ხუთშაბათი, იანვარი 30, 2025

ბადრი ჯაფარიძე: “ქართული ოცნების” გამო, ჩვენი ქვეყანა სრულად იზოლირებულია და ცრუ დევიზის, ღირსებით ევროპისკენ ნაცვლად, “ოცნებამ” დააყენა რეალობა, კუდამოძუებული ევროპიდან

„ქართული ოცნების“ გამო, ჩვენი ქვეყანა სრულად იზოლირებულია და ცრუ დევიზის, ღირსებით ევროპისკენ ნაცვლად, „ოცნებამ“ დააყენა რეალობა, კუდამოძუებული ევროპიდან, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის ბრძოლას სამართლიანობისა და ევროპული მომავლისთვის.

„სტრასბურგში მიღებული იქნა ისტორიული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ. ევროპის საბჭო, რომელიც აერთიანებს 46 ქვეყანას და ამავდროულად, გაერთიანებული არიან შეერთებული შტატები კანადა და იაპონია. ასამბლეამ სრულად მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის ბრძოლას სამართლიანობისთვის, ევროპული მომავლისთვის, კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის საქართველოში. საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნების“ დელეგაციას შეეზღუდა უფლებამოსილება და ამავდროულად განისაზღვრა ის აუცილებელი პირობები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში. ეს პირობებია უპირველესად, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ამავდროულად, ყველა ძალადობრივი ფაქტის გამოძიება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეების განმავლობაში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. ამ რეზოლუციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, იმის ხაზგასასმელად, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ ხალხის ბრძოლას და ეს რეზოლუცია იქნა ერთხმად მიღებული.

ნაცვლად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ გაეთვალისწინებინა ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, „ოცნების“ დელეგაციამ განაცხადა, რომ მონაწილეობას აღარ მიიღებს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. ესაა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი რეალობა, როდესაც „ოცნების“ გამო სრულად იზოლირებულია ჩვენი ქვეყანა და ცრუ დევიზის, ღირსებით ევროპისკენ ნაცვლად, „ოცნებამ“ დააყენა რეალობა კუდამოძუებული ევროპიდან. ესაა რეალობა, რაც „ოცნებამ“ შექმნა საკუთარი ძალადობრივი პოლიტიკიდან გამომდინარე. ამავდროულად, ქართველი ხალხი მიიღებს იმ აუცილებელ მხარდაჭერას ყველა ცივილიზებული ქვეყნიდან, რომელიც უზრუნველყოფს ბრძოლის წარმატებით დასრულებას. ეს წარმატება სჭირდება საზოგადოების გამთლიანებას ჩვენს ქვეყანაში, მშვიდობის დამყარებასა და ქვეყნის ნორმალურ განვითარებას. სწორედ ამ მიზნით იქნა მიღებული ის უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, რომელსაც ერთად დაუჭირა მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

აფეთქება ახალციხეში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, „სმარტის“ შენობის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა, დაზიანებულია მაღაზიის ნაწილი. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობითვე, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო, სასწრაფო და პოლიციის ჯგუფები. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მოძრაობა შეიზღუდება – გაფრთხილება მძღოლებს

გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 30 იანვრის 23:00 სთ-დან 31 იანვრის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისი, ხოლო 31 იანვრის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

რა გარიგებას მოაწერა ხელი Kaspi.kz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ლომთაძემ

