ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა. ადვოკატმა პაატა დიასამიძემ კი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. მან მიმართა სასამართლოს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო გამოეყენებინა.
„მე არ ვაფასებ ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხეს, ვინაიდან ამ საფრთხესთან მიმართებით მე ვიზიარებ დაცვის მხარის პოზიციას, რომ ამ კუთხით დაცვის მხარის მხრიდან რაც არგუმენტები იყო მითითებული, ნამდვილად ვერ საბუთდება ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხედ, თუმცა მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის საფრთხე, ასევე მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე. სასამართლომ დაადგინა, რომ დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა. ბრალდებულის, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნეს პატიმრობა. მზია ამაღლობელის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან. ბრალდებული მოთავსებული იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. წინასასამართლო სხდომა დაინიშნოს 2025 წლის 4 მარტს, 11:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში“, – განაცხადა მოსამართლემ.
მზია ამაღლობელს პროკურატურამ გუშინ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
სამართალდამცველებმა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით 12 იანვარს დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.