალიან სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები. კერძოდ, საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ მოსარჩელეები საქართველოს ბიუჯეტიდან ითხოვდნენ მილიარდ-ნახევარი დოლარის ოდენობით კომპენსაციას. ეს იყო დაახლოებით 4 მილიარდი ლარი. წარმოიდგინეთ, ახლა ამას არ სჭირდება რაღაც განსაკუთრებული ეკონომიკური განათლება, ყველასთვის კარგად გასაგებია, რა შედეგი მოჰყვებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ფინანსური სექტორისთვის ამ დავის წაგებას. 4 მილიარდი ლარის მოთხოვნა კიდევ უფრო აბსურდულია იმ განცხადებების ფონზე, რაც გუშინ თავად მოსარჩელე მხარის მიერ გაკეთდა. ფაქტობრივად, მათ აღიარეს, რომ ინვესტიცია ჩადეს მხოლოდ 80 მილიონის ოდენობით. ესეც საკითხავია, რამდენად რეალურად ჩაიდო, მაგრამ მათ ვერსიასაც რომ დავეთანხმოთ, იყო 80 მილიონის ოდენობის ინვესტიცია, თუმცა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან და ჩვენი მოსახლეობისგან, გადასახადების გადამხდელებისგან ითხოვდნენ მილიარდ-ნახევარ დოლარს. რა შეიძლება, ამას დაერქვას? ან სახელმწიფოს და ხალხის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრების მცდელობა, ან სახელმწიფოს ეკონომიკურ-ფინანსური კოლაფსის მცდელობა, ან ორივე ერთად, თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენმა ქვეყანამ ეს რისკები აირიდა“, – აღნიშნა ძამაშვილმა.

მისივე თმით, ყველასთვის გასაგებია, რამხელა პოლიტიკური აჟიოტაჟი მოჰყვებოდა, ეს დავა სახელმწიფოს რომ წაეგო.

„სულ რაღაც ორ თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი არჩევნებამდე და რამხელა პოლიტიკური აჟიოტაჟი და ქაოსი შეიძლებოდა გამოეწვია თუნდაც მცირედით ამ საქმის წაგებას. ჩვენ არაერთი საქმე გვინახავს, როდესაც ხელოვნურად ხდება აჟიოტაჟის შექმნა თითქოს რაღაც პოლიტიკურ საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენმა სახელმწიფომ ყველა ჯერზე დაამტკიცა სიმართლე. ამ შემთხვევაშიც, უკვე პოლიტიკური კუთხით რომ შევაფასოთ ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა, ხელწერა იყო იგივე, როგორც ჩვენ ადრეც გვქონია.

მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში სხვადასხვა პოლიტიკოსის, ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან შეტანილ საჩივრებზე აბსოლუტურად ერთნაირი სცენარი იყო. ჯერ ქვეყნის შიგნით იქმნებოდა ვითომდა საზოგადოებრივი აზრი და ამაში ჩართული იყო არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი, მათ მიერ მართული ტელევიზიები, შიდა თუ გარე აქტორები და იქმნებოდა თითქოსდა აზრი, რომ ქვეყნის შიგნით რაღაც საქმეა პოლიტიზებული, მართლმსაჯულების სისტემა არ მუშაობს და იყო მცდელობა, რომ საერთაშორისო სასამართლოში ერთი საქმე მაინც მოეგოთ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ბუნებრივია, მათი ინტერესი არ იყო რაღაც უფლებების დაცვა ან სამართლებრივი საკითხის მოგვარება, ინტერესი იყო, შემდეგ აქედან მიეღოთ დიდი პოლიტიკური სარგებელი.

ანაკლიის საქმის შემთხვევაშიც იდენტური სცენარი იყო. მთლიანად წინა ხაზზე წამოწეული იყო პოლიტიკური ფაქტორი, თითქოს ეს იყო პოლიტიზებული საქმე, თუმცა აწ უკვე პარიზის არბიტრაჟმა გასცა ამ კითხვაზე პასუხი და დაადასტურა, რომ არანაირი პოლიტიკური ჩარევა არ ყოფილა არც მართლმსაჯულების სისტემაში, არც რაიმე გადაწყვეტილებაში და სწორედ მოსარჩელის ბრალეულობით მოხდა ამ ვალდებულების ვერშესრულება. საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო სასამართლოებში და საერთაშორისო არბიტრაჟებში ამდენი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ჩვენი მოლოდინია, რომ შეწყდება სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ ეს თამაშები, რათა როგორმე სადმე სახელმწიფომ წააგოს და მიიღოს სერიოზული პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური თუ სამართლებრივი ზიანი. იუსტიციის სამინისტრო აქამდეც იცავდა წარმატებით, კვალიფიციურად სახელმწიფოს ინტერესებს და მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას.

რაც შეეხება მათ განცხადებებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა რისკი ავიცილეთ. მართლა რომ რაღაცაში მოეგო მოსარჩელე მხარეს, სატელევიზიო სივრცეში ამბავი შეიქმნებოდა საქართველოს წინააღმდეგ. სრულად წააგეს სარჩელი და ახლა მოიგონეს ახალი ამბავი, თითქოს არცერთ მხარეს არ მოუგია საქმე. წარმოიდგინეთ, სახელმწიფოსგან ითხოვდნენ მილიარდ-ნახევრის ანაზღაურებას, დარღვევის დადგენას, არაფერი არ დაუკმაყოფილდათ და თითქოს არაფერი არ მოუგია არც სახელმწიფოს და არც მათ. ეს არის ნარატივი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამხელა გავლენა შეიძლებოდა მოეხდინათ სატელევიზიო სივრცეზე“, – აღნიშნა ძამაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის 650 ათასი დოლარის გადახდის დაკისრება კიდევ ერთი დასტურია, რომ სწორედ მათ წააგეს საქმე, სხვა შემთხვევაში საქართველოს დაეკისრებოდა ამ თანხის ანაზღაურების ვალდებულება.