Kaspi.kz-სა და Hepsiburada-ს შორის შეთანხმება შედგა. Kaspi.kz თურქულ ელექტრონული კომერციის პლატფორმას Hepsiburada-ს შეიძენს. ინფორმაცია კომპანიამ AIX-ის ვებგვერდზე 29 იანვარს გამოაქვეყნა. „Kaspi.kz აცხადებს, რომ დასრულებულია D-Market Electronic Services & Trading-ის (Hepsiburada) 40,000,000 A კლასის აქციისა და 173,246,220 B კლასის აქციის შეძენის პროცესი. შესყიდვა განხორციელდა 2024 წლის 17 ოქტომბერს დადებული აქციების შესყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც Kaspi.kz-სა და Hepsiburada-ს დამფუძნებელს ჰანზადე დოგანს შორის გაფორმდა. აქციების გამყიდველ მხარეს ასევე წარმოადგენენ მაკონტროლებელი აქციონერი, Vuslat Dogan Sabanci, Begum Dogan Faralali, Arzuhan Dogan Yalçındag და Isil Dogan.“ - ნათქვამია fintech ჰოლდინგის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ Kaspi.kz-მა 2024 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ Hepsiburada-ს 65,41%-იან წილს 1,13 მილიარდ დოლარად შეისყიდიდა. თურქეთის მარეგულირებლების თანხმობის შემთხვევაში გარიგება 2025 წლის პირველი კვარტალის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, გადახდა განხორციელდება ორ ტრანშად: $600 მილიონი დახურვისთანავე და დარჩენილი $526.9 მილიონი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. 2024 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში თურქეთის ანტიმონოპოლიურმა ორგანომ დაამტკიცა Kaspi.kz-ის მიერ ელექტრონული კომერციის პლატფორმის Hepsiburada-ს შეძენა. Kaspi.kz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ლომთაძემ ადრე აღნიშნა, რომ Hepsiburada -ში წილის შეძენა სამიზნე ბაზარს 100 მილიონ ადამიანამდე გაზრდიდა. მოსალოდნელია, რომ ორივე კომპანია შეინარჩუნებს ბრენდებს და საოპერაციო სტრუქტურებს.

სახალხო დამცველის აპარატი მზია ამაღლობელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის უფლებების დაცვისა და მისთვის მიწოდებული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხს. დაკავების დღიდან, სახალხო დამცველმა და მისმა რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, მედიცინის დოქტორმა, შვიდჯერ მოინახულეს ჟურნალისტი. სახალხო დამცველის აპარატის ექიმი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა 27 იანვარს, რა დროსაც გაესაუბრა როგორც მზია ამაღლობელს, ისე დაწესებულების სამედიცინო პერსონალს და გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას. იმ დროისთვის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელი იყო. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს არასდროს ჰქონიათ და არ აქვთ უფლებამოსილება თავად ჩაატარონ სამედიცინო გამოკვლევები პენიტენციურ დაწესებულებებში. სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ მზია ამაღლობელს მიმდინარე კვირაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, რომლის შედეგები აპარატს უკვე გამოთხოვილი აქვს. სამედიცინო მასალებს კვლავ გაეცნობა და შეაფასებს აპარატში დასაქმებული ექიმი ასევე, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ ვიზიტს განახორციელებს. ის სამედიცინო მასალები, რომლებიც ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია, უკვე მიწოდებული აქვს მზია ამაღლობელის კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატს (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია). გარდა ამისა, მზია ამაღლობელის მდგომარეობისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მზია ამაღლობელის მხარე მუდმივ რეჟიმში იღებს, დისტანციურად თუ პირადი შეხვედრებისას. სახალხო დამცველის აპარატისთვის ასევე ცნობილია, რომ ადვოკატმა გამოითხოვა მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, რაც ჯერჯერობით არ მიუწოდებიათ. აპარატმა, ამ პროცესის დაჩქარების მიზნით, დაუყოვნებლივ, წერილობით მიმართა პენიტენციურ სამსახურს. აპარატი მიადევნებს თვალს, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან მასალების მიწოდება დაცვის მხარისთვის არ შეფერხდეს. სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებენ აქტიურ მონიტორინგს მზია ამაღლობელის უფლებების, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით; გაგრძელდება მასთან ვიზიტები და მისი სამედიცინო მასალების შესწავლა/შეფასება; ხოლო, საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით დამატებით ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში.

