ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგსა და პარლამენტის სპიკერს, ამირ ოჰანას, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების 40-ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსანი, მეცნიერი და ბიზნესმენი მიმართავს.
ნეთანიაჰუს გათავისუფლების მოთხოვნაზე ხელმომწერთა შორის ისრაელის საგარეო და შიდა უსაფრთხოების სამსახურის ოთხი ყოფილი დირექტორი, ისრაელის თავდაცვის ძალების ორი ყოფილი მეთაური და სამი ნობელიანტია.
მოთხოვნის მიზეზად დასახელებულია, რომ ნეთანიაჰუ არის „ეგზისტენციალური“ საფრთხე ქვეყნისთვის.
„მიგვაჩნია, რომ ნეთანიაჰუს ეკისრება უმთავრესი პასუხისმგებლობა იმ გარემოებების შექმნისთვის, რამაც მიგვიყვანა 1 200-ზე მეტი ისრაელელისა და სხვების სასტიკ მკვლელობასთან, 4 500-ზე მეტის დაშავებასა და 230 პირის გატაცებასთან, რომლებიც ჯერ კიდევ „ჰამასის“ ტყვეობაში არიან“, – ნათქვამია წერილში.
წერილში ასევე წერია, რომ „მსხვერპლის სისხლი ნეთანიაჰუს ხელებზეა“.
„ირანის, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებმა, სწორად აღიქვეს ისრაელის სტაბილურობისთვის დესტაბილიზაციური და დამანგრეველი პროცესი, რომელსაც ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობდა და ისარგებლეს შესაძლებლობით, ზიანი მიეყენებინათ ისრაელის უსაფრთხოებისთვის“, – ვკითხულობთ წერილში.