ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის შვილმა, ბესარიონ ხარძიანმა საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში მის ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლასა და ქონების წართმევის შესახებ ისაუბრა.
ბესარიონ ხარძიანის თქმით, მამამისის ისტორია 2006 წლიდან იწყება, როდესაც მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა ბიზნესმენი დაიბარა და კუს ტბის სანაცვლოდ, ხუთი მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
ამასთან, ბესარიონ ხარძიანის განცხადებით, იმდროინდელმა ეკონომიკის სამინისტრომ წაართვა სასტუმრო.
„ბესო ხარძიანის ისტორია იწყება 2006 წლიდან, როდესაც ზურაბ ადეიშვილი, იმდროინდელი გენერალური პროკურორი იბარებდა ბიზნესმენებს. ბესარიონ ხარძიანი ზურაბ ადეიშვილის მეგობარი არ იყო და რა უნდოდა მის კაბინეტში, არ ვიცი, მაგრამ დაიბარეს. იქ ესწრებოდა რამდენიმე ადამიანი. პირდაპირ განუცხადეს – კუს ტბაზე რომ ზიხარ, უნდა გადაიხადო თანხა. მოგეხსენებათ, კუს ტბა ერთ-ერთი ბიზნესი იყო მამაჩემის. დაუსახელა თანხა, ხუთი მილიონი დოლარი. მამაჩემმა როდესაც გაიაზრა, რაშიც მდგომარეობდა საქმე, წამოვიდა და დაიწყო თანხების მოძიება, რათა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პრობლემები შეექმნებოდა. ეს თანხა გადაიხადა ინგლისური კომპანიის მეშვეობით. ამ კომპანიის სახელს ნამდვილად ვერ გავიხსენებ. მაშინ არსებობდა ასეთი კომპანია. იძულებული გახდა, კუს ტბა ჩაედო ამ კომპანიაში. თანხა ჩაარიცხინეს. ბოდიშს ვიხდი, რომ რაღაც თანხებზეც მიწევს საუბარი, კაცი აღარ არის ცოცხალი და სწორად გამიგეთ თქვენც და საზოგადოებამაც, უბრალოდ, ფაქტებია და უნდა ვთქვა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ბესარიონ ხარძიანს მიმართა: „თანხებისა და ქონების გამო აწამეს ეს ადამიანი, ამიტომ, რა თქმა უნდა, მოგიწევთ თანხებზე საუბარი“.
ბესარიონ ხარძიანის თქმით, მამამისი მხოლოდ ქონების გამო არ აწამეს, არამედ მათ „კარგი ადამიანები არ მოსწონდათ“.
„არა მარტო, კარგი კაცები, კარგი ადამიანები არ მოსწონდათ, არ უყვარდათ მათ. რა თქმა უნდა, თუ რამე იყო კიდევ ადამიანის უკან, კარგი კაცის უკან, ისინი იმასაც ართმევდნენ. უბრალოდ, ერთო რამ დაავიწყდათ, რომ ღირსებას ვერ ართმევენ ეგეთ კაცებს. ისიც დროებითიო იყო, რაც წაართვეს, რადგან ჩვენ ის დავიბრუნეთ და, მათდა სამწუხაროდ, ვერავინ ვერაფერი წაგვართვა. ამ თანხებიდან, ხუთი მილიონი დოლარიდან მილიონ ხუთასი ათას დოლარად აუქციონის წესით აყიდვინეს წნორში გაურკვეველი ავტოფარეხი. აუქციონზე მარტო თვითონ იჯდა. დაახლოებით იგივე წლებია, შეიძლება ცოტათი უფრო ადრეც და იმდროინდელმა ეკონომიკის სამინისტრომ წაგვართვა სასტუმრო „აფხაზეთი“. ის მდებარეობდა ვაჟაზე, სადაც დედაჩემს, ეკა ნონიკაშვილს ჰქონდა ქართული ცეკვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. ესეც დაგვინგრიეს. ხელოვნებასაც ეხებოდნენ, დედაჩემის ცეკვის სტუდიაც დაანგრიეს. ათი მესაკუთრე ჰყავდა, მათ შორის ბესო ხარძიანი. ერთ-ერთი დაიჭირეს და მძევლად ჰყავდათ. დანარჩენი ცხრა, მესაკუთრეები, მოწილეები იძულებული გახდნენ, ერთ ლარად ეჩუქებინათ სახელმწიფოსთვის. მამაჩემს ოთხი შვილი ჰყავდა და ეცინებოდა, ჩემს შვილებს ვაჩუქებო. ასეთი წესი იყო მაშინ, მათი სტილი ეს იყო“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.
ამასთან, ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით საუბრისას ბესარიონ ხარძიანმა აღნიშნა, რომ „ის იყო ამ რეჟიმის იდეოლოგი და მათი ტოპტვინი“.
„ბიზნესზე ზეწოლა იყო მისი იდეოლოგიის ქვეშ. მან მოიფიქრა. ბესარიონ ხარძიანისნაირი ბიზნესმენებისგან ავსებდნენ ბიუჯეტს“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.
მისი თქმით, ბიზნესმენების დარეკეტებას პირადად ხელმძღვანელობდა ზურაბ ადეიშვილი, პირადად ესწრებოდა შეხვედრას, როდესაც ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანს კონკრეტული ქონების დათმობასთან დაკავშირებით ულტიმატუმი წაუყენეს.
„ჯერ ერთი, გენერალური პროკურორი რომ თავის კაბინეტში დაგიბარებს და ამას გეტყვის, იმის იქით ვინღა უნდა დაგემუქროს. მოსატანი გაქვსო რომ გეტყვის, სხვა რა გზა იყო. ისეთ ბიზნესმენებს ირჩევდნენ, ვის უკანაც ფინანსები დგა. როდესაც ესენი ამოწურეს, ბოლოს როგორც ვიცი, მეთონეებთან, კონდიტრებთან მიდიოდნენ“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.