„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ სამართლებრივად არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ მას პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტოს.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა იქნება და შესაბამისად იმოქმედებს.
„ანალოგიური სისულელე დღევანდელ სასამართლოსაც კი გაუჭირდება, მოძებნოს. მე ამას ვუწოდებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო მოსამართლემ. თავისთავად ეს გაგრძელებაა იმ პოლიტიკური დევნის, რომლის ობიექტებიც ვიყავით მე და მამუკა ხაზარაძე ბოლო 3 წლის განმავლობაში. დაველოდოთ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას. ნათელია, რომ სამართლებრივად არანაირი საფუძველი არ არსებობს. დაველოდოთ, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“.
ჩემი მანდატი თუ შეწყდება, ეს იქნება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა, ვიმოქმედებ შესაბამისად. წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება არ მინდა. სამი წელიწადია, მიმდინარეობს სასამართლო დევნა, ესეც ამ დევნის გაგრძელებაა. სამწუხაროდ, საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილებაც არის იგივე. დაველოდოთ, თვითონ სხდომაზე რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.