საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს (პორტუგალია) შორის თანამშრომლობა, კვლევითი შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, ახალ, უფრო პროდუქტიულ ეტაპზე გადავიდა. სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ეს ფაქტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია – მათ საშუალება ეძლევათ, კვლევები ჩაატარონ ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლაბორატორიებში, რაც კვლევების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია, – ამის შესახებ სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი აცხადებს.
უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, გაცვლითი პროგრამებით არაერთმა სტუდენტმა და მეცნიერ-მკვლევარმა ისარგებლა, ხოლო მეორე ეტაპი, რომელიც ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას გულისხმობს, ცოტა ხნის წინ დაიწყო.
ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტის, მარია დი ფატიმა კარვალიოს განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
მისი თქმით, სასურსათო ტექნოლოგია და მევენახეობა-მეღვინეობა, სხვა აგარარულ მიმართულებებთან ერთად ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრიორიტეტული სფეროებია.
„თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სასურსათო ტექნოლოგია და მევენახეობა-მეღვინეობაა, რომლებსაც ორივე უმაღლესი სკოლა სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგებად განიხილავს. იგეგმება ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, ლაბორატორიული პრაქტიკები, საველე ექსპედიციები, რაც ორივე მხარის პროფესიულ განვითარებასა და ცოდნის გაზიარებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს მარია დი ფატიმა კარვალიო.
სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლის მარიკა ზვიადაძის განცხადებით, ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან თანამშრომლობის გაფართოება სტრატეგიული მნიშვნელობის ინიციატივაა, რომლის მიზანიც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და უნივერსიტეტებს შორის აკადემიური სინერგიის გაღრმავებაა.
„ბეჟის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან პარტნიორობა, პირველ რიგში, ხელს უწყობს ინოვაციური იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას და ქმნის მდგრად პლატფორმას ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. ასეთი სახის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც ცოდნის გლობალიზაცია და მრავალდისციპლინური მიდგომები განიხილება როგორც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ხარისხიანი განათლებისა და მეცნიერების განვითარების პროცესში“, – განაცხადა მარიკა ზვიადაძემ.
სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბეჟის უნივერსიტეტს შორის კოლაბორაცია ეფექტიანად აკავშირებს განათლებასა და კვლევით პროცესს, რაც აისახება როგორც წარმატებულ გაცვლით პროგრამებში, ისე მევენახეობა-მეღვინეობისა და სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილ კვლევით პროექტებში.
ნინო ჩხარტიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე იმყოფებოდნენ.
„ჯიღაურას ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გენეტიკური რესურსების გაცვლისა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. დაიგეგმა პორტუგალიაში, ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე, ქართული ვაზის ჯიშებით საცდელი ვენახის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ვაზის პოპულარიზაციასა და გენეტიკური რესურსების საერთაშორისო დონეზე გავრცელებას. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ განსაკუთრებით ფასეულია მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულება, სადაც ორი ქვეყნის უნიკალური ტრადიციები და პრაქტიკული ცოდნა ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს თანამშრომლობა არსებითად გააძლიერებს ცოდნისა და ინოვაციების გაზიარების პროცესს. ამ მიმართულებით თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრატეგიულ სამეცნიერო პარტნიორთან – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობა განსაკუთრებით გააქტიურდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მონაწილეებმა უკვე წარმატებით განახორციელეს სწავლისა და პროფესიული განვითარების არაერთი ეტაპი. კერძოდ, ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა 6 აკადემიური და 4 ადმინისტრაციული თანამშრომელი, ასევე, 4 სტუდენტი, ხოლო საქართველოდან პორტუგალიაში, როგორც სასწავლო, ისე პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით, იმყოფებოდა 11 აკადემიური თანამშრომელი და 14 სტუდენტი. მიმდინარე პარტნიორობა ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინოვაციური ინიციატივებისათვის, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან სტუდენტები და აკადემიური პერსონალი“, – აცხადებს ნინო ჩხარტიშვილი.