პოლიტიკოსი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„წავიდა… ზეციურ საქართველოში…. ბაჩუკი ქარდავა. როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი…“,-წერს კატო შინდაგორიძე.
ბაჩუკი ქარდავა 1989 წლიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1990 წელს მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის საოლქო პროკურატურაში პროკურორის თანაშემწედ.
1991 წელს გახდა ედპ-ის თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას აპარატის უფროსი. 1993 წელს ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ-ის) დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1993-1994 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი.
1996 წელს გახდა ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრი და ედპ-ის გაზეთის „ქართული ქრონიკის“ რედაქტორი. 1999 წელს გახდა ედპ-ის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი, ხოლო 2002 წელს – გენერალური მდივანი და მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. 2003 წლის დეკემბრიდან არის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, რომელიც 2023 წელს დატოვა.