მიხეილ სააკაშვილის სივრცე ქართულ პოლიტიკაში ამოწურულია, რაც მალე გაიგებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ევროპის დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტმა, გოტა ჭანტურიამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიხეილ სააკაშვილის ბანერის ტერიტორიიდან გატანა მოსთხოვა.
როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში უამრავი გამოწვევის ფონზე ოპოზიციაში რაღაც საკითხებზე შეიძლება დაპირისპირება იყოს.
„სამწუხაროა, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, რაც სახელმწიფოს არსებობისთვის მომავალში აქტუალურია თითოეული ადამიანისთვის, მიუხედავად „იმედის“ პროპაგანდისა, მიუხედავად ტყუილებისა, რასაც ხელისუფლება თავს ახვევს საზოგადოებას, უზარმაზარი სოციალური პრობლემები, უზარმაზარი მიგრაციული ნაკადი ქვეყნიდან, კორუფციის უზარმაზარი პრობლემები, ოპოზიციის შიგნით რაღაც საკითხებზე შეიძლება, ხდებოდეს დაპირისპირება. ერთი რამ ცხადია და ეს ბევრჯერ გვითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის სივრცე ქართულ პოლიტიკაში ამოწურულია. ქართველი ხალხი მას ამ სივრცეს აღარ მისცემს. რაც უფრო მალე გაიგებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, მით უმჯობესია. დღეს „ქართული ოცნების“ დამარცხების მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება მოგვიტანოს, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკაში სივრცის გაქრობამ. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, შიგნით რაღაც ბანერი აწიეს, ვიღაცას მოეწონა, ვიღაცას არ მოეწონა, ეს მათი შიდა საკითხია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.