„მათ ჯერ მიეცემათ შესაძლებლობა, საარბიტრაჟო პროცედურების შესაბამისად, საკუთარი ნებით გადაიხადონ ეს თანხა. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ ვალდებულებას, შემდეგ გაწერილია პროცედურები როგორც საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცედურებში, ასევე უკვე ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში, როგორ უნდა მოხდეს იძულების წესით გადახდა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ენბისი ნიუსი“ – დონალდ ტრამპი ვენესუელასთან ომს არ გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელასთან ომს არ გამორიცხავს, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა შესაძლებლობას, რომ ბოლოდროინდელმა ქმედებებმა შესაძლოა, ომი გამოიწვიოს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია.„მე ამას არ გამოვრიცხავ. ეს მოცემულობაზეა დამოკიდებული. ისინი იმდენად სულელები თუ არიან, რომ ნაოსნობა განაგრძონ, ჩვენს ერთ-ერთ ნავსადგურში დაბრუნდებიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, არის თუ არა მისი საბოლოო მიზანი ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გადაყენება.„მან ზუსტად იცის, რა მინდა. მან ეს ყველაზე უკეთ იცის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ცნობისთვის, 17 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელაში შემავალი და გამავალი ყველა სანქცირებული ნავთობტანკერის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა, რამაც ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე ზეწოლა გაზარდა. ამასთან, აშშ-მა ცოტა ხნის წინ ვენესუელას სანაპიროსთან ნავთობტანკერი დააკავა.

შემოსავლების სამსახური – 50 487კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“ და „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“,  სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, უფლებამოსილი პირების მიერ შეჩერებულ იქნა 50 487კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.„აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად, გამოვლინდა ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა და პროდუქციის მიკრობიოლოგიური დაბინძურება.საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის #463 დადგენილების შესაბამისად, პროდუქცია ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის ვიცე-პრემიერთან, სინიშ მალისთან ერთად ურბანული პროექტი Belgrade Waterfront დაათვალიერა

სერბეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, სინიშა მალიმ Belgrade Waterfront-ში უმასპინძლა.პროექტი მიხეილ ყაველაშვილმა მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად დაათვალიერა.Belgrade Waterfront-ი სამი მილიარდი დოლარის ღირებულების მონუმენტური ურბანული აღორძინების პროექტია, რომელიც ქმნის ახალი ქალაქის ცენტრს და ახალ საერთაშორისო დანიშნულების ადგილს. პროექტი სერბეთის მთავრობასა და კომპანია „იგლ ჰილს პროპერთის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც ორიენტირებულია ახალი საქალაქო ჰაბების შექმნაზე.საქართველოს დელეგაციის წევრები არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

1-ლი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან

2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. ახალი წლიდან ძალაში “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ის ნორმა შედის, რომლის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 200 ლარი იქნება, ხოლო შემდეგ ჯერზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.აღნიშნული კანონი 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

ბრიტანეთის მთავრობა – საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას

საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია, რომლის თარგმანსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.განცხადების თანახმად, ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ საქართველო შეძლებს საკუთარი ენერგოუსაფრთხოების დაცვას რუსულ ნავთობზე მზარდი დამოკიდებულების შემცირებით.„უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. გაერთიანებულმა სამეფომ, 24 სახელმწიფოსთან ერთად, ხელი მოაწერა კონვენციას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის შექმნას. ამ ახალი ხელშეკრულებთ უპრეცედენტო ნაბიჯი გადაიდგა, რათა საზარელი დანაშაულების ჩადენისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ხელშეკრულება იმედისმომცემია ყველა იმ ოჯახისა და ადამიანისთვის, რომლებიც აგრესიის შედეგად დაზარალდნენ. ეს მკაფიო გზავნილია პუტინისთვის, რომ აგრესია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა უპასუხოდ არ დარჩება. კონვენციის ხელმომწერთა შორის არის საქართველოც, რომელიც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში, გმობს რუსეთის აგრესიას და მოითხოვს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.ასევე, მიმდინარე კვირას გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა განცხადება გააკეთეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. სანქციების მთავარი სამიზნე რუსული ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებია, რომლებიც რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ომის საწარმოებლად.გაერთიანებულმა სამეფომ უკვე დააწესა სანქციები რუსეთის ოთხ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანიაზე. ამ კვირაში დამატებითი ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ რუსული ნავთობი ჩაიხსნას გლობალური ბაზრიდან და სანქციები დაუწესდათ კიდევ ოთხ ნავთობმწარმოებელს და მათ ქსელებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსული ნავთობით უკანონო ვაჭრობას.ამ დრომდე გაერთიანებული სამეფოს სანქციები მოიცავდა რუსული ნავთობის წარმოების 83%-ს. თუმცა,რუსეთის სიდიდით მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე უმსხვილესი ნავთობკომპანიების დასანქცირებით,ჩვენ ვუახლოვდებით დარჩენილ 17%-ს.მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად. “ჩრდილოვანი ფლოტი” არა მხოლოდ სანქციების გვერდის ავლას ცდილობს, არამედ უგულებელყოფს უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სტანდარტებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზღვაო უსაფრთხოებას.ვიმედოვნებთ, რომ საქართველო შეძლებს დაიცვას საკუთარი ენერგოუსაფრთხოება, რუსულ ნავთობზე მზარდი დამოკიდებულების შემცირებით, რომელიც 2022 წლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და ამით ხელს შეუწყობს რუსული ომის მანქანისთვის შემოსავლების შემცირებას. რუსეთი არ არის სანდო ენერგო პარტნიორი, ხოლო ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკურ მედეგობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები