დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანი შეიძლება, იძულებული გახდეს, კარგ შეთანხმებას დათანხმდეს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მე ახლახანს დავასრულე მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ვიზიტი ვაშინგტონში, რომლის დროსაც ვესაუბრე ჩვენს დიდ მეგობარს, პრეზიდენტ ტრამპს. ჩვენ გვაქვს მჭიდრო, გულწრფელი და ღია ურთიერთობა. მოლაპარაკებები რამდენიმე საკითხს შეეხო, მაგრამ ირანთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ირანელებმა უკვე გაიგეს, ვისთან აქვთ საქმე. ვფიქრობ, მის მიერ შექმნილმა პირობებმა, იმ ფაქტთან ერთად, რომ ისინი ნამდვილად ხვდებიან, რომ შეცდნენ, როდესაც შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, შეიძლება, კარგი შეთანხმების მიღწევის პირობები შექმნას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ სკეპტიკურად არის განწყობილი შეთანხმების მიმართ, თუმცა, აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებას, მისი ბალისტიკური რაკეტების შეზღუდვას და ირანის მოკავშირეებს.
„მას სურდა ჩემი აზრის მოსმენა. არ დაგიმალავთ, რომ ირანთან ნებისმიერი შეთანხმების ხარისხთან დაკავშირებით ზოგადი სკეპტიციზმი გამოვთქვი. მაგრამ ვთქვი, რომ თუ შეთანხმება მართლაც მიღწეული იქნება, ის უნდა მოიცავდეს იმ ელემენტებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პერსპექტივიდან, ისრაელის პერსპექტივიდან და მე მჯერა, არა მხოლოდ ისრაელის პერსპექტივიდან. საქმე მხოლოდ ბირთვულ საკითხს არ ეხება. ვიტყოდი, რომ ეს იყო საუბრის არსი, თუმცა, რა თქმა უნდა, საუბარი ასევე შეეხო ღაზას, მთელ რეგიონს და სხვა ზოგად საკითხებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, გუშინ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა თითქმის სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუსთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