დიმიტრი ხუნდაძე: ევროსაბჭოს ასამბლეაში მიღებული რეზოლუცია საქართველოს დამორჩილებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის„ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ევროსაბჭოს ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მედიასთან აფასებს. „ყველა არგუმენტი იმისა თუ რატომ არ უნდა იქნას არჩევნები ლეგიტიმურად ცნობილი და ჩატარდეს ხელახლა, პრაქტიკულად არის მხოლოდ განაცხადი, რომ მათ ეს შედეგი არ მოსწონთ და ამიტომ სურთ არჩევნები თავიდან ჩატარდეს, იქნებ მათთვის სასურველმა ძალამ გაიმარჯვოს-“ განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერების ქმედებებითა და განცხადებებით ჩანს, რომ მათი სურვილი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებაა. მისი თქმით, ევროსაბჭოს ასამბლეამ ქართული დელეგაციის ლეგიტიმაცია აღიარა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას დრო დაუთქვა ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად, რის გამოც საქართველოს დელეგაციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მსგავს ურთიერთობებზე უარი თქვა. დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ევროსაბჭოში მსჯელობა საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით იყო. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ირჩევს ქართველი ხალხი და ეს გადაწყვეტილება საქართველოში მიიღება. „ის გადაწყვეტილება, რაც ევროსაბჭოს ასამბლეაში რეზოლუციის სახით იქნა მიღებული, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უარგუმენტო და უსაფუძვლოა. ვფიქრობ, ესეც არის საქართველოს დამორჩილებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპი და სწორედ ამიტომ, ყველა არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა იქნას არჩევნები ლეგიტიმურად ცნობილი და ჩატარდეს ხელახლა, პრაქტიკულად არის მხოლოდ განაცხადი, რომ მათ ეს შედეგი არ მოსწონთ და ამიტომ სურთ არჩევნები თავიდან ჩატარდეს, იქნებ მათთვის სასურველმა ძალამ გაიმარჯვოს. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს პროცესებიდან, მათი ინტერესი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებისკენაა მიმართული და ცდილობენ, რომ ეს ძალა ისევ მოიყვანონ ხელისუფლებაში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა გავიგოთ მოვლენები ისე, როგორც მოხდა. ევროსაბჭოდან საქართველო არ გამოსულა, ქვეყანა ისევ ევროსაბჭოს წევრია და ეს ურთიერთობები გაგრძელდება. ევროსაბჭოს პრეზიდენტი რამდენიმე ხნის წინ სტუმრობდა საქართველოს. მან გაბედა ეს სტუმრობა. ვგულისხმობ, რომ ამ პროცესების პარალელურად, მისი საქართველოში სტუმრობა ბევრ ლიდერს, ამ პროცესების ავტორებსა და შემოქმედებს არ მოეწონათ, მაგრამ მან გაბედა საქართველოში მოსვლა. ესეც, რა თქმა უნდა, ლეგიტიმაციის ერთ-ერთი დასტური იყო. პროცესები ისე წარიმართა, რომ საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოს ასამბლეაში მონაწილეობაზე უარი თქვა. აქაც, პრაქტიკულად, ასამბლეამ აღიარა ქართული საპარლამენტო ჯგუფის ლეგიტიმაცია, მაგრამ შემდეგ, დრო დაუთქვა ხელისუფლებას - თუ რამდენიმე თვეში არჩევნები არ ჩატარდება, ასამბლეა მხარს აღარ დაუჭერს საქართველოს წარმომადგენლებს. ამიტომ, სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენი დელეგაციის ლეგიტიმაცია იქნა ცნობილი, საქართველოს დელეგაციამ თავად თქვა უარი - ასეთ პირობადადებულ ურთიერთობაზე, ის თავად ამბობს უარს. რამეთუ, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ მშრალ ქაღალდზე მიღებული გადაწყვეტილება იყო, არამედ ქართველი ხალხის, სახელმწიფოსა და უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეურაცხყოფაა. ასევე, უმნიშვნელოვანესი იყო, ამ შემთხვევაში, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის აუცილებელი პირობა - საქართველოში ვინ იქნება ხელისუფლება ამას ქართული საზოგადოება წყვეტს. ეს გადაწყვეტილება მიიღება საქართველოში და არა სადღაც გარეთ, რა კავშირიც და რა სართულიც არ უნდა იყოს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, თუმცა ახალი აქ არაფერი არ მომხდარა,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ბოლო სიახლეები