მმართველი გუნდი რაზეც საუბრობს, სინამდვილეში არის ის, რომ ანაკლიის კონსორციუმმა გადაიხადა არბიტრაჟის ხარჯი, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ ის მალავს, რამდენი ათეულობით ლარი გადაიხადა იურიდიული მომსახურებისთვის, ის თანხა საკმარისი იქნებოდა, რომ გაცემულიყო სახელმწიფო გარანტია და დღეს ანაკლია იქნებოდა მუშა პორტი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებას, რომ „იურიდიულად ხაზარაძე და ჯაფარიძე უკვე დაეთანხმნენ საერთაშორისო სასამართლოს შეფასებას და იმ მოცემულობას, რომ ანაკლიის პორტი მათივე ბრალეულობით ვერ აშენდა“.
„ეს არის მორიგი პროპაგანდისტული ტყუილი „ქართული ოცნების“ მხრიდან და მათ მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ ხდება ამის ტირაჟირება. ძირეულად ტყუილია ეს ინფორმაცია, რადგან კონსორციუმმა დიდი ხნის წინ დაფარა არბიტრაჟის ხარჯი. არანაირ მამუკა ხაზარაძეს არ გადაუხდია არანაირ ბიუჯეტში. კონსორციუმმა დაფარა არბიტრაჟის ის ხარჯი, რაც დაკისრებული იყო მოსაკრებლის სახით. სინამდვილეში, „ქართული ოცნება“ მალავს იმ უზარმაზარ თანხებს, რომელიც მათ გადაიხადეს დავებისთვის იურიდიულ კომპანიებში. შესყიდვების სააგენტოს მხრიდან მარტო სადაო საკითხების განსახილველად იურიდიული კომპანიებისთვის ორი წლის განმავლობაში გადახდილია 123 მილიონი ლარი. მათ შორის „white and case“ იურიდიულ კომპანიას, რომელსაც დავალებული ჰქონდა „ქართული ოცნების“ ინტერესების დაცვა, ხალხის ფულიდან გადაეხადა 70 მლნ ლარი 2024 წელს. ამიტომ, ამაზე უნდა ვისაუბროთ, როგორ იხარჯება ქართველი ხალხის ფული. ნაცვლად იმისა, რომ განიავებულიყო იურიდიულ ხარჯებზე, ამ ფულით, გარანტიით, შესაძლებელი იყო, დღეს ანაკლიის პორტი ყოფილიყო სრულად ფუნქციონირებადი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.